თურქეთში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრევენციული შეზღუდვებია დაწესებული. დღეს თურქეთში კორონავირუსის 62 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც თურქეთში დასაქმებული ქართველები გვიყვებიან, ეკონომიკურ კრიზისი, რაც თურქეთშიც დგას, ვირუსის მძვინვარების პარალელურად, აისახება ყველაზე: დიდი თუ მცირე ბიზნესების მფლობელებზე, რომლებსაც შეუმცირდათ შემოსავლები და დასაქმებულებზე, რომლებიც დამსაქმებელთა შემოსავლებზე იყვნენ დამოკიდებულები.
ლუდა ხუნდაძე 16 წელია მუშაობს თურქეთში. ბოლო 4 წელია სტამბოლშია. ასაკოვან ცოლ-ქმარს უვლის. ლუდას ხელფასს ამ ხნის განმავლობაში ასაკოვანი წყვილის შვილები უხდიდნენ. მაგრამ შარშან მარტის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ხან 2 თვე ვერ უხდიდნენ ხელფასს, ხან 3. მერე რასაც აძლევდნენ, იმასაც ნაწილ-ნაწილ და ცოტ-ცოტას.
თუ კორონაპანდემიამდე ლუდა ხელფასი დიდი სახლის დალაგების, მოხუცი წყვილის მოვლისა და საჭმლის მომზადებისთვის 700 დოლარი იყო, ახლა მას მხოლოდ 4000 ლირას უხდიან, რაც 500 დოლარიც არ არის. ამ გასამრჯელოსაც ნაწილ-ნაწილ აძლევენ, როგორც და როდესაც მოუხერხდებათ. წყვილის შვილებმა ლუდას აუხსნეს, რომ მათი ბიზნესი დაზარალდა და მხოლოდ ასე გადახდა შეუძლიათ.
„ახლაც ორი თვის ხელფასი მაქვს ასაღები. 4 წელია აქ ვმუშაობ და მერიდება ჩემით ავდგე და წამოვიდე. კი მერიდება, მაგრამ მეც რომ ოჯახი მყავს სარჩენი? სხვა სამსახურიც ვერ ვნახე, რომ გადავიდე. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცი ენა და აქაური წესები. ვერც წარმოვიდგენდი აქ თუ ასეთი პრობლემები შემექმნებოდა. ნერვიულობისგან სულ წნევები მაქვს, ღამე არ მძინავს.
ძალიან გაძვირდა პროდუქტი მაღაზიებში. 100 ლირად ერთ დღეს რასაც ვყიდულობდით მარკეტში, ახლა იმ რაღაცეებს 400 ლირა სჭირდება, ასეთია საშუალოდ ყოველდღიური დანახარჯი პროდუქტის მაღაზიაში“.
მიუხედავად იმისა, რომ ლუდა ხუნდაძეს თურქეთში ლეგალურად მუშაობის უფლებაც აქვს და დაზღვევაც, მაინც ვერ აპროტესტებს ხელშეკრულებით შეთანხმებული ხელფასის დაგვიანებებს. გვეუბნება, რომ მისმა ბევრმა ნაცნობმა დატოვა სტამბოლი ხელფასის მკვეთრად შემცირების და რიგ შემთხვევებში სამსახურის დაკარგვის გამო.
„თუ 5000, 6000 ლირა ჰქონდათ ხელფასი საშუალოდ სტამბოლში დასაქმებულ ქართველებს, პანდემიის შემდეგ განახევრდა“ – ამბობს ლუდა ხუნდაძე.
მსგავსი ისტორია აქვს ნონა კაციტაძესაც. ოჯახმა, სადაც ის მუშაობდა 2020 წლის მაისში უთხრა, რომ ვეღარ გადაუხდიდნენ კუთვნილ ხელფასს, 1000 დოლარს და შეეძლოთ მხოლოდ 600 დოლარის გადახდა. ნონას საჭიროებებს ეს ხელფასი არ ჰყოფნიდა. მან სტამბოლი დატოვა, საქართველოში ჩამოვიდა და 6 თვე აქ დაჰყო. მერე ისევ სტამბოლში მოუწია დაბრუნება და ახლა ამბობს, რომ სტამბოლში უკვე შეუძლებელი ქართველმა ემიგრანტმა იპოვოს სამსახური, სადაც 1000 დოლარს გადაუხდიან, ისე, როგორც მას პანდემიამდე უხდიდნენ.
„ცოტა ხნის წინ ჩამოვედი სტამბოლში 6 თვის შემდეგ და მომიწია სხვა სამსახურის ძებნა, რამაც ისევ ახალი პრობლემები გამიჩინა, ახალი ფსიქოლოგიური წნეხი: შეჩვევა ახალ ოჯახთან, გარეთ კიდევ მოგეხსენებათ შეზღუდვები, ყველანაირად დაზიანდა ემიგრანტების მდგომარეობა სტამბოლში. არიან ემიგრანტები, რომლებიც თვეში მხოლოდ 400 დოლარის გამო მუშაობენ ყოველდღე.
გუშინ ავიღე ხელფასი, გადავახურდავე და 1 დოლარი 8 ლირა და 18 ქურუში ღირდა. ლარის მსგავსად აქაც კატასტროფულად უფასურდება ლირა დოლართან მიმართებაში. სულ რაღაც 3 თვის წინ თუ ბანანი ღირდა 6 ლირა, ახლა 12 ლირა ღირს“.
ნონა გვიყვება, რომ იმ უბანში, სადაც ის მუშაობს, 25 ქართველი ემიგრანტი ქალი იყო, ახლა მათგან მხოლოდ 8 დარჩა – დანარჩენები სამუშაოდ იტალიაში წავიდნენ.
„იტალიასაც აქვს ეკონომიკური კრიზისი, მაგრამ ვეკონტაქტები აქედან იტალიაში წასულ ჩემს ნაცნობ ქალებს და ხელფასი 1000, 1200 ევრო აქვთ – ოღონდ ენის ცოდნაა ასეთი ანაზღაურებისთვის საჭირო. თუ ენა არ იცი 800 დოლარს გიხდიან.
ოჯახში, სადაც ახლა ვმუშაობ სტამბოლში, მათ ფინანსური პრობლემები არ აქვთ, მაგრამ ასეთი შემთხვევები გამონაკლისია“, – ამბობს ნონა.
კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში 4 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა ვირუსით, 35 608 პაციენტი გარდაიცვალა.
შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლა შეზღუდულია. მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებშიც საღამოს 7-დან დილის 5 საათამდე.