მთავარი,სიახლეები

„მონაზვნები რეალურად მონები ხდებიან, გასაქცევი არსად აქვთ“ – ინტერვიუ თეოლოგთან

19.05.2021 • 3101
„მონაზვნები რეალურად მონები ხდებიან, გასაქცევი არსად აქვთ“ – ინტერვიუ თეოლოგთან

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირები, ერთი მხრივ, საეკლესიო კანონიკის მსუბუქი დარღვევის დროს უმკაცრესად სჯიან მათთვის არასასურველ სასულიერო პირებს, მეორე მხრივ, თვალს ხუჭავენ მძიმე დანაშაულზე, თუკი ამას მაღალი იერარქი სჩადის.

ამის საილუსტრაციოდ გამოდგება ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენები, სადაც მიტროპოლიტმა სტეფანემ 15 სასულიერო პირი და მრევლის ნაწილი დასაჯა. მიტროპოლიტი ამტკიცებს, რომ ის კანონიკურად მოქმედებდა.

კანონიკური სამართალი არ ვრცელდება მაშინ, როდესაც ეპისკოპოსი სჩადის დანაშაულს. მაგალითად, ვანისა და ბაღდათის ეპისკოპოსმა, მიტროპოლიტმა ანტონმა ჟურნალისტზე ხელი აღმართა. მიუხედავად იმისა, რომ სჯულის კანონით ეპისკოპოსი სასჯელს იმსახურებდა, ის არ დაუსჯიათ. როგორ განსჯის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, რით ხელმძღვანელობს და ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ამ თემაზე „ბათუმელები“ თეოლოგიის დოქტორს, მირიან გამრეკელაშვილს ესაუბრა:

ეკლესიის დაარსებისას მასში ჩადებული იყო ე.წ. ბაზისური დემოკრატიის მმართველობითი ფორმები. ეს ნიშნავს მოდელს, როდესაც საეკლესიო გადაწყვეტილებაში ჩართულია მრევლი – უშუალოდ ქრისტიანთა კრებული და სწორედ ის წარმოადგენს უმაღლეს ავტორიტეტს. გარკვეულ მომენტებში რადიკალური ნაბიჯისკენაც კი მიდიოდნენ – მაგალითად, ფლობდნენ საერთო ქონებას, რომელსაც თანაბრად იყოფდნენ და ა.შ. ამგვარი, ძირეული დემოკრატიულობის ნარჩენებს დღესაც ვხვდებით, ოღონდ მათ ხშირად მხოლოდ რიტუალური დანიშნულებაღა აქვთ.

მაგალითად, მღვდლის კურთხევისას სამჯერ წარმოითქმის სიტყვები: ღირსია, ღირსია, ღირსია. ადრეულ ქრისტიანულ თემში სამღვდელო კანდიდატს ჯერ წარუდგენდნენ კრებულს, შემდეგ, ცერემონიალისას იძახდნენ – „ღირსია“, აკეთებდნენ პაუზას, კიდევ „ღირსია“ – შეჩერება და „ღირსია“, მესამე გზის. ყოველ შეძახილზე მრევლს ასევე უნდა მიეგო – „ღირსია“. ერთ ადამიანს მაინც რომ დაეძახა „არ არის ღირსი“, უნდა შეჩერებულიყო ხელდასხმის პროცესი და მომხდარიყო მიზეზთა გამოკვლევა.

ამის საპირისპიროდ, როდესაც ეკლესია ანტიკურობიდან შუა საუკუნეების ეპოქაში შედიოდა, იქმნებოდა კანონთა კრებული – დიდი სჯულის კანონი, რომელშიც არსებობს ორი განზომილება: პირველი, ეს არის დოგმატური საკითხები და პრაქტიკული საკითხების მომწესრიგებელი კანონი. ხშირად სწორედ ეს ყოფითი კანონებია ურთიერთგამომრიცხავი, რადგან არიან ამოზრდილი ეპოქალური, გეოგრაფიული თუ კულტურული კონტექსტიდან. მათი მთლიანი სქემა არის ფეოდალური და საბოლოო არსი არის ის, რომ ეპისკოპოსი არის ღმერთის ნაცვალი დედამიწაზე, ის წყვეტს ყველაფერს. ხოლო დიდ გადაწყვეტილებებს ეპისკოპოსთა კოლეგია იღებს.

  • ჩვენს რეალობაში რომ გადმოვთარგმნოთ ეს, რა სურათს მივიღებთ?

რომ გადავთარგმნოთ ეს ყოველივე, თუ მე ვარ ბანდიტი კაცი, მოვახერხე, გავხდი ეპისკოპოსი, შემდეგ ვაკურთხე ჩემნაირი 40 ან 50, ჩვენ გადავწყვეტთ ყველაფერს. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მხრივ დიდი სჯულის კანონში, პირდაპირი ჩართულობის მხრივ მრევლისთვის ადგილი არ არის. ეს არის უდიდესი პრობლემა. შესაბამისად, კანონებით ხმალაობა შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს და პრაქტიკულ გამოსავლამდე არასოდეს მივიდეს.

რაც შეეხება 1995 წლის მართვა-გამგეობის დებულებას [საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ძირითადი კანონი], ეს დებულება არის არათუ ფეოდალური, არამედ საერთოდაც დიქტატორული.

თითქმის ყოველი მუხლის ბოლოს წერია – რომ ამ ყველაფერზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს პატრიარქი. შედეგად გვაქვს შემდეგი აბსურდი – მივდივართ პატრიარქთან, მას ვეუბნებით, რომ თქვენ ხართ ჰომოსექსუალი, შესაბამისად, თქვენი თავი დასაჯეთ, განკვეთეთ და წადით ხევში. ეს ხომ არარეალურია? ამ კანონების რახარუხის ნაცვლად ძალიან კარგი იქნებოდა, ჩვენს საზოგადოებას (იმიტომ, რომ საზოგადოებასა და მედიაში უკვე გამოვიდა ეს ხმა) დაეწყო გააზრება ზოგადად ქრისტიანული დამოკიდებულებისა სექსუალური უმცირესობების მიმართ. შესაბამისად, ჩვენ უნდა დავსვათ  შემდეგი კითხვა – ვთქვათ, არის პატრიარქი ჰომოსექსუალი? რა ხდება შემდეგ?

ქრისტიანული რელიგია კრძალავს ადამიანის ბოროტად გამოყენებას, მათ შორის, სასიყვარულო ურთიერთობებისთვისაც. პირდაპირ რომ ვთქვათ, ქრისტიანული ეთიკა კრძალავს ყოველგვარი გრძნობის გარეშე სექსს, მხოლოდ სიამოვნებისთვის, ცდუნებას – გამომყენებლურ შეტყუებას სექსუალურ ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში ითრგუნება ადამიანი, როგორც ღვთის ხატი და მსგავსი, შელახულია მისი ღირსება და ის აღქმულია როგორც ხორცის გროვა, რომლისგანაც შეიძლება მხოლოდ წამიერი სიამოვნება მიიღო.

ამას გარდა, იუდაურ-ქრისტიანული მორალი არის ძალიან ჰეტეროსექსუალური. აბრაამსა და ღმერთს შორის დადებული აღთქმის მიხედვით, მისადმი ერთგულების ჯილდოდ, უფალმა მამამთავარს გამრავლება აღუთქვა. ეს პუნქტი იუდაურ რჯულსა და ხსნის სწავლებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ნებისმიერი სექსუალური ურთიერთობა, რომელიც გამრავლებამდე არ მიდიოდა, არ იყო მოწონებული.

თუმცა სახარებაში იესოს მხრიდან კონკრეტულად ჰომოსექსუალობის შეფასება არ გვხვდება. რომ დავიყვანოთ ძირამდე ქრისტიანული სოციალური მორალი, თუ ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარს, სიყვარულზეა დაფუძნებული, იქ არავის აქვს უფლება ამაში შეიჭრას. იმიტომ, რომ ყველაზე დიდი სიყვარულის ნიჭია, გიყვარდეს ადამიანი ზუსტად ისეთი, როგორიც ის არის.

ამის მიღმა კი არსებობს პერვერსია, ძველქართულად გულაღრძნილება, ჟინს აყოლა და ნებისმიერი ადამიანის აღქმა ერთჯერადი სიამოვნებისთვის. საჭიროა ქრისტიანული სექსუალური ეთიკის გადააზრება. ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, სერიოზული ტრავმები გადავიტანეთ. ეს იყო საზოგადოება, სადაც სექსი არ იყო – საბჭოთა დროს, შემდეგ 90-იანები და რაც ყველაზე მთავარია, ახლახან, ეკლესიის მიერ ინიცირებული 2013 წლის 17 მაისი, რომლის შედეგებსაც დღემდე ვიმკით. სწორედ ამ მოვლენის ხარჯზე საქართველოში ამოიზარდნენ და გამოცოცხლდნენ ეს მაჯლაჯუნები, რომლებიც ჩოხებითა და კომბლებით დარბიან. ერთი მხრივ და მეორე მხრივ სრულიად რეპრესირებული საზოგადოება, ადამიანები, რომლებიც საქართველოდან გარბიან.

მე მათი ინტერვიუები მომისმენია, წამიკითხავს და ბევრ მათგანს ქვეყნის დატოვება მართლა არ უნდოდა. ბევრი მათგანი საერთოდ ნაციონალისტია – ხომ წარმოგიდგენიათ, რადიკალი პატრიოტია. საუბარი მაქვს სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებზე. ეს ადამიანები გარბიან იმიტომ, რომ ვიღაცა აძლევს თავს უფლებას მათ ცხოვრებაში ჩაერიოს. თუ გვინდა ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ ნორმალურ საზოგადოებაში, უნდა გადავლახოთ აი ეს, რომ სექსუალური, რელიგიური და პოლიტიკური ნიშნის გამო უფლება არ აქვთ ადამიანებს, სხვას თავში რაღაც ჩაარტყან.

  • სასულიერო პირები დებენ სხვადასხვა აღთქმას, რომლებსაც შემდეგ არღვევენ და ეს ხდება მათი გაკიცხვის მიზეზი. დარღვეული აღთქმების გამო ზოგი იღებს კანონიკურ სასჯელს, ზოგს კი შეიწყალებენ. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

მონაზვნობის შეზღუდვები არის ისტორიული გადმონაშთი, მეტი არაფერი. მონაზვნობის შესახებ ფორმები და ცნობები ჩვენამდე მოვიდა ძალიან დაგვიანებით. ძალიან ბევრი რაღაც იქიდან იყო ლიტერატურულად სტილიზებული და ლეგენდარული ხასიათის. სამ აღთქმას დებს ადამიანი, როდესაც ხდება მონაზონი ან ბერი.

პირველი – ეს არის სრული უპოვარობა. იცნობთ ვინმეს უპოვარს? მონაზვნობის მიღმაც კი თუ წარმოგიდგენიათ ვინმე დღევანდელ სამყაროში, არანაირ ქონებას რომ არ ფლობდეს.

ამის დამბალანსებელი არის მეორე პუნქტი – მონასტრის დაუტოვებლობა. ეს უპოვარება არის ერთადერთ შემთხვევაში შესაძლებელი, თუკი თქვენ, როგორც პიროვნება, ცხოვრობთ დიდ კრებულს შიგნით, რომელიც თქვენზე ზრუნავს დღენიადაგ.

მესამე არის ქალწულობის აღთქმა – სექსუალური ურთიერთობებისგან თავშეკავება.

ახლა სად არის ჩემი აზრით აცდენა: აცდენა არის დაფიცება და რაიმეს შეპირება ცხოვრების ბოლომდე აღსრულებისა, იმიტომ, რომ ადამიანი ასაკობრივ ეტაპებზე იცვლება: თქვენ იყავით სულ სხვა ადამიანი ათი წლის წინ, ოცი წლის წინ და იქნებით სულ სხვა ადამიანი 50 წლის შემდეგ. ჩვენ ვიცვლებით, ჩვენი დამოკიდებულებები იცვლება, ჩვენი ჰორმონალური, ბიოლოგიური დამოკიდებულება იცვლება.

თავდაპირველად ეკლესიაში იყო დროებითი აღთქმები. დღეს ეს არ არის – მიდის ახალგაზრდა ადამიანი მონასტერში, თავბრუეხვევა რელიგიური იდეებით, დებს ამ აღთქმებს და შემდეგ საკუთარი დაფიცების ტყვე ხდება. ეს მორჩილება გადადის კონკრეტული პიროვნების მონობაში –  იქნება ეს ეპისკოპოსი თუ წინამძღვარი. უპოვარობას, რა თქმა უნდა, ვერ ახერხებს იმიტომ, რომ არავისზე მონასტერი ასე არ ზრუნავს და ყველა იწყებს „ჩალიჩს“, ქონების დაგროვებას. ამიტომაც არსებობენ ჩვენში ბერები, რომლებიც ფლობენ ვენახებს, სასახლეებს და უძვირფასესი კლასის ავტომანქანებს.

რაც შეეხება სექსუალურ ქალწულობას, ესეც არის სრული აბსურდი, რადგან ბერმონაზვნობის გაგება ჩვენთან დაფუძნებულია სექსის, როგორც მოვლენის სრულ დემონიზაციაზე. თითქოს სექსი არის ერთჯერადი სიამოვნების წყარო. არადა, ეს, პირველ რიგში, არის ადამიანის შეცნობის გზა (ასეც ჰქვია ბიბლიაში) და თვითმანიფესტაციაც. გაშიშვლება ნიშნავს, რომ ადამიანის წინაშე არაფერი დასამალი აღარ გაქვს. რაც მთავარია, სექსი არის მიბმული საკუთარი სიცოცხლის გაგრძელების კვლავ გადაცემის ინსტიქტთან, რომელიც არის ყველაზე ძლიერი ადამიანში.

ახალგაზრდა, რომელიც ოდესღაც შევიდა მონასტერში, აუცილებლად დადგება ამ სამივე კრიზისის წინაშე. რა მოხდება ამ შემთხვევაში – მოუწევს ტყუილში ცხოვრება, დამალავს პირად ქონებას ან ვეღარ იქნება კონკრეტული პიროვნება და ყველაზე მთავარი, აუცილებლად მოუნდება ადამიანური ურთიერთობა. ჩაკეტილ სივრცეში შეიძლება ეს ურთიერთობა ერთმანეთში გაჩაღდეს, ან გარეთ და ა.შ. საქართველოში, ჩემი აზრით, ამ პრობლემების აღმოსაფხვრელი გზა ის არის, რომ ყველა – მონაზვნები და ბერები უნდა გათავისუფლდნენ სამუდამო აღთქმისაგან, უნდა გამოცხადდეს ერთგვარი საკრალური ამნისტია, რომლის შემდეგაც ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ უნდა გააგრძელოს გზა. საკუთარი ფიცის ტყვეობის ქვეშ ყოფნა არ არის ქრისტიანული.

მაგალითად, ჭყონდიდის პრობლემატიკის ერთი მცირე კომპონენტია ის, რომ ერთმანეთს ეძახიან იმ მეუფეს შვილი ჰყავს, ამ მეუფეს შვილი ჰყავს, შემდეგ ამაზე საეკლესო კანონებით იწყებენ მსჯელობას. ვფიქრობ, ვინმეს შვილი თუ ჰყავს, ამაზე კარგი არაფერია, რადგან სიცოცხლე თვითონ არის უმაღლესი ფასეულობა ქრისტიანული თვალსაზრისით. თუ მეუფემ გააჩინა შვილი, ამის გამო ბავშვის ან დედამისის, ან მამამისის ბულინგი არაფრით არ შეიძლება. ყველას ჰყავს ჩუმად ვიღაც. ერთი-ორს ჰყავს ღიად და ისინი ამისთვის მხოლოდ შესაქებნი არიან, ჩემი აზრით, რადგან პირველ ქრისტიანულ ეკლესიაში ცოლიანი ეპისკოპოსი ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

დანარჩენები ერთმანეთს ატყუებენ და მე ვსვამ კითხვას – ეს ვის სჭირდება? ღმერთს სჭირდება, ადამიანს სჭირდება თუ ვის? რატომ უნდა იყოს საწყალი მონაზონი გოგო თავის დადებული ფიცის ტყვე? მე არ მესმის.

ქალები უფრო რთულ მდგომარეობაში იმიტომ არიან, რომ ისინი, ფაქტობრივად, მეუფეებისა და წინამძღვრების მოხელე გოგოები ხდებიან. რეალურად კი მონები, იმიტომ, რომ გასაქცევი არსად აღარ აქვთ, უკან ვეღარ მოდიან. მორჩილება, რომელსაც ისინი ვითომდა ღვთის წინაშე დებენ, საბოლოო ჯამში ადგილობრივი იერარქების კერძი ხდება.

ამიტომ არის იქ პრობლემა. ჭყონდიდის მიტროპოლიტის, სტეფანეს დამოკიდებულებაც ასეთია – დედა სოსანა წავიდა თბილისში, ჩამოვიდა და არ შეუშვა [მონასტერში]. რატომ? იმიტომ, რომ ის მორჩილება, რომელიც მან ღმერთს აღუქვა, სტეფანეს ჰგონია, რომ მას აღუთქვეს.

  • თქვენ საუბრობთ მოდელზე, რა უნდა მოხდეს, როგორ უნდა იყოს, თუმცა ისეთ ინსტიტუციაში, როგორიც ეკლესიაა, მსგავსი ცვლილებები რთულად წარმოსადგენია…

ეკლესიის შიგნით არსებობს გარკვეული წესდება და ამ წესდების დაცვის გარეშე ეკლესია, როგორც ინსტიტუცია, სიმყარეს დაკარგავს. ამიტომაც ადამიანთა ნაწილი პატრიარქის პასუხისმგებლობის საკითხს სვამს და ამაში ისინი ასევე არიან მართლები.

თუმცა ადამიანების დიდი ნაწილი პატრიარქს, როგორც ღვთაებას, თავისი ნებით აღიქვამს. მათ ამას არავინ არ აძალებს. ეს არის ძალიან რთული კონსტრუქცია, რომლის ნიჭიც მას აღმოაჩნდა. ეს ადამიანი თავის თავზე მუშაობდა და ახლა ჩვენ გვინდა რაღაცა მოძველებული კანონებით ეს შევარყიოთ, მეორე მხრივ, არსებობს ტექნიკური პრობლემაც.

სინოდი და საპატრიარქო, როგორც ასეთი, საქართველოში არ არსებობენ. არსებობს მხოლოდ პატრიარქი. სინოდი, როგორც ინსტიტუცია, ფორმალურადაც არ არსებობს, რადგან სახეზე არ გვაქვს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც წარმოებაში მიიღებდა მრევლისა თუ თავად სამღვდელოების საჩივრებს, მოამზადებდა და სინოდზე სამსჯელოდ გაიტანდა.

რეალობაში ხდება შემდეგნაირად, პატრიარქი იტყვის – ზეგ ჩამოდით, სინოდია. ეპისკოპოსებიც ჩაჯდებიან თავიანთ დიდ ჯიპებში, გაექანებიან იქ, დასხდებიან. წინასწარ არავინ იცის რა საკითხებს განიხილავენ. კენჭისყრისას უმრავლესობა თავს დაუკატურებს, ხმას მისცემს პატრიარქის პოზიციას, ადგებიან და წამოვლენ. მე დარწმუნებული ვარ, სინოდის შიგნითაც პატრიარქის განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციაზე საუბარი დიდი ხანია არის. თუმცა, როგორც ჩანს, საზოგადოებას ამის პრობლემა არ აქვს.

გახსოვთ, როდესაც რაღაც პერფორმანსივით გააკეთეს, სამების ეზოში შეიკრიბნენ და იძახდნენ – გვიყვარხარ პატრიარქო! ესეც იყო ერთგვარი გამოხატულება – პატრიარქი ჰომოსექსულია, მერე რა? მას ეს ეპატიება. დაახლოებით ეს დამოკიდებულება აქვთ.

მეუფე პეტრეს ეგონა, რომ საზოგადოებას მის განცხადებაზე მძაფრი რეაქცია ექნებოდა და  ჩემი აზრით მოტყუვდა. მან განაცხადა, რომ პატრიარქი არის “პედარასტი“ და რომ ის იწყებს საქართველოს აპოკალიფსურ-ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, მაგრამ საზოგადოება მას არ აჰყვა.

თუმცა ეს ყოველივე არ ამართლებს იმას, რასაც ეპისკოპოსი სტეფანე ამბობს, რომ არ აინტერესებს. რომც გაარკვიოს, ამბობს, რომ ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

უბრალოდ დიდი უსამართლობაა ახალგაზრდებს თავში ურტყამდე აგურებს, მხოლოდ სხვაგვარი ჩაცმულობის გამო, ამასობაში კი საკუთარ იერარქიაში ამგვარივე იდენტობის მქონე ადამიანებს ტაშს უკრავდე, ქედს უხრიდე და უსიტყვოდ ემსახურებოდე. აი, ეს არის სწორედ უსამართლობა. მაშინ უნდა ითქვას, რომ 17 მაისი იყო შეცდომა და ადამიანი ნებისმიერი იდენტობით არის მისაღები.

ამავე თემაზე:

გადაბეჭდვის წესი


ასევე: