მთავარი,სიახლეები

ბათუმში ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

26.04.2018 • 4341
ბათუმში ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

ბათუმში ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრი, „იმედის სახლი“ საქველმოქმედო ფონდის, „საქართველოს კარიტასის“ ორგანიზებით შეიქმნა.

ცენტრში ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირებს თერაპიული კურსის გავლა უფასოდ შეუძლიათ.

„საქართველოს კარიტასის“ წარმომადგენელი, ილია გუჩმანიძე ამბობს, რომ ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანები ცენტრში ექვსთვიან კურსს გაივლიან, რომელიც მოიცავს სამედიცინო დახმარებას,  ფსიქოლოგიურ კონსულტაციას და ბენეფიციარების სრულად უზრუნველყოფას საყოფაცხოვრებო პირობებით: კვება, დამხმარე საშუალებები, რაც ბენეფიციარს სჭირდება ცხოვრებისთვის და ა.შ.

საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარები შესაძლოა ექვსთვიანი კურსის შემდეგაც დარჩნენ ცენტრში.

გარდა ამისა, ბენეფიციარებს შეუძლიათ იმუშაონ ცენტრთან არსებულ პატარა ბოსტანში, ბაღსა და ასევე მცირე ფერმაში, რაც შრომითი თერაპიის მეთოდად მიიჩნევა.

ბენეფიციარების მიღება ხდება წინასწარი გასაუბრებით. „საჭიროა მათი მოტივაციის შეფასება, აქვთ თუ არა სათანადო სურვილი, რადგან ეს არ არის ერთდღიანი კურსი. მათ კურსის ბოლომდე უნდა დაიცვან შინაგანაწესი, ამიტომ პროექტის გუნდი ბენეფიციარებს წინასწარი გასაუბრების შედეგად შეარჩევს,” – ამბობს ილია გუჩმანიძე.

სარეაბილიტაციო ცენტრში ამჟამად სამი ბენეფიციარია, თუმცა ცენტრს საერთო ჯამში შვიდი ადამიანის მიღება შეუძლია.

ბენეფიციარების საცხოვრებელ და რეგისტრაციის ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება. ცენტრში მცხოვრები ბენეფიციარები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან.

სარეაბილიტაციო ცენტრი კახაბრის მეოთხე ჩიხში, მეექვსე შენობაში მდებარეობს.

ალკოჰოლზე დამოკიდებული ადამიანების სარეაბილიტაციო ცენტრი ბათუმში ერთადერთია. „ეს პირველი, საპილოტე  პროექტია.  არის ცენტრი ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის, მაგრამ  ცალკე, ალკოჰოლზე დამოკიდებული ბენეფიციარებისთვის სარეაბილიტაციო  ცენტრი ამჟამად საქართველოში არ ფუნქციონირებს,“ – ამბობს ილია გუჩმანიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: