განათლება,მთავარი,სიახლეები

სად არიან და როგორ ცხოვრობენ სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვები – კატასტროფული მაჩვენებელი

15.03.2021 • 1978
სად არიან და როგორ ცხოვრობენ სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვები – კატასტროფული მაჩვენებელი

საქართველოში 10 ათასზე მეტი ბავშვი ცხოვრობს, რომელთაც არასდროს ჰქონიათ მოსწავლის სტატუსი. ეს ინფორმაცია განათლების სამინისტრომ ოფიციალურად დაუდასტურა დღეს, 15 მარტს, „ბათუმელებს“. რატომ დატოვა სახელმწიფომ ათასობით ბავშვი განათლებისა და ზრუნვის გარეშე, სად არიან და როგორ ცხოვრობენ მოზარდები, რომლებსაც სკოლაში არასდროს უვლიათ, ამ კითხვაზე სახელმწიფოს დღეს პასუხი არ აქვს.

რაზე მეტყველებს ეს ციფრი და რატომ გამორჩა სახელმწიფოს 10 404 ბავშვი? – ამ საკითხზე  „განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარეს“ ირინა ხანთაძეს ვესაუბრეთ. მისი თქმით, ფაქტი თავისთავად საგანგაშოა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემის თვისობრივი გამოკვლევა, თუ რასთან გვაქვს საქმე.

„უდავოდ დიდი ციფრია, კატასტროფული მაჩვენებელია. პოზიტიურია ის, რომ უკვე საჯაროდ ვსაუბრობთ ამაზე და დაზუსტებულად. ამ პრობლემაზე ადრე საუბრობდა „იუნისეფი“, რომ არსებობდნენ ბავშვები, რომლებიც ვერ ერთვებოდნენ სასწავლო პროცესში და მათი უფლებები უგულებელყოფილი იყო, თუმცა ეს ეჭვი არ იყო დასაბუთებული“, – ამბობს ირინა ხანთაძე.

მისი თქმით, პრობლემის უკეთ გაანალიზებისთვის საჭიროა ვიცოდეთ, რა კატეგორიის ბავშვები არიან სკოლის მიღმა, რატომ დარჩნენ სკოლის გარეთ, სად არიან ისინი დღეს, რით არიან დაკავებული.

„ამის ცოდნა უკეთ დაგვანახებს, თუ სად უშვებდა სისტემა შეცდომას. რატომ მოხდა, რომ ასეთი არასახარბიელო სტატისტიკა მივიღეთ“, – ამბობს ხანთაძე.

მისი აზრით, პირველ რიგში, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ გაუმართავია სოციალური სამსახურების სერვისები ქვეყანაში. „განათლების სფერო ფაქტობრივად ახლა იწყებს სოციალური მუშაკის ინსტიტუტის განვითარებას და ალბათ გარკვეულწილად დავაგვიანეთ ამ ინსტიტუტის განვითარება. ასევე, ეს გვაჩვენებს, რომ მეტი კოორდინაციაა საჭირო იმ უწყებებს შორის, რომლებსაც ბავშვზე ზრუნვა ეკისრებათ.

მას შემდეგ, რაც სურათის სიმწვავე დავინახეთ, აუცილებელია ამ პრობლემის ჩაღრმავებული შესწავლა, რომ გავიგოთ, სად არიან ეს ბავშვები, ხომ არ არიან ტრეფიკინგის მსხვერპლი, შესაძლებელია ნაწილი ის ბავშვებიც იყვნენ, ვინც მშობლებს გაჰყვნენ ემიგრაციაში. არ ვიცით, ეს სეგმნეტი შედის თუ არა ამ ათი ათასში, ამიტომ საჭიროა ზუსტი კვლევა. კვალიფიციურად უნდა გაანალიზდეს როგორც მიზეზები, ასევე პრობლემის გადაჭრის გზები რა შეიძლება იყოს“, – ამბობს ირინა ხანთაძე.

მისი თქმით, ფაქტია, რომ სახელმწიფო უწყებების ყურადღების მიღმა დარჩენილი პრობლემა გაღვივდა და გაიზარდა. დღეს კი ქვეყანაში ცხოვრობს ათასობით ბავშვი, რომელთა კონსტიტუციური უფლება – მიიღონ განათლება, დარღვეულია.

„შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ამ ბავშვებმა არ იცოდნენ სათანადო წერა-კითხვაც. შესაძლოა სახლის პირობებში ვინმე გადის კიდეც განათლებას. ეს ყველაფერი უნდა ვიცოდეთ ზუსტად, სხვა შემთხვევაში დაშვების დონეზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ახლა არ გვაქვს ჩაშლილი ინფორმაცია, ამიტომ ძალიან ჭირს სიღრმისეულად რამის თქმა“, – გვეუბნება ხანთაძე.

ფაქტი აჩვენებს, რომ განათლების სამინისტრო არც იმ მონაცემებს აგროვებს, სკოლამდელი ასაკის რამდენი ბავშვი დარჩა სკოლის მიღმა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ექნება ინფორმაცია იმ ბავშვებზე, რომლებმაც  სკოლაში სწავლა ვერ გააგრძელეს.

ირინა ხანთაძის თქმით, ეს მიუთითებს უწყებებს შორის მონაცემთა გაცვლის პრობლემაზეც. „ბაღებში რეგისტრირებული ბავშვების მონაცემების შედარება გარკვეულწილად საჭიროა და ამ პროცესში განათლების სამინისტრო უნდა თანამშრომლობდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტებთან, რომ ადრეულ ეტაპზე გამოვლინდნენ ის ოჯახები, საიდანაც ბავშვის ჩართვა სასკოლო განათლებაში ფერხდება“.

კითხვაზე, რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ წლობით სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის, როგორ უნდა მოახერხონ ამ ბავშვებმა იმ ზიანის ანაზღაურება, რაც მათ სკოლის გარეთ ყოფნით მიიღეს, ირინა ხანთაძე ამბობს, რომ აუცილებელია თითოეული ბავშვის ზუსტი საჭიროების დადგენა და მასზე მორგებული სერვისის მიწოდება.

„ახლა საჭიროა ფიქრი იმაზე, რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ ამ ბავშვებისთვის. მართალია დაგვიანებით, მაგრამ აუცილებელად უნდა გააკეთოს“, – ამბობს ირინა ხანთაძე.

ის, რომ სახელმწიფო გულგრილი იყო ქუჩაში მყოფი და მზრუნველობას მოკლებული ბავშვების მიმართ, ამაზე 2015 წლის სტატისტიკაც მეტყველებს – მაშინ სახელმწიფოს უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ 400-ზე მეტი ბავშვი სასკოლო სივრცის მიღმა იყო დარჩენილი.

მაშინ ამ კატეგორიაში სახელმწიფო განიხილავდა ბავშვებს, რომლებიც დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებდნენ, არ დადიოდნენ  სკოლაში და იყვნენ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. მაშინ ითქვა, რომ ამ ბავშვებისთვის სპეციალური სახელმწიფო პროგრამა მუშაობდა, რომელიც საპილოტე იყო და ფინანსდებოდა ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ. 2015 წელს 79 000 ლარი იყო ამ საპილოტე პროგრამის ბიუჯეტი, თუმცა რა შედეგი გამოიღო პროგრამამ, არც განათლების სამინისტროს და არც ჯანდაცვას შესაბამისი ანგარიში არ წარმოუდგენია.

ერთადერთი, რაც მაშინ ჯანდაცვის სამინისტრომ „ბათუმელებს“ უთხრა, იყო ის, რომ 400-დან მხოლოდ 75  ბავშვს შესთავაზეს სერვისებში სრულად ჩართვა, რაც აჩვენებდა პრობლემის სიმწვავეს.

ამ მონაცემებიდან შვიდი წლის შემდეგ კი გვაქვს სურათი, რომელიც ცხადყოფს, რომ 400 მიუსაფარი და განათლებას მოკლებული ბავშვი 10 ათასით გაიზარდა ქვეყანაში.

„წლების წინ, როცა გარკვეულ ციფრებზე იყო საუბარი, მაშინ უნდა ყოფილიყო სათანადო რეაგირება. სტანდარტული და ტრადიციული მიდგომა ამ ბავშვებთან ალბათ არ იმუშავებს, ამიტომ საჭირო იქნება განსხვავებული მიდგომების გამოყენება. დროულად უნდა მოხდეს მათი ინტეგრაცია სასწავლო სივრცეში ან შრომით ბაზარზე, პროფესიული უნარების დაუფლებით“, – ამბობს ირინა ხანთაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: