მთავარი,სიახლეები

„სოცდაუცველთა ბაზაში 379 957 ბავშვია, აქედან 23 322 პირველად დარეგისტრირდა“ – სახალხო დამცველი

01.04.2026
„სოცდაუცველთა ბაზაში 379 957 ბავშვია, აქედან 23 322 პირველად დარეგისტრირდა“ – სახალხო დამცველი

„2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველად დარეგისტრირდა,“ – ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში, რომელიც ეხება საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას.

სახალხო დამცველის ცნობით, საანგარიშო წელს, საარსებო შემწეობის მიმღებ ბავშვთა რაოდენობამ 278 639, ხოლო აღნიშული დახმარების პირველადად მიმღებთა მაჩვენებელმა 12 868 შეადგინა.

საგულისხმოა, რომ ბაზაში რეგისტრირებულია 186 163 ოჯახი, სადაც ერთი ბავშვი მაინც ცხოვრობს, ხოლო საარსებო შემწეობას 129 329 ოჯახი იღებს.

„2025 წელს „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების გადაუდებელი დახმარების“ ქვეპროგრამაში 5 875 ოჯახი ჩაერთო, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გასულ წელს ამ სერვისით მოსარგებლე ოჯახების რაოდენობას.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეპროგრამა თავისი ბუნებით რეაქტიული ხასიათისაა, იგი ვერ უზრუნველყოფს უკვე დამდგარი კრიზისის ეფექტიან დაძლევას.

წარმოების ფარგლებში შესწავლილი საქმეები კვლავაც მიუთითებს, რომ, მართალია, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილია ბავშვიანი ოჯახების შესაბამის სერვისებში ჩართვა, თუმცა ხსენებული პროგრამები ვერ ახდენს, ოჯახების საჭიროებების კვალდაკვალ, მათ გრძელვადიან გაძლიერებას, მხარდაჭერასა და დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხელშეწყობას,“-  ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის მხარდამჭერი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სერვისის, „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში მოქმედებს 7 თავშესაფარი. მისი მომსახურებით გასულ წელს 75-მა სრულწლოვანმა და ორმა არასრულწლოვანმა დედამ, ასევე, 139-მა ბავშვმა ისარგებლა.

„დედათა და ბავშვთა თავშესაფრებთან დაკავშირებით, კვლავ უნდა აღინიშნოს სერვისის განვითარების საჭიროება, ბენეფიციართა ინდივიდუალური საჭიროებების უკეთ დასაკმაყოფილებლად, რათა თავშესაფრის დატოვების შემდგომ მათ შეძლონ მდგრადი სოციალური ფუნქციონირება.

ბავშვთა სიღარიბის რეალური მასშტაბებისა და მისი განმაპირობებელი ფაქტორების სისტემური და სიღრმისეული შეფასება ქვეყანაში დღემდე არასაკმარისად არის უზრუნველყოფილი.

სოციალური დაცვის პროგრამებში ჩართული ბავშვებისა და ოჯახების რაოდენობრივი მატების განმაპირობებელი ფაქტორი, ერთი მხრივ, შესაძლოა იყოს პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება, სოციალური დახმარების თანხის ზრდა, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის 4-წლიანი საშეღავათო პროგრამის ეფექტი, ასევე შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილება და რეგისტრაციის თავისებურებები.

თუმცა, მეორე მხრივ, აღნიშნული რაოდენობრივი მატება, ვერ აიხსნება მხოლოდ პროგრამების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებით, ვინაიდან შესაბამის პროგრამებში ჩართვა თავისთავად მიუთითებს ოჯახების არსებულ სოციალურეკონომიკურ საჭიროებებზე.

ამდენად, სოციალური დაცვის პროგრამებში ჩართული ბავშვებისა და ოჯახების რაოდენობრივი ზრდის განმაპირობებელი გარემოებების დასადგენად, აუცილებელია არსებული სტატისტიკის სისტემური და კომპლექსური ანალიზი, რათა განისაზღვროს ბავშვთა სიღარიბის რეალური მასშტაბი, გამოვლინდეს მისი განმაპირობებელი ძირითადი ფაქტორები და გატარდეს შესაბამისი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკა,“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: