მთავარი,სიახლეები

ბათუმში 10 წლის ბიჭი დაშავდა, პარლამენტი კი პიროტექნიკაზე კანონის მისაღებად ისევ ვერ იცლის

07.09.2023
ბათუმში 10 წლის ბიჭი დაშავდა, პარლამენტი კი პიროტექნიკაზე კანონის მისაღებად ისევ ვერ იცლის

საქართველოს პარლამენტმა ვერ მოიცალა კანონპროექტისთვის, რომელიც პიროტექნიკის გამოყენებას დაარეგულირებს. ამ კუთხით მომზადებული კანონპროექტის განხილვა 2023 წლის აპრილში უნდა დაწყებულიყო.

ვიდრე პარლამენტს პიროტექნიკის პრობლემის მოგვარებისთვის არ სცალია, ბათუმში ამჯერად 10 წლის ბიჭს ხელში მაშხალა აუფეთქდა – დაშავებული ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

კანონპროექტი პიროტექნიკის მოხმარების კუთხით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს:

„წარმოდგენილი კანონპროექტით სამართალდარღვევად ცხადდება პიროტექნიკის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება. კანონპროექტის მიღების შემდეგ, პიროტექნიკის შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება დასაშვები იქნება მხოლოდ სამ შემთხვევაში, კერძოდ:

მთავრობის განკარგულების საფუძველზე, რათა აღმასრულებელ ორგანოს შესაძლებლობა ჰქონდეს განსაკუთრებულ შემთხვევაში, ერთჯერადად დაუშვას პიროტექნიკის გამოყენება. აგრეთვე, სრულად დაშვებული რჩება დაბალი საფრთხის შემცველი პიროტექნიკის გამოყენება. ამასთან, კვლავ შესაძლებელი იქნება პიროტექნიკის შემოტანა სხვა ქვეყანაში ტრანზიტის მიზნით.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის პროექტი, მასთან ერთად დაინიცირებულ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების პროექტთან ერთად ქმნის ჩარჩო რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, პირველ ჯერზე პიროტექნიკის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია ან/და გამოყენება იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, 1 წლის განმავლობაში სამართალდამრღვევის მიერ იგივე სამართალდარღვევისთვის შესაძლოა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა,“ – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის ინიციატორი პარლამენტის წევრები არმაზ ახვლედიანი და ანა ნაცვლიშვილი არიან. არმაზ ახვლედიანს ვკითხეთ, რატომ ვერ მოხერხდა ამ დრომდე პიროტექნიკის კუთხით არსებული კანონპროექტის საპარლამენტო განხილვა?

„მე და ანა ნაცვლიშვილი კოლეგებთან ერთად, მათ შორის, უმრავლესობიდან, აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე, ვხვდებით, რომ ეს არის გადაუდებელი თემა, პრობლემა, რომელიც დღეს კი არა, გუშინ უნდა ყოფილიყო მოგვარებული, იმიტომ, რომ მას ეწირება ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა ხშირად გამოუსწორებლად ზიანდება.

ამასთან ერთად, ეს ამბავი არის დიდი უკულტურობა, დიდი ქაჯობა. საქართველო ამისგან რაც შეიძლება სწრაფად უნდა გათავისუფლდეს და ვერც კი ვხდები, ვინ ან რა მოტივით შეიძლება იყოს ამ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგი.

იმედი მაქვს, რომ „ოცნება“ ახლა მაინც შეძლებს, გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები. დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემა ყველას ერთნაირად გვაწუხებს. ჩვენ დაველოდებით კიდევ მცირე ხანს და შემდეგ გადავდგამთ ძალიან კონკრეტულ ნაბიჯებს,“ – გვითხრა არმაზ ახვლედიანმა.

კანონპროექტის მიხედვით, პიროტექნიკის ნაკეთობის უკანონო შემოტანა, ფლობა, რეალიზაცია და მისი გამოყენება დაჯარიმდება 1000 ლარით ფიზიკური პირის შემთხვევაში, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 5 ათასი ლარით.

პიროტექნიკის გამოყენებაზე მკაცრი კონტროლის დაწესების მოთხოვნით  პეტიციით ბათუმის მე-16 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა „იდეატორმა“ აჭარის უმაღლეს საბჭოს გასული წლის ბოლოს მიმართა. აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ „ვინაიდან საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია შესაბამისი კანონპროექტი, აღნიშნული პეტიცია გადაიგზავნა პარლამენტსა და მთავრობაში გათვალისწინების მიზნით“.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ:

„2019 წელს საქართველოში შემოვიდა 6.305 ათასი ლარის ღირებულების პიროტექნიკა. პანდემიის პერიოდში მოცულობა შემცირდა, კერძოდ, 2020 წელს – 3.554 ათასი ლარის, ხოლო 2021 წელს 1.844 ათასი ლარის. თუ დავუშვებთ, რომ პიროტექნიკის იმპორტი დაუბრუნდება იმ მაჩვენებელს, რაც პანდემიამდე იყო, სახელმწიფო ბიუჯეტს დააკლდება შემოსავალი (იმპორტის გადასახადიდან) 961,779 ლარის ოდენობით, რადგანაც საქართველოში გამოყენებული პიროტექნიკა სრულად იმპორტულია.

დღეს მოქმედი რედაქციის მიხედვით, პიროტექნიკის უკანონო რეალიზაციაზე და გამოყენებაზე დადგენილია სახდელი ჯარიმის სახით. აღნიშნული ჯარიმებიდან შემოსავალი დააკლდება მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს, თუმცა კანონპროექტით დგინდება ახალი ჯარიმები პიროტექნიკური ნაკეთობის უკანონო შემოტანაზე, ფლობაზე, რეალიზაციასა ან/და გამოყენებაზე, რაც სამართალდარღვევების არსებობის შემთხვევაში გაზრდის მუნიციპალიტეტების შემოსავლებს,“ – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: