Batumelebi | გოგოს პოლიციელები დაწყევლას ედავებოდნენ, მოსამართლემ ის გაამართლა გოგოს პოლიციელები დაწყევლას ედავებოდნენ, მოსამართლემ ის გაამართლა – Batumelebi
RU | GE  

გოგოს პოლიციელები დაწყევლას ედავებოდნენ, მოსამართლემ ის გაამართლა

მერი მამუკაშვილი, რომელმაც ბათუმის ბულვარში პოლიციელები დაწყევლა, როცა ის პირბადის არქონის გამო დააჯარიმეს, მოსამართლე როინ კახიძემ გაამართლა.

„არ ველოდი, თუ ბათუმის სასამართლოში ასე მოხდებოდა. მოსამართლემ თქვა, რომ ეს გამოხატვის თავისუფლებაა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მერი მამუკაშვილმა. ის „გირჩის“ მხარდამჭერია და სასამართლო პროცესზე იურისტი ბადრი გრიგალაშვილი იცავდა.

პოლიციელებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მერი მამუკაშვილის წინააღმდეგ 15 მაისს შეადგინეს. პოლიციელების შეფასებით, მოქალაქემ მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაწყევლა. შემთხვევა ბათუმის ბულვარში მოხდა.

„ზღვაზე ვიყავით მე და ჩემი მეგობარი და როცა გადმოვდიოდით, წყალი უნდა გვეყიდა, პირბადე ხელში გვეჭირა და მანქანიდან დაგვიძახა პოლიციელმა, პირბადე არ გიკეთიათ, გაჯარიმებთ 20 ლარითო. გავბრაზდი. ვუთხარი, რომ გაფრთხილება საკმარისი იყო და რა საჭირო იყო ჯარიმა, როცა გაფრთხილებასაც გავითვალისწინებდი. დაახლოებით 40 წუთი დაგვაყოვნეს, ვიდრე ოქმს ადგენდნენ და ვუთხარი ისიც, რომ მათი მიზანი უსაფრთხოება კი არ არის მოქალაქეების, არამედ დაშინება.

შევყევით საუბარს და ვუთხარი, რომ უნამუსოები ხართ-მეთქი, სამარცხვინოები, სასაცილოები, ტერორისტები. ბოლოს ვუთხარი, ისეთ ცუდ დღეში ჩავარდით, როგორშიც ჩვენ გვაგდებთ-მეთქი. ეს მიიჩნიეს პოლიციელებმა ჩემგან წყევლად. მოსამართლემ ვერ გაიგო, რატომ იყო წყევლა ის, რაც ვთქვი,“ – აღნიშნა მერი მამუკაშვილმა „ბათუმელებთან“.

მერი მამუკაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც მოიცავს „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან/და მის მიმართ სხვა შეურაცხმყოფელ ქმედებას“.

თუკი მერის მოსამართლე სამართალდარღვევას დაუდგენდა, მას 2 ათასიდან 3 ათასამდე ლარით  დააჯარიმებდნენ. ეს მუხლი ითვალისწინებს 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობასაც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი