მთავარი,სიახლეები

აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში მიწის ნაკვეთი 10 წლით გაასხვისა

06.07.2023 • 1808
აჭარის მთავრობამ ბათუმის ბულვარში მიწის ნაკვეთი 10 წლით გაასხვისა

აჭარის მთავრობამ ბათუმის ახალ ბულვარში, ამფითეატრის მიმდებარედ არსებულ სკვერში, 277 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საიჯარო წესით, 10 წლის ვადით გაასხვისა.

აუქციონის პირობის მიხედვით, გამარჯვებულს უფლება აქვს აქ  განათავსოს „კაფე-ბარის ტიპის საზოგადოებრივი დანიშნულების კვების ობიექტი, ბათუმის ბულვარის განაშენიანების გენერალური გეგმის შესაბამისად.“

ქონება აუქციონზე ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ გაიტანა [ბულვარის ადმინისტრაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია]

მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი 24 000 ლარი იყო, ბიჯი 720 ლარი და ის მაღალი კონკურენციის პირობებში 98 000 ლარად გასხვისდა [ეს წლიური საიჯარო ფასია].

ახალი ბულვარის ამფითეატრის მიმდებარედ იჯარით გასხვისებული ნაკვეთი მონიშნულია წითელი ფერით

აუქციონის პირობების მიხედვით მოიჯარე ვალდებულია, სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს 18 თვის ვადაში არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს, რაც შემდგომში დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნით დადასტურდება.

აუქციონით გათვალისწინებული პირობა მოიჯარეს ასევე ავალდებულებს სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად.

გასხვისებული ნაკვეთის მიმდებარედ შპს „რეკან გრუპ ჯორჯია“ მრავალფუნქციურ ობიექტს აშენებს:

აუქციონის პირობის მიხედვით მოიჯარე  ვალდებულია, იჯარის ვადის განმავლობაში სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე მესამე პირთა შეუფერხებელი წვდომა უზრუნველყოს, შესაბამისად, ეკრძალება ტერიტორიის შემოღობვა ან სხვა ნებისმიერი სახით ამ ნაკვეთთან წვდომის შეზღუდვა.

მოიჯარე ვალდებულია, სარგებლობის ვადის ამოწურვის შემდეგ ქონება დააბრუნოს პირვანდელ მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში „ქონებაზე არსებული ყველა გაუმჯობესება აჭარის საკუთრებად აღირიცხება“, შესაბამისად, მოსარგებლეს გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.

ბულვარის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, გაფრთხილების მიუხედავად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის განმეორებით გამოვლენის ან შეთანხმებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობის შემთხვევაში, ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება.

აუქციონის პირობებში ვხვდებით კიდევ ერთ საინტერესო ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც მეიჯარე [ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია] უფლებამოსილია, ქონების მესაკუთრის [აჭარის მთავრობა] წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში გააუქმოს საიჯარო ხელშეკრულება და მოიჯარეს მოსთხოვოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების გამოთავისუფლება.

პირობის მიხედვით ამ პუნქტით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მეიჯარე მოიჯარეს დაუბრუნებს წლიური სარგებლობის საფასურის შესაბამის თვიურად დაანგარიშებულ პროპორციულ თანხას.

ეს ჩანაწერი ერთგვარი რისკია მოიჯარისთვის, რომელსაც იჯარით აღებულ ნაკვეთზე ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს. ბულვარის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ ეს არის ზოგადი ჩანაწერი ისეთი შემთხვევისთვის, რომელიც შეიძლება მომავალში გაჩნდეს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.

ბულვარის ადმინისტრაციაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აუქციონში გამარჯვებულის ვინაობას ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გაასაჯაროებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: