მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

რამდენი წიგნია და რა ცოტა ფული!

04.07.2021 • 2176
რამდენი წიგნია და რა ცოტა ფული!

რამდენი წიგნია და რა ცოტა ფული – ხო, ზუსტად ასე უნდა დამერქმია ამბისთვის, რომელსაც ჩემზე და წიგნებზე მოვყვებოდი. ფრენკ ზაპა ორიგინალ ციტატაში ამბობს, რამდენი წიგნია და რა ცოტა დროო. ახლა კი არის ცოტა დრო, მაგრამ როცა ბევრი დრო მქონდა, ფული თითქმის არ იყო წიგნების საყიდლად.

სახლში ერთადერთი თარო გვქონდა, რომელზეც რამდენიმე ფურცლებგაყვითლებული (ბათუმში ნესტის გამო წიგნის ფურცლები ისეც სწრაფად ყვითლდება და ძველი თუა, ხომ მით უმეტეს) წიგნი ელაგა. თარო მაღლა ეკიდა, ცოტა რომ წამოვიზარდე, ხელის აცეცებით ერთი წიგნი ჩამოვიღე – “ნუ მოკლავ ჯაფარას” პირველი გამოცემა იყო. ბუნდოვნად მახსოვს, რომ მთავარი გმირი ძალიან პატარა იყო, როცა უკვე დამოუკიდებლად კითხულობდა. მეც მომინდა ასეთი გმირი ვყოფილიყავი, დამოუკიდებელი მკითხველი.

ის შეხედულება, თუ რა და როგორი მინდოდა ვყოფილიყავი, ბევრჯერ შეიცვალა. საბოლოოდ ამის გამო ვერცერთი უნივერსიტეტი ვერ დავამთავრე. მაგრამ ამ დროს სულ ჩემს საყვარელ ფანტასტ მწერალზე ვფიქრობდი, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ ბიბლიოთეკას შეეკედლა, უამრავი წიგნი წაიკითხა და შემდეგ თვითონ გვიამბო შესანიშნავი ამბები მარსის, მარსელების, ქვიშით დაფარული პლანეტების და უამრავი ძალიან ადამიანური მომენტის შესახებ, რომელიც შეიძლებოდა ღია კოსმოსში გადაგვხდენოდა თავს.

სწორედ ბრედბერის “მარსის ქრონიკის” პიონერ ქართულ გამოცემაში გადავიხადე ბოლო 2 ₾ და 60 თეთრი, როცა სრულიად სხვა ქალაქში ვსწავლობდი და ვმუშაობდი ძალიან დაბალი ანაზღაურებით. შესვენებებზე კიდევ სტამბოლში მოგზაურობაზე ვოცნებობდი და მაშინ ჩემმა მეგობრებმა ფამუქის “სტამბოლი” მომიტანეს სამსახურში. დღემდე არ წავსულვარ სტამბოლში, მაგრამ ამ წიგნის გამოისობით შემიძლია ვთქვა, რომ იქაურობას ძალიან ქვედა შრეებზე ვიცნობ.

განუზომელია ჩემს ცხოვრებაში წიგნების როლი. ნამდვილად განუზომელი. რამეს თუ მივაღწიე ცხოვრებაში, თუ იმაზე კარგი ადამიანი გავხდი, ვიდრე წინა დღით ვიყავი, თუ გადამწყვეტ მომენტში რამე კარგისკენ გადავდგი ნაბიჯი, სულ წიგნებში წაკითხული ამბების შთაგონებით მოხდა. სულ ვფიქრობ, უფრო ღარიბი რომ ვყოფილიყავი, უფრო შორს რომ მეცხოვრა წიგნის მაღაზიიდან, ჩემს ქალაქში ბიბლიოთეკა რომ არ ყოფილიყო, პოლიტიკურ რეჟიმებს წიგნები რომ ბოლომდე დაეწვათ, მეყოფოდა კი განვლილი 24 წელი იმისთვის, რომ ამდენი ამბავი გამეგო? ამდენ კარგ ადამიანს შევხვედროდი? რა თქმა უნდა, არა.

ახლა კი ერთ ჩემს საყვარელ თამაშს შემოგთავაზებთ. წარმოიდგინეთ, რომ დროის მანქანა გყავთ. ნამდვილი მანქანა, ანუ კი არის წარმოსახვაში, მაგრამ მაინც ნამდვილია, ჰოდა, ამ მანქანაში შეგიძლიათ ჩაჯდეთ და საკუთარ თავს მიაკითხოთ, ისეთს როგორიც ბავშვობაში იყავით. რაიმეს წაღება რომ შეგეძლოთ, რას წაუღებდით თქვენს თავს?

სანამ მოიფიქრებთ, ჩემსას გეტყვით:

რამდენიმე ხნის წინ ასეთი “დროის მანქანით” მომიწია აჭარის ერთ ძნელად მისაგნებ სოფელში წასვლა, იქ ნამდვილად შევხვდი პატარა მარიამს. აი ზუსტად ეგ იყო, ბრედბერიზე ლაპარაკობდა ჩემსავით და ჰარი პოტერის წაკითხვა უნდოდა. მე კიდევ თან მხოლოდ 3 წიგნი მქონდა. ჰოდა, დავპირდი, რომ დანარჩენ 4 წიგნსაც წავუღებდი. ოღონდ ისაა, რომ ამ მანქანას კიდევ ბევრი სხვა წიგნიც სჭირდება. ჩვენ კი ფულის შეგროვება დავიწყეთ ჩვენი პატარა თავებისთვის, რომლებიც გაიზრდებიან, ისეთები, რომლებითაც აუცილებლად ვიამაყებდით ბავშვობაში.

მთელი ეს ამბავი ამ ბავშვების გამო მოვყევი. ჩემი თავის გამოც, რომელიც, თუ დროში მარადიულად მეორდება მოვლენები, ახლა სახლში დედას ყველაფერში ეხმარება, რომ წიგნისთვის ფული მოაგროვოს.

ბავშვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წიგნები. დარწმუნებული ვარ, ერთი ზედმეტი ლარი ყველას გვაქვს იმისთვის, რომ რაღაც ჯადოქრობაში დავხარჯოთ.

ჰოდა, დაე ასეც მოხდეს:

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: