მთავარი,სიახლეები

ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე, ფარმაკოლოგი და მეღვინე – ქართველი სტუდენტები საფრანგეთში

23.06.2021 • 3409
ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე, ფარმაკოლოგი და მეღვინე – ქართველი სტუდენტები საფრანგეთში

საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობების თანადაფინანსებული პროგრამით წელს 14 სტუდენტი გაემგზავრება საფრანგეთის სხვადასხვა უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად. პროგრამით მათი სწავლის საფასური [5000 ევრო] და 10 თვის განმავლობაში ყოველთვიური სტიპენდია [770 ევრო] დაფინანსდება.

კონკურსით წელს 7 სტუდენტი შეირჩა, ისინი მაგისტრატურის პირველ საფეხურზე დაიწყებენ სწავლას საფრანგეთში. გასულ წელს ამავე კონკურსში გამარჯვებული 7 სტუდენტი გააგრძელებს უკვე მაგისტრატურის მეორე საფეხურზე სწავლას. ეს იმას ნიშნავს, რომ წელს საქართველოდან 14 სტუდენტი გაემგზავრება საფრანგეთში ამ პროგრამით სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.

ანა გვასალია, გურამ ქერეჭაშვილი და ხატია მერაბიშვილიც ამ 14 სტუდენტს შორის არიან. სამივე მაგისტრატურის პირველ საფეხურზე დაიწყებს წელს სწავლას შემოდგომიდან.

26 წლის ანა გვასალიამ აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი დაამთავრა საქართველოში, ევროპული ქვეყნების, ევრომასტერის პროგრამით მიიღეს მაგისტრატურის პირველ საფეხურზე საფრანგეთის, მონპელიეს უნივერსიტეტში.

ამ პროგრამით მაგისტრატურის პირველ წელს ანა მონპელიეში ისწავლის, მეორე წელს კი შეეძლება პორტუგალიის, გერმანიის, ესპანეთის ან იტალიის სხვადასხვა უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა – პროგრამის პარტნიორ უნივერსიტეტებში.

მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის საფასურსა და სტიპენდიას განათლების საერთაშორისო ცენტრი და კამპუს ფრანსეზი უფინანსებს.

ერთი თვით ერთი სასწავლო მოდულის გავლა ანას ბორდოს უნივერსიტეტშიც მოუწევს.

ანა გვასალია

„სამწუხაროდ, არ მაქვს ვენახი და ოჯახური წარმოების ისტორია. მაინტერესებს, ზოგადად, სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელისა და კვების ტექნოლოგიური ნაწილი.

ამ ინტერესებმა მიმიყვანეს აგრარულ უნივერსიტეტამდე.

სხვა ქვეყნებს ჩვენ ღვინის წარმოებისას რაოდენობით კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ ხარისხითა და კონცეფციით ნამდვილად შეგვიძლია ვიყოთ კონკურენტები სხვებისთვის.

გვაქვს სამეცნიერო კვლევები იმ თვალსაზრისით, რომ უძველესი ღვინის მწარმოებელი ქვეყანა ვართ, გვაქვს აღდგენითი კვლევები, თუმცა ბევრი სხვადასხვა რესურსი არ გვაქვს, თუნდაც ქვევრის ტექნოლოგიის საკვლევი, რაც ძალიან აქტუალურია საერთაშორისო ბაზარზე.

მაინტერესებს მეღვინეობის სამეცნიერო მიმართულება. მაგისტრატურა იქნება შესაძლებლობა, რომ კვლევის მეთოდები შევისწავლო. ყველა მეღვინისთვის მნიშვნელოვანია გამოცდილების მიღება სხვადასხვა ქვეყანაში, თუნდაც იმიტომ, რომ ღვინის თითოეულ ქვეყანას აქვს ის ტექნოლოგიური მიმართულებები, რაც სხვა ქვეყანას შეიძლება არ ჰქონდეს.

ყურძნის, ვენახის იმ ჯიშებთან, რასთანაც საქართველოში ვერ ვიმუშავებ – ვიმუშავებ საფრანგეთში ან პორტუგალიაში“, – ამბობს ანა გვასალია.

მისი თქმით, მეღვინისთვის ასევე უმნიშვნელოვანესია პრაქტიკული გამოცდილება, რასაც ის ფრანგული ღვინის ქარხნებსა და ვენახებში მიიღებს. მონპელიეს უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სამაგისტრო საფეხურზე ასეთი პრაქტიკაც გათვალისწინებულია სტუდენტებისთვის.

22 წლის ხატია პარიზის საკლეის უნივერსიტეტში ჩაირიცხა ფარმაკოლოგიის მიმართულებაზე. მისი სასწავლო პროგრამა წამლების შექმნასა და ჯანმრთელობის პროდუქტების წარმოებას შეეხება. ის ქიმიასა და ბიოტექნოლოგიის სხვადასხვა მიმართულებას შეისწავლის.

ხატიამ ბაკალავრიატის საფეხური სან დიეგოს უნივერსიტეტში დაამთავრა ბიოქიმიის განხრით, ახლაც მუშაობს ვეტერინარული წამლების მწარმოებელ ერთ-ერთ კომპანიაში, რამაც პრაქტიკული საქმიანობის საშუალება მისცა.

ხატია მერაბიშვილი

„როცა ფარმაკოლოგიას სწავლობ, ან წამლების ინდუსტრიული წარმოებით უნდა დაინტერესდე, ან კვლევებით. ჩემი მიზნები უფრო კვლევებს უკავშირდება. ვფიქრობ, ბიოტექნოლოგიურ ნაშრომებზე ვიმუშავებ სამომავლოდ, ჩემი შემდგომი ნაშრომი ცოცხალი ორგანიზმების რეცეპტორულ ორგანიზმებს შეეხება.

სამაგისტრო პროგრამა მომცემს შესაძლებლობას, გამოვკვეთო ჩემი შემდგომი მუშაობის უფრო კონკრეტული მიზნები“, – ამბობს ხატია.

გურამ ქერეჭაშვილიც წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. გურამმაც გრანტი განათლების საერთაშორისო ცენტრიდან და საფრანგეთის სახელმწიფოს დახმარებით მოიპოვა. მაგისტრატურაში სწავლა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე კარგ ტექნიკურ სასწავლებელში, პარიზის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში უნდა განაგრძოს. იმუშავებს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებსა და განვითარებაზე.

„მომავალი ძლიერი ან სუპერჭკვიანი ინტელექტისაა, სწორედ ხელოვნური ინტელექტის განვითარების ამ ეტაპზე მუშაობს ახლა მსოფლიო, როცა ერთ პროგრამას სხვადასხვა დავალების შესრულება შეეძლება, ადამიანის მსგავსად ან კიდევ უკეთესად.

პროგრამას, მაგალითად, შეუძლია დააგენერიროს ტექსტი სხვადასხვა მოვლენიდან ავტომატურად და სტატიის დამწერი შეიძლება აღარც იყოს საჭირო. როცა რაღაც მოხდება, ავტომატი შეიმუშავებს ტექსტს სხვადასხვა წყაროს შეჯერებით და მიაწოდებს მკითხველს ინფორმაციას.

აქტუალური მიმართულებაა თვითმავალი მანქანები, მათ შეუძლიათ მძღოლის გარეშე გადაადგილება. მაგრამ ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად ბევრი საფრთხისშემცველი გარემოც ჩნდება, ვდგებით ეთიკური პრობლემების წინაშე, ცოტა ხნის წინ ასეთი მანქანა დაეჯახა ველოსიპედისტს, შემთხვევა ფატალურად დასრულდა. გაურკვეველია, ვინ უნდა აიღოს ასეთ დროს პასუხისმგებლობა? ალგორითმის დამწერმა, მანქანის მწარმოებელმა თუ კომპანიამ, რომელიც ამუშავებს მანქანას?“ – ამბობს ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე გურამ ქერეჭაშვილი.

გურამ ქერეჭაშვილი

გურამი გვიამბობს ასევე, რომ აშშ-ში ხელოვნური ინტელექტი ეხმარებოდა სამართალდამცავებს გამოერკვიათ, ჩაიდენდა თუ არა დანაშაულს რომელიმე პატიმარი ხელახლა. ხელოვნური ინტელექტი წყვეტდა, გაეშვათ თუ არა ციხიდან, შეეწყალებინათ თუ არა მსჯავრდებული. ეს მეთოდი დიდი განხილვის საგნად იქცა, რადგან ფერადკანიანებს ხელოვნური ინტელექტი ხშირად მომავალში პოტენციურ დამნაშავეებად აღიქვამდა.

პროგრამის გადაწყვეტილებები მიკერძოებულად და დისკრიმინაციულად იქნა მიჩნეული.

„ხელოვნურ ინტელექტს ხანდახან black box-ს [შავ ყუთს] ეძახიან. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვიცით რის საფუძველზე იღებს ხოლმე გადაწყვეტილებას ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი, რას ეყრდნობა მისი დასკვნები. ახლა მიდის მუშაობა იმაზე, რომ ნათელი გახდეს პროგრამის მიერ გამოტანილი დასკვნების მოტივი და ახსნადი,  ნათელი გახდეს მისი მუშაობის პროცესი“, – ამბობს გურამ ქერეჭაშვილი.

სამაგისტრო საფეხურზე სასწავლებლად ის სექტემბრიდან გაემგზავრება საფრანგეთში.

საფრანგეთისა და საქართველოს მთავრობების ერთობლივი პროგრამა 2015 წლიდან მოქმედებს.

შემუშავებულია პრიორიტეტული მიმართულებები. ამ მიმართულებებზე ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასური და ყოველთვიური სტიპენდია უფინანსდებათ. პროგრამა კამპუს ფრანსის დახმარებით ხორციელდება, რომელიც საფრანგეთის უმაღლესი განათლების, საგარეო საქმეთა და ევროპის სამინისტროს ექვემდებარება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: