განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ აპირებენ მე-12 კლასელები ბოლო ზარის აღნიშვნას – გოგო ხულოდან

13.04.2021
როგორ აპირებენ მე-12 კლასელები ბოლო ზარის აღნიშვნას – გოგო ხულოდან

ია შანთაძე მეთორმეტეკლასელია და დაბა ხულოს საჯარო სკოლაში სწავლობს. როცა კორონავირუსის პანდემია დაიწყო, მე-11 კლასში იყო, მეორე სემესტრში მოულოდნელად შეიცვალა მისი ცხოვრებაც და საკლასო ოთახიდან ონლაინკლასში აღმოჩნდა.

„ეს ყველაფერი ძალიან უცნაური იყო ჩემთვის, რადგან ვიღვიძებ, უცებ ტელეფონში შევდივარ და იქედან მესაუბრება მასწავლებელი. რაღაც პერიოდი იქაც ვერ ვახერხებდი შესვლას და ასე „ჰოპ“ და უცებ გავიდა ეს წელი,“ – იხსენებს ია.

ძალიან უნდოდა ახალ სასწავლო წელს სწავლა საკლასო ოთახებში განახლებულიყო, თუმცა არც ეს გამოვიდა. სკოლაში მხოლოდ სახელმძღვანელოების წამოსაღებად მივიდა და სასწავლო პროცესი ისევ ონლაინში გაგრძელდა.

„ჩვენ შემთხვევაში ყველაზე ცუდი არის ის, რომ დამამთავრებელი კლასი ვართ. გვინდა, უფრო მეტი ვისწავლოთ. გვინდა, რომ სკოლის პროგრამა მაინც  გავიაროთ, მაგრამ ვერ ვახერხებთ.

ალბათ იმიტომ, რომ რაღაც პიროვნული დამოკიდებულებაც შეიძლება იყოს ბავშვების მხრიდან, რომ რაღაცას საჭიროდ არ ვთვლიდით, რაღაც გვეზარებოდა. თავიდან დავიწყეთ მუხტში, ტემპში, მაგრამ რადგან მასწავლებლებთან პირდაპირი ურთიერთობები არ მოდიოდა და ვერ ვხედავდით, ვერ ვსწავლობდით, ხიბლი არ ჰქონდა გაკვეთილს. შემდეგ რუტინად გადაიქცა ეს გაკვეთილები, მასწავლებელი ხსნიდა გაკვეთილს და მეტი არაფერი არ ხდებოდა. ეს იყო, ჩემი აზრით, დამაბრკოლებელი,“ – გვეუბნება ია.

კიდევ ერთი მიზეზი, რამაც მოსწავლეების მოტივაცია შეასუსტა, ინტერნეტისა და კომპიუტერის პრობლემა იყო. იას თქმით, ბევრ ბავშვს არ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ შესულიყო ონლაინგაკვეთილზე. „ხშირად ჭედავდა პროგრამაც და ინტერნეტის საშუალებაც არ აქვს ბევრ ბავშვს,“ – ამბობს ია.

თუ გაქვს იმის განცდა, რომ რაღაც საკითხი ვერ მოასწარით, რაღაც თემები კარგად ვერ გაიარეთ? – ვკითხეთ იას. მისი თქმით, არის საკითხები, რის მიმართაც აქვს მსგავსი განცდა. „მაგალითად, ასეთი თემაა სიმბოლიზმი, რადგან ძალიან რთულია და ვფიქრობ, რომ ონლაინზე ვერ მოვახერხე ამ თემის კარგად გავლა, რადგან ამ გაკვეთილებს ინგლისურის კერძო გაკვეთილი ემთხვეოდა,“ – ამბობს ია.

იას თქმით, რეპეტიტორთან მომზადების საჭიროება ადრეც არსებობდა და ახლაც არის, რადგან იძულებული ხარ ეროვნული გამოცდებისთვის გაიარო ის მასალა, რასაც სკოლაში ვერ გადიხარ, „თუ გსურს კარგი შედეგი დადო ეროვნულზე, უნდა მოემზადო რეპეტიტორთან“, – ამბობს ია.

მისი თქმით, პანდემიის პერიოდი მისთვის ურთიერთობების გამოცდა უფრო იყო, რადგან იშვიათად ხვდებოდნენ მეგობრები, თანაკლასელები ერთმანეთს. „უფრო დავკარგეთ ბავშვებმა ერთმანეთი და ყველაფერი შეიცვალა. შეიცვალა ისიც, რომ ოჯახებმა შემოსავალი დაკარგეს, ბევრი ბავშვი ვერც მომზადებას ახერხებს ამის გამო. მე, პირადად, მაღალი აკადემიური მოსწრება მაქვს, მაგრამ მაინც დიდი სტრესია გამოცდებისთვის მზადება. სკოლის პროგრამა საშუალებას არ გაძლევს, რომ მომზადების გარეშე ჩააბარო“.

გექნებათ ბოლო ზარი? – ვეკითხებით იას. გვეუბნება, რომ ამ საკითხს ონლაინში განიხილავენ კლასელები. „ჩვენს წარმოსახვაში ყველაფერი კარგად არის, მაგრამ არ ვიცით რეალურად რას შევეჩეხებით. ბოლო ზარიც გვინდა, ექსკურსიაც, ყველაფერი, მაგრამ… იმედია, თეთრ მაისურებს ჩავიცვამთ და ქუჩაში მაინც გავფარფატდებით, დისტანციურად. ან სადმე შევიკრიბებით, რამე კარგს გავიხსენებთ ბოლო დღეს. კლასში 32 ვართ, ამიტომ  შესაძლოა სადმე დიდ მდელოზე დავსხდეთ დისტანციურად და ასე აღვნიშნოთ ბოლო ზარი“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: