მთავარი,სიახლეები

10 ათასზე მეტი მოქალაქე უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსებას ითხოვს

05.04.2021 • 1039
10 ათასზე მეტი მოქალაქე უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსებას ითხოვს

საქართველოს 10 000-ზე მეტი მოქალაქე საქართველოს პარლამენტს მიმართავს პეტიციით, შეიქმნას უნაყოფობის მკურნალობის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა.

„საქართველოში უნაყოფობის მკურნალობა  არ ფინანსდება.  მომავალი მშობლებისთვის დიაგნოსტირება/მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური წნეხი ძალიან დიდია. მკურნალობის საშუალო ღირებულებაა 8000-15000 ლარის ფარგლებში და მეტი, დამოკიდებულია დამატებით საჭიროებებზე ინდივიდუალურად. სწორედ ფინანსური ხელმისაწვდომობის ნაკლებობაა მკურნალობის დროულად დაწყების ყველაზე დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი,“ – ვკითხულობთ პეტიციაში.

პეტიციის ავტორი ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი და საინიციატივო ჯგუფის – „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი თამარ ქაჩლიშვილია.

იგი ამბობს, რომ საქართველოში ძალიან ბევრ წყვილს უნაყოფობის პრობლემა აქვს და ფინანსური დაბრკოლებების გამო დროულად მკურნალობის დაწყებას უმეტესობა ვერ ახერხებს:

„მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენ არა სრულ დაფინანსებაზე, არამედ თანადაფინანსებაზე ვსაუბრობთ, რადგანაც ძალიან კარგად გვესმის, თუ რა სხვა გამოწვევები აქვს სახელმწიფოს ამ პრობლემის გარდა და ის ადამიანები, რომლებიც უშვილობის პრობლემის წინაშე დგანან, მაინც ახერხებენ თანხის რაღაც ნაწილის შეგროვებას.

როგორც კი სახელმწიფო თუნდაც პატარა კომპონენტში გადმოდგამს ამ ნაბიჯს, ეს ავტომატურად სხვა ცვლილებებსაც გამოიწვევს – მედიკამენტების ფასების დარეგულირება ან კერძო სადაზღვევო სექტორი, რომელიც შეიძლება ერთ-ერთი გადამხდელი იყოს და ა.შ.

ვფიქრობ, სახელმწიფო ყველაზე ძლიერი ბერკეტი იქნება, რომ პირველი ნაბიჯი გადადგას და ბიძგი მისცეს უკვე სხვა ცვლილებებსაც“.

კითხვაზე, რამდენი შეიძლება იყოს სახელმწიფოს თანადაფინანსება ასეთი პროგრამის ფარგლებში, თუ კი, როგორც პეტიციაშია აღნიშნულია, უნაყოფობის მკურნალობა 8-15 ათასი ლარი ღირს, თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული თანხა ინ ვიტრო განაყოფიერების ღირებულებაა, რომელიც მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდია უნაყოფობის მკურნალობის და არა ერთადერთი.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საკითხს სახელმწიფო კომპლექსურად უნდა მიუდგეს, პირველ რიგში, უნდა შემუშავდეს ქართულენოვანი პროტოკოლები, რომლებიც ყველა დაავადების მიხედვით ერთგვარ სტანდარტებს შეიმუშავებს [დიაგნოსტირება, მკურნალობის მეთოდები], სწორედ ამ ყველაფრის მერე გამოჩნდება, რომელი კომპონენტის თანადაფინანსებას შეძლებს სახელმწიფო“ – ამბობს პეტიციის ავტორი.

იგი მიიჩნევს, რომ პროგრამის შექმნის შემთხვევაში საჭირო იქნება გარკვეული კრიტერიუმების დაწესება პროგრამით მოსარგებლე პირების შესარჩევად:

„ვფიქრობ, ასაკობრივი შეზღუდვა იქნება ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი. უნაყოფობის პერიოდს მიექცევა ასევე ყურადღება [3-4 წელი]. მსგავსი პროგრამის შემუშავებაზე როგორც კი გადავალთ, აუცილებლად უნდა ჩაერთონ პროფესიული ორგანიზაციები“.

თამარ ქაჩლიშვილი ამბობს, რომ პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უნაყოფობას სახელმწიფო თანადაფინანსებით მკურნალობენ, უცხოეთში უკვე არსებობს. მას მაგალითად ისრაელი მოჰყავს.

„პირველ რიგში, ეს ქვეყანაა ისრაელი, სადაც კრიტერიუმები ძალიან ცოტაა და პროგრამა უნაყოფო წყვილს მანამდე აფინანსებს, სანამ შვილი არ გაუჩნდებათ. რაც შეეხება ევროპის სხვა ქვეყნებს [სადაც მსგავსი პროგრამა მოქმედებს]: ესაა საფრანგეთი და გერმანია, სადაც ქალის ასაკს ექცევა ძალიან დიდი ყურადღება. რაც უფრო ადრე დაიწყებს პაციენტი მკურნალობას, მით უფრო დიდია კარგი შედეგის შანსი“.

ამ დროისათვის პეტიციას manifest.ge-ზე ხელს 10 187 მოქალაქე აწერს.

______________

ფოტოზე: თამარ ქაჩლიშვილი, ჯანდაცვის პოლიტიკის სპეციალისტი, საინიციატივო ჯგუფის – „ერთად ახალი სიცოცხლისთვის“ დამფუძნებელი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: