ბათუმი,მთავარი,სიახლეები

სამარშრუტო მიკროავტობუსებს მერია გადასახადისგან ათავისუფლებს – ძვირდება თუ არა მგზავრობა

29.03.2021
სამარშრუტო მიკროავტობუსებს მერია გადასახადისგან ათავისუფლებს – ძვირდება თუ არა მგზავრობა

ბათუმის მერია სამარშრუტო მიკროავტობუსებს სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასის გადახდისგან ათავისუფლებს. საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსებისთვის ეს გადასახადი თვეში 20 ლარია ერთ მიკროავტობუსზე. გადასახადს არ გადაიხდის არც მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“ ქალაქში მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსებზე.

დღევანდელი მდგომარეობით, ბათუმში მგზავრთა გადაყვანის ნებართვა 500 მიკროავტობუსზეა გაცემული. შესაბამისად, მათგან ქალაქის ბიუჯეტში ყოველთვიურად 10 ათასი ლარი შედიოდა. მერიის პროექტის მიხედვით, 9 თვის განმავლობაში [მარტი-ნოემბერი] ქალაქის ბიუჯეტში 90 ათასი ლარი აღარ შევა. ამ თანხის სანაცვლოდ ბიუჯეტი სიმბოლურ 1 ლარს მიიღებს.

სწორედ 2021 წლის ნოემბრის ჩათვლით ათავისუფლებს მერია მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიებს აღნიშნული გადასახადისგან. შესაბამისი პროექტი ბათუმის საკრებულოში უკვე გადაგზავნილია. საკრებულო მას 30 მარტის სხდომაზე განიხილავს.

ამონარიდი მერიის განმარტებითი ბარათიდან

ბოლო პერიოდში ბათუმში მიკროავტობუსების მძღოლებმა რამდენიმე აქცია გამართეს მგზავრობის ტარიფის გაზრდის მოთხოვნით. №39, 49, 56, 44 სამარშრუტო ხაზებზე მომუშავე მძღოლები არსებული ტარიფის – 50 თეთრის 70-80 თეთრამდე გაზრდას ითხოვენ.

ფოტო, რომელიც ერთ-ერთმა მოქალაქემ მოგვაწოდა 2021 წლის 22 მარტსაა გადაღებული

„ბათუმელებს“ რამდენიმე მოქალაქემ უთხრა, რომ N39 ხაზზე მოძრავი ზოგიერთი მიკროავტობუსის მძღოლმა მგზავრობის ფასი 70 თეთრამდე გაზარდა [შემოერთებულ ტერიტორიებზე, მოგვაწოდეს ფოტოც].

მერიაში აცხადებენ, რომ მძღოლებს ამის უფლება არ აქვთ და შემოერთებული ტერიტორიებიც ქალაქი ბათუმია – მის ადმინისტრაციულ საზღვრებშია, შესაბამისად, მგზავრობის ტარიფის თვითნებურად გაზრდის გამო  მუნიციპალური ინსპექცია უფლებამოსილია მძღოლი დააჯარიმოს.

მერიის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, 2021 წელს რამდენიმე მიკროავტობუსი დააჯარიმეს, ძირითადად ხელვაჩაურისა და გონიოს მიმართულებით მოძრავ ხაზზე [ინსპექცია ამ შემთხვევაში აჯარიმებს იურიდიულ პირს – კომპანიას, რომელსაც აქვს შესაბამისი ლიცენზია და სამარშრუტო ხაზებზე ამუშავებს მიკროავტობუსებს].

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე მგზავრობის ტარიფის ცვლილებას მუნიციპალიტეტი არ განიხილავს და ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიკროავტობუსით მგზავრობის ფასი 50 თეთრი რჩება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: