სიახლეები

Google-ის ახალი ინსტრუმენტი პაციენტებს კანის პრობლემების ამოცნობაში დაეხმარება

24.06.2021
Google-ის ახალი ინსტრუმენტი პაციენტებს კანის პრობლემების ამოცნობაში დაეხმარება

ავტორი: მიდა მელაძე 

Google-მა შეიმუშავა ინსტრუმენტი, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს კანის, თმისა და ფრჩხილების მდგომარეობის შესაფასებლად ატვირთულ ფოტოებზე დაყრდნობით.

„დერმატოლოგიის დამხმარე ინსტრუმენტი“, როგორც მას მოიხსენიებენ, უკვე წლის ბოლოს ამოქმედდება საპილოტე რეჟიმში. აპლიკაციას შეუძლია აღმოაჩინოს კანის 288 დაავადება, მაგრამ ის არ გამოიყენება სამედიცინო დიაგნოსტირებისთვის და მკურნალობისთვის“ – ვკითხულობთ Google-ის ოფიციალურ ბლოგზე.

გარდა იმისა, რომ აპლიკაცია აკვირდება სურათებს, ის ასევე პაციენტებს პასუხობს რიგ შეკითხვებზე ონლაინრეჟიმში. აპლიკაცია ემყარება Google-ის მიერ შემუშავებულ აქამდე არსებულ ინსტრუმენტებს, თუმცა ამჟამად, არც ერთი ინსტრუმენტი არ არის დამტკიცებული, როგორც ადამიანის დიაგნოსტირების ალტერნატივა და ეს აპლიკაცია დერმატოლოგს ვერ შეცვლის.

აპლიკაციის ჩამოტვირთვის შემდეგ ტელეფონით უნდა გადაიღოთ კანის, ფრჩხილის ან თმის 3 ფოტო სხვადასხვა რაკურსით და უნდა უპასუხოთ კითხვებს სიმპტომების შესახებ. ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს ამ ინფორმაციას და გთავაზობთ შესაძლო დამთხვევების ჩამონათვალს. აპლიკაცია ითვალისწინებს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა კანის ტიპი და ფერი, ასაკი, სქესი და ა.შ.

აპლიკაციის შექმნას სამი წელი დასჭირდა, მომზადდა დიაგნოსტირებული მდგომარეობების 65000 ფოტოსურათის მონაცემთა ბაზაზე, და, ასევე მილიონობით სურათზე დაყრდნობით. Google-ის  ფოტოალბომები დიდ მასალას იძლევა კვლევისთვის. აქ ვხვდებით იმ  ადამიანების ფოტოებს, რომლებსაც საკუთარი კანის სიჯანსაღეში ეპარებათ ეჭვი. მეორე მხრივ, იტვირთება ჯანსაღი კანის ათასობით სურათი, ყველა ჩრდილსა და ტონალობაში.

Google აცხადებს, რომ მის საძიებო სისტემაში ყოველწლიურად 10 მილიარდჯერ იძებნება კანის, თმის და ფრჩხილების საკითხებზე ინფორმაცია.

პროფესორი ტიმ ანდერვუდი, საუთჰემპტონის უნივერსიტეტის კიბოს მეცნიერებათა ხელმძღვანელი, BBC-სთან ამბობს, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, როგორც ონკოლოგიაში, ასევე მედიცინის სხვა სფეროებში, ცნობებს იძლევა იმის შესახებ, თუ რა დიაგნოზი შეიძლება დაისვას და რა მკურნალობა უნდა გაეწიოს ადამიანს.

აპლიკაცია დაჯილდოვდა CE ნიშნით [მარკირება ევროკავშირში]  სამედიცინო ინსტრუმენტად გამოყენებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში.

Google-ის  ახალ ინსტრუმენტს ჯერ არ მიუღია აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA)  ნებართვა აშშ-ში გამოყენებისთვის, თუმცა მსგავსი მანქანური სწავლების ბრიტანული კომპანიის მიერ შექმნილი მოდელი FDA-მ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა ასისტენტად გამოსაყენებლად ფილტვის კიბოს დიაგნოსტირებისთვის.

როგორ გამოიყენებს საზოგადოება Google-ის ინსტრუმენტს, ეს სხვა საკითხია – ცნობილია, რომ ინტერნეტი არის ცრუ ინფორმაციის წყაროც, თუმცა ეს აპლიკაცია მიზნად ისახავს უსაფრთხოების პრიორიტეტულობას.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: