მთავარი,სიახლეები

ვის რა გზებით გააქვს თხილი ევროპაში გასაყიდად, სადაც 1 კილოგრამი 6 დოლარი ღირს

08.02.2021 • 2316
ვის რა გზებით გააქვს თხილი ევროპაში გასაყიდად, სადაც 1 კილოგრამი 6 დოლარი ღირს

საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის პირველი აგვისტოდან 2021 წლის 31 იანვრამდე პერიოდში საქართველოდან 15.3 ათასი ტონა თხილი გავიდა გასაყიდად, რომლის ღირებულება 79.2 მლნ აშშ დოლარია. ამ სეზონზე ქართული თხილი ძირითადად ევროპის ბაზარზე გაიტანეს.

რამდენად რთულია ევროპულ ბაზარზე თხილის გატანა და რა არის საჭირო? – „ბათუმელები“ ერთ-ერთი კომპანიის, „ნათს ელის“ მფლობელსა და დირექტორს ესაუბრა. ზაზა ლორჩოშვილის კომპანიამ ევროპის ბაზარზე თითქმის 1000 ტონა თხილი გაიტანა.

  • ბატონო ზაზა, რომელ ქვეყნებში მოახერხეთ თხილის გატანა და როგორ? 

ძირითადად გერმანიაში, ჩეხეთში, ბელორუსში. როგორც წესი, გაგვაქვს გადამუშავებული თხილი – ნაჭუჭგაცლილი, თხილის ფქვილი და მოხალული – მოკლედ, ყველაფერი, რაც კეთდება თხილისგან, გარდა პასტისა. ჩვენი საწარმოო ხაზი არის მოხალული და დაქუცმაცებული პროდუქციის.

  • წინა წლებში პრაქტიკულად ვერ შეიტანეს თხილი ევროპაში და ძირითადად თურქეთში გაჰქონდათ. ევროპაში პროდუქციის შესატანად საჭირო იყო ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები. ეს ბარიერები ახლა როგორ მოიხსნა?

საქმე იმაშია, რომ არც ორი წლის წინ გადიოდა თხილი თურქეთში. იქ ჩვენი თხილი არავის არ უნდა. უბრალოდ, იყვნენ თურქი შუამავლები, რომლებიც აქ ყიდულობდნენ და ევროპაში ყიდდნენ, მაგრამ 2017, 2018, 2019 წლებში თხილი არც იყო საქართველოში. ამ წლებში ექსპორტისთვის ცუდი, უხარისხო მოსავალი გვქონდა. ფაროსანას გამო დაზიანდა ფართობები, გამოსავლიანობა თხილს ჰქონდა ძალიან ცუდი, ფერმერები გათვიცნობიერებულნი არ იყვნენ მოვლის სპეციფიკაში და სხვა უამრავი პრობლემა გვქონდა. წელს იმ სამ წელთან შედარებაც კი არაა და მოსავალიც ნორმალურია – გაფუჭებული თხილის პრობლემა მეტ-ნაკლებად, ალბათ 40 %-ით მოხსნილია.

რაც შეეხება ევროპაში გატანას – ჩვენ ხარისხის ISO 22 000-ის სერტიფიკატი გვაქვს. ვინც ექსპორტს ეწევა, ფაქტობრივად ყველა საწარმოში არის HACCP- ის სტანდარტი [საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა] დანერგილი. სხვანაირად ევროპაში ვერაფერს შეიტან.

სურსათის ეროვნული სამსახური განსაზღვრავს, რამდენი პარტიის შემდეგ შეგიძლია სურსათი ექსპორტზე გაიტანო. თხილიდან ნიმუშები იღება, ტესტირება კეთდება… ხშირ შემთხვევაში მეექვსე ექსპორტს ვერ გააკეთებ, თუ ქარხანა ხელახლა არ შეამოწმა სურსათის სააგენტომ, რაც მოიცავს ყველაფერს. ზოგს ეს აქვს 10 მანქანაზე, ზოგს – 20-ზე. ჩვენს ქარხანას, მაგალითად, აქვს მაქსიმუმი – 20. ჩვენი დიდი ქარხანაა და ISO-ს სტანდარტებითაა ყველაფერი. 21- ე მანქანაზე მოდის სურსათის სააგენტოს ხალხი და ხელახლა გვამოწმებს.

თუ ჰასპი არ გაქვს დანერგილი, სურსათის უვნებლობის სამსახური თუ არ გამოწმებს, სხვანაირად ევროპაში თხილს ექსპორტზე ვერ გაიტან.

  • ევროპის ბაზარზე შესვლა რამდენად რთულია და თქვენმა კომპანიამ რამდენი ტონა გაიტანა?

იანვრის ჩათვლით სადღაც 1000-მდე ტონა გადამუშავებული თხილის გული გავიტანეთ.

ჩვენი თხილი – ქართული თურქულთან და იტალიურთან შედარებით იაფია – 50 ცენტის სხვაობა არის ქართულსა და თურქულს შორის, ამიტომ სხვა სეგმენტი უჭირავს. თურქული თხილი ღირს  7 დოლარამდე, ქართული ღირს 6.5 დოლარი. ეს კარგი ფასია ევროპაში.

თურქული თხილი ხარისხითაც ჯობია ჩვენსას. იქ ეს კულტურა უფრო განვითარებულია – ფერმერიდან დაწყებული ბოლო რგოლით დამთავრებული, ყველამ იცის თავისი საქმე: იქ არ არის, მაგალითად, მოტყუება.

ქართულ თხილს სახელი გაუტყდა 3-4 წლის უკან, პროდუქციაში ურევდნენ რაღაცებს – იყო არაქისის თემა, გაფუჭებული პარტიების გაგზავნა, რომ აი, მოვატყუოთ კლიენტი. ამან ცუდად იმოქმედა ქართულ თხილზე. ჩვენს თხილს ტოქსინიც აღმოაჩნდა, სოკო, ფაროსანას გამო მწერები… არ იყო ისეთი ხარისხის. მაინც მიჰქონდათ ევროპაში, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ევროპიდან ბევრი თხილი დაგვიბრუნეს უკან.

ზაზა ლორჩოშვილი

იმ 2-3 წლის განმავლობაში, როცა ცუდი მოსავალი იყო, თითქმის გაჩერებული ვიყავით. 150-300 ტონაზე მეტი არც გაგვიყიდია, იმიტომ, რომ ბაზარზე არ იყო კარგი თხილი და რეპუტაციას ვუფრთხილდებოდით.

2017 წელს ჩვენი თხილი გზაზეც კი ფუჭდებოდა. მერე ჩვენთანაც დაიწყო თხილის წამლობა, 2019 წელი ცოტა უკეთესი იყო, წელს შედარებაც კი არ არის. 2021 წელსაც იმედიანად ვუყურებთ, ფერმერმაც ისწავლა წამლობა და გლეხმაც. აქამდე ეს დარგი სტიქიურად იყო მიშვებული და ევროპას კიდევ მაღალი სტანდარტი აქვს. თავიდან ამიტომაც გვიჭირდა.

  • შეიძლება ვთქვათ, რომ ევროკავშირის ბაზარზე ქართულ თხილს სტაბილური მყიდველი ჰყავს, თუ ისევ შემთხვევითი მყიდველების იმედად არის ეს სფერო?

შემთხვევითიც გვყავს და სტაბილურიც. პანდემიის პერიოდში ცოტა პრობლემები გვქონდა, მყიდველთან ვერ მივდიოდით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ რაღაც.

  • საქართველოში ამ სფეროში კონკურენცია მაღალია?

ქვეყანაში ამ პროდუქციას [დამუშავებულ თხილს] ფიზიკურად არ მოიხმარენ, გატანაზე კი ძალიან ბევრი მუშაობს – აგროკრედიტის ფარგლებშიც ბევრი ქარხანა გაკეთდა. 2000 წლიდან ვარ მე ამ ბიზნესში და მიუხედავად იმისა, რომ ქარხნის მოწყობა დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, ახლა კონკურენცია ძალიან მაღალია.

აგროკრედიტის ფარგლებში 2018 წელს 1.5 მილიონი ლარი კრედიტი ავიღე დანადგარებისთვის – შენობა და ტერიტორია გვქონდა და გავაფართოვეთ. ეს უპროცენტო სესხია და 6 წლის განმავლობაში უნდა დავფაროთ. ამ თანხით შევიძინეთ დანადგარების ნაწილი, ერთი ამდენი ჩვენი ფინანსები მოვახმარეთ ქარხანას. ზოგმა საერთოდ ნულიდან გახსნა ახალი ქარხანა აგროკრედიტის მხარდაჭერით.

  • რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული?

როცა სეზონია, 60-70 ადამიანი მუშაობს. მაგალითად, იანვარში ვიმუშავეთ და 40 ადამიანი იყო. თებერვალში ნედლეული არ არის. სეზონი არის აგვისტო-იანვრის ჩათვლით და 40-70 ადამიანი მუშაობს. მინიმალური ანაზღაურება არის 300 ლარი, მაქსიმალური – 1000 ლარი.

  • ნედლეული დეფიციტურიაო, ამბობთ. თხილის ფასი რამდენად მომგებიანია გლეხისთვის? ეს არის პროდუქცია, რომელიც გლეხს, სოფელს ფეხზე დააყენებს?

წელს, მაგალითად, ნედლი თხილი 6 ლარზე ნაკლებად არ იყო. ახლა გაშრა თხილი და 7-8 ლარია ფასი. ეს მგონი არ არის ცოტა თანხა. ვისაც ფართობი აქვს – ნახევარ ჰექტარზე 1.5 ტონას მაინც მოიწევს და ეს 10 ათასი ლარი მაინცაა. მსხმოიარე ჯიშების სელექციაც წავიდა, კარგი ნარგავები შეუკვეთეს. თუმცა მარტო თხილზე დამოკიდებული ვერ იქნება სოფელი. თხილი, როგორც დასაყრდენი, არის სამეგრელო-გურიაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: