Batumelebi | თიბისი კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა თიბისი კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა – Batumelebi
RU | GE  

თიბისი კაპიტალმა განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

თიბისი კაპიტალმა მაკრო-სექტორული მიმოხილვის წარდგენას უმასპინძლა. შეხვედრაზე, ბიზნესისა და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2021-2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით. მიმოხილვის შემდეგ, საჯარო და კერძო სექტორის წარმომაგდენლების მონაწილეობით, პანელური დისკუსია ჩატარდა. ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ პუბლიკაციის წარდგენისთვის ონლაინ რეჟიმში ედევნებინათ თვალი.

თიბისი კაპიტალის პროგნოზის მიხედვით, საქართველოს მშპ-ის ზრდა მოსალოდნელზე ძლიერია – რეალური ზრდა 2021 წელს დაახლოებით 10.5% იქნება, 2022 წელს კი – 6.5%.

კვლევის თანახმად, 2019 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 40% 2021 წელს აღდგება, 2022 წლის მაჩვენებელი კი 2019 წლის 90%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკის ზრდა მხოლოდ ნაწილობრივ არის განპირობებული ტურისტული შემოსავლების აღდგენით. ეკონომიკის აღდგენის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ვაქცინაციაა. საქართველოს ტურიზმის აღდგენისთვის მნიშვნელოვან ქვეყნებში ვაქცინაცია არათანაბრი ტემპით მიმდიარეობს – ისრაელში და ევროკავშირის ქვეყნებში პროცესი – სწრაფი, ახლო რეგიონის ქვეყნებში კი ნელი ტემპით. საქართველოში მოსახლეობის 5,6%-მა უკვე მიიღო ვაქცინის ერთი დოზა მაინც. 30%-ს კი გარკვეული ბუნებრივი იმუნიტეტი აქვს ვირუსის წინააღმდეგ.

ინფლაცია 2021 წლის ბოლოსთვის 7.4%-ს მიაღწევს, 2022 წლისთვის კი 3%-იან სამიზნე ნიშნულზე დაბალი იქნება. ინფლაციის შემცირებისა და ტურისტული შემოდინებების სრულად აღდგენის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შერბილებაა მოსალოდნელი. თიბისი კაპიტალი დოლარი/ლარის კურსს წლის ბოლოსთვის 3.0-3.3 ინტერვალში ვარაუდობს.

პუბლიკაციის სექტორული ნაწილის თანახმად, გლობალურად, აქციების ფასების მიხედვით, სექტორების უმეტესობა ზრდას განაგრძობს. კრიზისამდელ დონეს მხოლოდ ავიაციის, ნავთობისა და გაზის ინდუსტრიები ჩამორჩება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ თბილისში უძრავი ქონების გაყიდვების დინამიკის აღდგენისა და იჯარის შემოსავლიანობის გაუმჯობესების გათვალისწინებით, გაყიდვები კრიზისამდელ ნიშნულს 2021 წელს გადააჭარბებს.

შესამჩნევი გაუმჯობესება შეინიშნება დიდი სასტუმროების დატვირთულობაში. თუმცა, კვლავ დაბალი მაჩვენებელი რჩება მცირე და საშუალო სასტუმროებში.

„თიბისი კაპიტალის პუბლიკაციები ეკონომიკის აღდგენის დინამიკის შესახებ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის დამატებითი ინსტრუმენტია მდგომარეობის შესაფასებლად და საკუთარი საქმიანობის უკეთ დასაგეგმად. კრიზისული პერიოდის შემდეგ, ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – აღდგენის პერიოდი დადგა, სადაც ჩვენი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა. იმისთვის, რომ ეკონომიკის აღმავლობისა და გაუმჯობესების ეტაპს მომზადებულები შევხვდეთ, სექტორული და მაკრო მიმოხილვები თიბისი კაპიტალის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. თიპისი კაპიტალმა კრიზისულ ვითარებას პირველივე დღეებში უპასუხა და პირველები ვიყავით, ვინც ეკონომიკაზე COVID-19-ის გავლენის შესაფასებლად დისტანციური ვებინარი ჩაატარა. 1 წლის შემდეგ კი, რეგულაციებისა და უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით, ფიზიკურ სივრცეში კვლავ პირველებმა ვუმასპინძელთ ჩვენს პარტნიორებს“, – გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი კაპიტალის მიერ წარდგენილი პუბლიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: tbccapital.ge

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი