მთავარი,სიახლეები

პრეზიდენტს იმ 6 ტაძარს ახსენებენ, რომლებსაც საპატრიარქო კათოლიკეებს არ უბრუნებს

24.06.2021 • 2531
პრეზიდენტს იმ 6 ტაძარს ახსენებენ, რომლებსაც საპატრიარქო კათოლიკეებს არ უბრუნებს

„საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდობის ცენტრმა“ ქვეყნის პრეზიდენტს 18 ივნისს მიმართა და ქართველი კათოლიკე ახალგაზრდების სახელით სალომე ზურაბიშვილს შეახსენა იმ „6 ტაძარის შესახებ, რომლებსაც საპატრიარქო დღემდე არ უბრუნებს კათოლიკეებს“. კათოლიკე ახალგაზრდების სახელით გავრცელებულ წერილში ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ პრეზიდენტს არასდროს გახსენებია ქვეყანაში მცხოვრები კათოლიკეები.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა წერილის ავტორებს და ჰკითხა,  გამოეხმაურა თუ არა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია მათ ღია მიმართვას. ახალგაზრდული ცენტრიდან გვაცნობეს რომ – არა.

პრეზიდენტისადმი „საქართველოს კათოლიკე ახალგაზრდობის ცენტრის“  მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ვხედავთ, თქვენი ვიზიტი ვატიკანში წარმატებული გამოდგა რომში მცხოვრები მართლმადიდებლებისთვის, თუმცა ჩვენთვის, საქართველოში მცხოვრები კათოლიკეებისთვის, უშედეგო და ცარიელი!

მაშინ, როცა ასეთი ზარ-ზეიმით აღნიშნეთ პაპის საჩუქარი, ნუთუ არ გაგახსენდათ ქართველი კათოლიკეების ის ექვსი ტაძარი, რომლებსაც საპატრიარქო დღემდე არ გვიბრუნებს, ნუთუ არ გაგახსენდათ ის, რომ თქვენი პრეზიდენტობის რამდენიმეწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ერთხელაც არ გაგხსენებივართ, როცა დიდი სიამაყით უცქერდით ვატიკანის არქივში დაცულ მასალებს საქართველოს შესახებ, მაშინ იქნებ გეფიქრათ, რას შეინახავენ 100 წლის შემდეგ, ალბათ იმას, რომ ჩვენ ქართველი კათოლიკეებს ისე გვექცევიან, თითქოს სტუმრები ვიყოთ ჩვენსავე სამშობლოში!

დიახ სტუმრები, უუფლებო სტუმრები, რომლებსაც არც ძველ ეკლესიებს უბრუნებენ, არც ახლის აშენების უფლებას აძლევენ, და არც იმას უკანონებენ, რაც მათია (აქ შევჩერდებით, ყველა პრობლემის ჩამოთვლას რამდენიმე სქელტომიანი ნაშრომი დასჭირდება)

ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენ, ქართველი კათოლიკეები, აი იმ დიდი წინაპრების შთამომავლები ვართ, რომელთა ღვაწლი თქვენთვის კარგადაა ცნობილი. იმედია, გახსოვთ ფალიაშვილი, ზუბალაშვილები, ოცხელები, მელიქიშვილი და სხვა მრავალნი.

პაპის საჩუქარი, რომელმაც ამხელა სიხარული გამოიწვია, თქვენთვის, ჩვენი მთავრობისთვის, ჩვენი საპატრიარქოსთვის, ვფიქრობთ მინიშნებაა. იმედს ვიტოვებთ, თქვენ მიხვდებით, რისი თქმა უნდოდა პაპს თქვენთვის!

პატივისცემით ქართველი კათოლიკე ახალგაზრდები“.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ოფიციალური ვიზიტით ვატიკანში 16 ივნისს გაემგზავრა. ის შეხვდა პაპ ფრანცისკეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: