მთავარი,სიახლეები

რომელ ვაქცინებს გამოიყენებს საქართველო აცრისთვის – კორონავირუსი

20.05.2021
რომელ ვაქცინებს გამოიყენებს საქართველო აცრისთვის – კორონავირუსი

საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 19 მაისს ცვლილება შეიტანა „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“ და ის ფარმაცევტული პროდუქტები განსაზღვრა, რომლებსაც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრისთვის გამოიყენებს.

„იზოლაციისა და კარანტინის წესებს“ ახალი დადგენილებით შემდეგი პუნქტი დაემატა:

„საქართველოში Covid19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიზნებისთვის გამოიყენება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) საწინააღმდეგო, პროფილაქტიკური აცრისთვის განკუთვნილი ფარმაცევტული პროდუქტი, რომელსაც:

  • აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ან მის მიერ აღიარებული ნებისმიერი მკაცრი მარეგულირებელი ორგანოს (SRA) მიერ მინიჭებული გამოყენების (მათ შორის, გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია ან პრეკვალიფიკაცია;
  • ან რომელზეც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში წარდგენილია გამოყენების (მათ შორის,  გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაციის ან პრეკვალიფიკაციის განაცხადი, მისი დოსიე განხილვის სტადიაშია და ამასთან, უკვე მიღებული აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტების სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (SAGE) დადებითი დასკვნა;
  • ასევე აქვს არანაკლებ სხვა 20 ქვეყნის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მიერ მინიჭებული გამოყენების (მათ შორის, გადაუდებელი გამოყენების) ავტორიზაცია და, ამავდროულად, აღნიშნული ვაქცინით მსოფლიო მასშტაბით აცრილია ქვეყნის სამიზნე პოპულაციაზე 10-ჯერ მეტი პირი.“.

საქართველოში 21 მაისიდან შესაძლებელი იქნება „სინოვაკის“ აცრისთვის რეგისტრაცია, აცრა კი 24 მაისიდან დაიწყება. ჩინური წარმოების „სინოვაკს“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია ჯერჯერობით არ აქვს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: