მთავარი,სიახლეები

უნდა ისჯებოდეს თუ არა დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრა – რას ამბობენ იურისტები

25.01.2021 • 1930
უნდა ისჯებოდეს თუ არა დეპუტატისთვის თავზე ნაგვის დაყრა – რას ამბობენ იურისტები

„ნაგვის თავზე დაყრა არ არის დანაშაული, ეს მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვეაა,“ – პრაქტიკოსი ადვოკატების და სამართალმცოდნეების პოზიციები ამ საკითხზე ცალსახად ერთნაირია. ისინი მიიჩნევენ, რომ ნაგვის დაყრა და ადამიანზე ფიზიკური შეხება ნებისმიერი ფორმით გამოხატვის თავისუფლება არ არის, თუმცა ეს არც დანაშაულია.

ირაკლი ფანგანი გუშინ, 24 იანვარს დააკავეს სამართალდამცველებმა. მან 23 იანვარს უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილს პროტესტის ნიშნად ნაგავი დააყარა. ირაკლი ფანგანი პროკურატურამ დღეს, 25 იანვარს, გაათავისუფლა სასამართლო პროცესის გამართვამდე. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი ამ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჯერ არ გამართულა.

ირაკლი ჩავლეიშვილი გაერთიანებული ოპოზიციის პროპორციული სიით მოხვდა აჭარის უმაღლეს საბჭოში. ის ერთადერთი დეპუტატია, რომელმაც საერთო პროტესტის მიუხედავად, დეპუტატის პოსტი დაიკავა.

გამოძიება პროკურატურამ ორი მუხლით დაიწყო: დევნა და ხულიგნობა [მესამე ნაწილი], რაც ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ხულიგნობის ჩადენას გულისხმობს „იარაღად სხვა საგნის გამოყენებით“ და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ამ მუხლებით დაწყების მიუხედავად, საბოლოოდ, პროკურატურამ ირაკლი ფანგანს ბრალი მხოლოდ „პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით ძალადობით დევნის“ მუხლით [156-ე მუხლის მე-2 ნაწილი] წარუდგინა. ეს მხოლოდ 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურამ დაკავებულის სასამართლო პროცესამდე გათავისუფლება იმით ახსნა, რომ პროკურატურა სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

„სხვა დასაბუთება პროკურატურას არ ჰქონია, რატომაც გადაწყვიტეს დაკავებულის გათავისუფლება,“ – ამბობს ბრალდებულის ადვოკატი მალხაზ ზოიძე.

ანალოგიური შემთხვევა საქართველოში 2018 წელსაც მოხდა. მაშინ სამოქალაქო აქტივისტს გიგა მაქარაშვილს გორში გორელმა საჯარო მოხელემ – თემურ მანველაშვილმა დაახურა ნაგვის ყუთი თავზე. გამოძიება ამ შემთხვევაში არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მუხლით დაიწყო, თუმცა გორის სასამართლომ თემურ მანველაშვილი გაამართლა. ეს გადაწყვეტილება ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს.

დამოუკიდებელი იურისტების შეფასებით, გორის სასამართლო სამართლიანად მოიქცა, რადგან ნაგვის დაყრა არ შეიძლება კრიმინალი იყოს, ის მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.

„პროკურატურამ საქმეს მისცა ცალსახად არასწორი კვალიფიკაცია,“ – მიიჩნევს ანა ნაცვლიშვილი, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი ხელმძღვანელი. ანა ნაცვლიშვილი ყურადღებას ამახვილებს არაერთ შემთხვევაზე, როცა სამოქალაქო აქტივისტის ფიზიკური ხელშეუხებლობა დაირღვა, მაგრამ ამას არათუ ვინმეს დაკავება, საერთოდ რეაგირება არ მოჰყოლია.

„ფანგანის შემთხვევა პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან არ მახსენდება რომელიმე შემთხვევა, როცა ასე, სასწრაფო წესით დაეკავებინოთ ვინმე… ამას ჰქვია სამართლის და სახელმწიფოს გამოყენება პარტიული და პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის. მე ვერ მოვიწონებ ამ საქციელს – ნაგვის დაყრას, გამიჭირდება ვთქვა, რომ ეს იყო გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ეს იყო ბრაზის გამოხატულება მიუღებელი ფორმით…

ნაგვის დაყრა ჩვენ არ მოგვეწონა ვიზუალურად, რადგან მძიმე სანახავია, მაგრამ იმავეს აკეთებს ყოველდღე ხელისუფლება. ნაგვის დაყრის მიზანი რა არის? – დამცირება. ასე ყოველდღიურად გვამცირებს, ნაგავს გვაყრის, ნაცარს თვალებში გვაყრის ხელისუფლება… ხელისუფლებამ შექმნა ეს მძიმე ვითარება, როცა ადამიანები პროტესტს გამოხატავენ ისე, რასაც მე პირადად ვერასდროს გავაკეთებ. ამ ქვეყანაში არასდროს ხდება ხელისუფლების ანგარიშვალდებულება, ხოლო როგორც კი მოქალაქე საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებს არღვევს, მასზე სასწრაფო წესით ხდება რეაგირება,“ – ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

„რიგით მოქალაქეს არ აქვს იმის რესურსი, რომ დეპუტატი დევნოს. ეს სასაცილოა მინიმუმ,“ – ამბობს ადვოკატი რამინ პაპიძე. იურისტი მიიჩნევს, რომ დევნის მუხლით გამოძიების დაწყება უსაფუძვლოა. რამინ პაპიძის აზრით, ნაგვის დაყრა მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, კონკრეტულად – წვრილმანი ხულიგნობა.

„დევნა გულისხმობს მრავალჯერადად გარკვეული პრობლემების შექმნას. ამ შემთხვევაში კი, ეს იყო ერთჯერადი მოქმედება ერთი სუბიექტის მიმართ. ეს არანაირად არ შეიძლება იყოს განხილული, როგორც დევნა. დევნა მძიმე, სხვადასხვა მოქმედებების ჯაჭვია…

ამ შემთხვევაში ჩავლეიშვილის ბედი კი არ ადარდებს ხელისუფლებას, არამედ ცდილობს, რომ ოპოზიციის დისკრედიტაცია მოახდინოს და თავი დაიცვას მსგავსი ქმედებებისგან. ჩავლეიშვილმა ამომრჩეველი გადააგდო, მაგრამ მას პასუხი უნდა მოვთხოვოთ პოლიტიკურად, არა ქუჩაში ქვების დაშენით,“ – მიიჩნევს ადვოკატი რამინ პაპიძე.

იურისტი და საიას-ს აჭარის ფილიალის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილიც მიიჩნევს, რომ გამოძიება ამ შემთხვევაზე საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო.

„ფიზიკური შემხებლობა ადამიანთან და მისთვის შეურაცხყოფის მიყენება უკვე აღარაა კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ნაგვის დაყრა არ შეიცავს თავისი შინაარსით სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. მისი დაკავება და ბრალის წარდგენა არ არის დემოკრატიული განვითარების მქონე სახელმწიფოსთვის მაღალი სტანდარტი. მისი დაკავებით საერთოდ სამართლებრივ ნონსენსში გადავდივართ… ნაგვის დაყრა შესაძლოა შეიცავდეს სამართალდარღვევის ნიშნებს, მაგრამ დანაშაულის ნიშნებს ცალსახად გამოვრიცხავ,“ – გვითხრა გიორგი ხიმშიაშვილმა.

რა ლოგიკით იყო გამართლებული ირაკლი ფანგანის შემთხვევაში გამოძიების დაწყება? – პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ამ თემაზე საუბრისთვის ვერ მოიცალეს. პარლამენტარმა გია ვოლსკიმ კი, ეს მოგვწერა:

„…პოლიტიკური თვალსაზრისით მე აგრესიის და ძალადობის წახალისების მიზანს ვხედავ, რაც, ვფიქრობ, ნაცმოძრაობის გამიზნული სტრატეგიაა. სამართლებრივ მხარეს რაც შეეხება, ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაგმობს ამ ხეპრულ საქციელს, მხარს არ უჭერს ძალადობას, ან სახელმწიფოს ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე სააკაშვილის კლასტერისას, ბულინგის სამიზნედ იქცა, ესეც ამ კლასტერის ხელწერაა,“ – მოგვწერა გია ვოლსკიმ და დასძინა, რომ სხვა კომენტარს ამ თემაზე ვერ გააკეთებს.

___

მთავარი ფოტო: სქრინი ვიდეოკადრიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: