მთავარი,სიახლეები

პანდემიის დაწყებიდან საქართველომ 29,8 მილიონი დოლარის ტესტი შეიძინა – COVID 19

28.03.2021 • 1475
პანდემიის დაწყებიდან საქართველომ 29,8 მილიონი დოლარის ტესტი შეიძინა – COVID 19

პანდემიის დაწყებიდან 2021 წლის 24 მარტამდე პერიოდში საქართველომ, ჯამში, 29 826 110 აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის [როგორც PCR, ასევე სწრაფი] ტესტი შეიძინა. ინფორმაცია „ბათუმელებს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მოაწოდა.

ამ თანხიდან 29,4 მილიონი დოლარი სახელმწიფოს სესხია. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა ორგანიზაციამ ტესტები გადასცა ჰუმანიტარული დახმარების სახით, ასევე უფასოდ-საჩუქრად.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, „საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ჯგუფში შემავალ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2020 წლის პირველ მაისს გაფორმებული სასესხო შეთანხმებისა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის 2020 წლის 21 მაისის სასესხო შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე, COVID 19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის განხორციელების პროცესში, 2021 წლის 24 მარტის მდგომარეობით შეძენილია:

  • 197 000 ანტისხეულის დამდგენი ტესტი – ღირებულებით 1 024 400 აშშ დოლარი;
  • 400 000 ანტიგენ/ანტისხეულის სწრაფი კომბინირებული ტესტი – ღირებულებით 2 068 500 აშშ დოლარი;
  • 1 800 000 ანტიგენის სწრაფი ტესტი – ღირებულებით 9 601 200 აშშ დოლარი;
  • 1 210 000 PCR ტესტი – ღირებულებით 16 739 010 აშშ დოლარი;
  • ხოლო 5000 ცალი ანტიგენ/ანტისხეულის კომბინირებული ტესტი მიღებული იქნა საჩუქრად კორეული კომპანია SD BIOSENSOR – ისგან“.

გარდა ამისა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ შეიძინა 36 ათასი ტესტი, რომელშიც ბიუჯეტიდან 393 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა.

ტესტების შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ჯანდაცვის სამინისტროდან 7 თვის წინ, 2020 წლის სექტემბერში გამოითხოვა, პასუხი კი 2021 წლის 26 მარტს მივიღეთ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით განცხადება გადაგზავნილი იყო შესაბამის სამსახურებში, მიღებული პასუხების შესაბამისად გიგზავნით თქვენ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას“, – აღნიშნულია სამინისტროს წერილში.

28 მარტის მდგომარეობით, როგორც ანტიგენის, ასევე სწრაფი ტესტით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა ჯამში 25 934 კვლევა. თუ შაბათ-კვირას არ ჩავთვლით, ყოველდღიურად საქართველოში, ბოლო პერიოდში, დღეში მინიმუმ 20 ათასი და მეტი კვლევა ტარდება:

წყარო: Stopcov.ge


საქართველოში კორონავირუსზე ვაქცინაცია დაწყებულია.  „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია უკვე მიმდინარეობს, „ფაიზერზე“ აცრები კი, 30 მარტიდან დაიწყება.

ამ თემაზე:

მედიკოსების როლი ანტივაქსერულ ისტერიაში, ანუ რატომ არ იკეთებენ ექიმები ვაქცინას

გადაბეჭდვის წესი


ასევე: