მთავარი,სიახლეები

რას ნატრობდნენ 1892 წელს ქედელები – „ივერიაში“ გამოქვეყნებული წერილი

18.06.2021 • 13913
რას ნატრობდნენ 1892 წელს ქედელები – „ივერიაში“ გამოქვეყნებული წერილი

1892 წლის აგვისტოში, როცა საქართველოში ქოლერის ეპიდემია მძვინვარებდა, 38 წლის ზაქარია ჭიჭინაძე ქედაში ჩავიდა.

ამ მოგზაურობიდან ერთი თვის შემდეგ მან გაზეთ „ივერიაში“ წერილი გამოაქვეყნა ქედის, როგორც მაშინ უწოდებდნენ – ქვედა აჭარის შესახებ.

ქვედა აჭარაში 72 სოფელია, „კაცი გაჰკვირდება ამათის ქართული ენითო“ – წერს და იქვე დასძენს:

„ეს ამდენი ქართველი ხალხი, ეს ამდენი სოფლები ჩვენგან სრულიად უყურადღებოდ არის დატოვებული და ამათთვის ცისა და დედამიწის მეტი პატრონი არავინ არ არის“. 

ზაქარია ჭიჭინაძემ აჭარის სოფლებში ქართულ ენაზე გამოცემული წიგნები და ბროშურები ჩაიტანა დასარიგებლად. პარასკევს, ჯუმა დღეს ჯამესთან მისულა და წიგნები მიუტანია.

„ივერიაში“ გამოქვეყნებული წერილი რამდენიმე წინადადებით აცოცხლებს 1892 წლის აგვისტოს პარასკევ დღეს ქედაში:

„პარასკევობით აქ პატარა იარმურკობა [ბაზრობა] იცის და 500-ზე მეტი სოფლის კაცი შემოდის, ყველა ქართულად მოლაპარაკე.

პარასკევ დღეს ჯამესთან მივედი, წიგნები მივიტანე. ხალხს ძრიელ გაეხარდა, ნამეტნავად ყმაწვილებს. ხალხში ბევრი აღმოჩნდა ქართულის წიგნის მცოდნე.

მარტო იმ დღეს ქედის ჯამეზედ და თვრამეტ სოფელში წაიღეს 1700 ეგზ. სხვა-და-სხვა წიგნი, სახელდობრ: ზვარს, ორცვას, მერისში, ზუზნაფელში, დოლოგანს, კაკაძეს, ალიქოღლის, წოიანის, კონტაურს, ვაიოს, საღორეთს, კვაშტას, მახუნცეთს, ბზუ-ბზუს, გულებს, ქვემო მახუნცეთსა და რამდენსამე სხვა სოფელში.

წიგნის წამღებნი უმეტესად მამასახლისები იყვნენ და ყველამ იცოდა ქართული კითხვა.

მაგალითად: ქედას ბეგის შარუაშიძეების ცხრა ძმათ ყველამ იციან ქართული კითხვა, ასევე ამათმა შვილებმა და ესენი სხვებსაც ასწავლიან; ასევე იციან ბეგებმა ბეჟანოღლებ-პირფარეშისძეთა და მრავალმა სხვამ.

ამათა სთქვეს: თქვენ შემდეგ ჰნახავთ აქ ქართული ანბანის მოფენასო“, – წერს ზაქარია ჭიჭინაძე.

ზაქარია ჭიჭინაძე

იგი განსაკუთრებით გაახარა იმან, რომ ქართულად წერა-კითხვა მუსლიმმა სასულიერო პირებმაც იცოდნენ:

„ამათ ძრიელ გაეხარდათ ქართულის წიგნების ნახვა, ნამეტნავად მუჰამედის ცხოვრება და ლოცვები. დღეის შემდეგ კარგად ვისწავლითო, რადგან წიგნები ვიშოვეთო. ეს მოლები არიან: მოლა სულეიმან ბერიძე, მოლა ჰუსეინ ჩიკოიძე, მოლა ალი დიასამიძე, მოლა აბდულ დიასამიძე, მოლა ჰასან ჩიპურტანიძე“.

„ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ იმაზეც, თუ როგორ ნატრობენ ქედაში სკოლის გახსნას და დარდობენ, იმედია უპატრონოდ არ დაგვტოვებენო.

„ამ  დღეებში ქედაში ლაპარაკი იყო და ყველამ დიდად ინატრა სასწავლებელი. თვით ბეგებმაც ინატრეს. ჩვენ ქართველების დიდი იმედი გვქონდაო და იმედია, რომ ეს ფუჭად არ ჩაგვივლის, ჩვენს მდგომარეობას ყურადღებას მოაქცევთ და ქედაში სკოლაში დაგვიარსებთო.

მთელის ქვედა აჭარის 72 სოფელი იხვეწება, რომ გვიპატრონეთ და სკოლა გაგვიმართეთო, სკოლას შეშას ჩვენ მივცემთო“.

ქედაში სკოლის საჭიროებაზე „ივერიაში“ 1892 წელს სხვა წერილიც გამოქვეყნდა, თუმცა სკოლა „ქვედა აჭარაში“, დაბა ქედაში მხოლოდ 11 წლის შემდეგ, 1903 წელს გაიხსნა.

_________

ციტატები ზაქარია ჭიჭინაძის „ივერიაში“ გამოქვეყნებული წერილიდან ქვეყნდება სტილის დაცვით. 

ფოტოზე: ბაზარში მიმავალი აჭარლები. ფოტოს ფრაგმენტი წიგნიდან „უცნობი ძველი აჭარა“. ფოტოს ნეგატივი დაცულია აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: