ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

კავიანის ციხიდან დანდალოს ხიდამდე საფეხმავლო და ველობილიკს მოაწყობენ

19.05.2021
კავიანის ციხიდან დანდალოს ხიდამდე საფეხმავლო და ველობილიკს მოაწყობენ

შუახევისა [კლდისუბანი, კავიანი] და ქედის [დანდალო, ჯალაბაშვილები] მუნიციპალიტეტებში საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკი მოეწყობა. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტენდერი 300 ათასი ლარით გამოაცხადა.

ტენდერის პირობის მიხედვით, ბილიკის მშენებლობა, რომელიც ზღვის დონიდან 350-550 მ სიმაღლეებს შორის მოეწყობა, 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

პროექტი ითვალისწინებს ბილიკთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობასაც, კერძოდ, საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკისთვის მოაჯირების, ველოპარკინგისა და ავტოპარკინგის მოწყობას.

„კავიანის ბილიკი იწყება სოფლის ტერიტორიაზე, გაივლის ტყით დაფარულ მონაკვეთს და მთავრდება ისევ სოფლის ტერიტორიაზე. ბილიკზე ვხვდებით ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიულ ძეგლს – კავიანის ციხეს. ბილიკი გამოირჩევა თავისი რელიეფითა და სიმაღლეთა სხვაობებით, რაც დამატებით ღირებულებას სძენს ველოტურიზმით გატაცებული ვიზიტორებისათვის. შუახევის მონაკვეთი მეტ-ნაკლებად სწორ ტყის ნაწილს მიუყვება, სადაც მარტივი სირთულის ველობილიკი გვექნება, ხოლო ქედის მონაკვეთზე – კავიანის ციხიდან – დანდალოს ხიდის მიმართულებით დახრილობა დიდია, სადაც ინტეგრირებული საფეხმავლო-საველოსიპედე ბილიკი გამოირიცხა და საჭირო გახდა ალტერნატიული ველობილიკი, რომელიც იქნება სრულად იზოლირებული საფეხმავლო ბილიკისგან, სადაც გვექნება ტრამპლინები, წინაღობები და რაც მთავარია ე.წ „Down Hill“-ის ექსტრემალური დაშვების ბილიკი“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 10 ივნისს დაიწყება და 15 ივნისს დასრულდება. პროექტის განხორციელებისთვის გამოყენებული მასალა უნდა იყოს მკაცრი პირობებისადმი მდგრადი და მასალის ფერები უნდა შეესაბამებოდეს ლანდშაფტს.

 

ამავე თემაზე:

ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მოსაწყობად 865 ათასი ლარი დაიხარჯება

მთავარი ფოტო: თაღოვანი ხიდი დანდალოში, „ბათუმელების“ არქივიდან, ფოტო: მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: