მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიამ „სასაფლაოების“ ყოფილ დირექტორთან სასამართლოში დავა წააგო

09.02.2016 • 1399
ბათუმის მერიამ „სასაფლაოების“ ყოფილ დირექტორთან სასამართლოში დავა წააგო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, 9 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

დავა ეხებოდა ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორის თანამდებობიდან ლაშა ბერძენიშვილის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გათავისუფლებას. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია მიუთითებდა, რომ აღნიშნულ ურთიერთობაზე ვრცელდებოდა მეწარმეთა შესახებ კანონი, რომლის თანახმად, დამფუძნებელს ჰქონდა ექსკლუზიური უფლება თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა დირექტორი რაიმე საფუძვლის მითითების გარეშე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოსაზრება და დაადგინა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების საკითხთან მიმართებით გამოიყენება საქართველოს შრომის კოდექსი. შესაბამისად, ლაშა ბერძენიშვილი შეიძლებოდა თანამდებობიდან გათავისუფლებულიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზე იქნებოდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლით განსაზღვრული რომელიმე საფუძველი, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ დაადგინა, რომ ლაშა ბერძენიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ და დაავალა ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას როგორც მისი თანამდებობაზე აღდგენა, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სრულად – ყოველთვიური შრომის ანაზღაურების დაანგარიშებით გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე.

ლაშა ბერძენიშვილის ინტერესებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტები იცავდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ლაშა ბერძენიშვილი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან, ამჯერად მერიის შიდა აუდიტის დასკვნის საფუძველზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: