Batumelebi | დამქირავებლის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება თებერვლიდან სავალდებულოა დამქირავებლის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება თებერვლიდან სავალდებულოა – Batumelebi
RU | GE  

დამქირავებლის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება თებერვლიდან სავალდებულოა

2021 წლის პირველი თებერვლიდან დამქირავებლის მიერ დაქირავებულ პირთა რეესტრის შევსება სავალდებულოა. პირველი მარტიდან კი, დამქირავებლის მიერ დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ ინფორმაციის არასწორად განსაზღვრა გამოიწვევს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, ხოლო გარკვეულ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელს უფლება ექნება,  მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო კონტროლის დანიშვნის თაობაზე.

კანონის მიხედვით, დამქირავებელი პირი ვალდებულია შემოსავლების სამსახურის ვებპორტალზე პირადი ავტორიზებული გვერდიდან, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე/შეწყვეტამდე/შეჩერებამდე შეავსოს დაქირავებულ პირთა რეესტრი, სადაც მიეთითება დაქირავებული ფიზიკური პირ(ებ)ის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

  • პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, ტელეფონის ნომერი, სამუშაო განაკვეთი და სტატუსი [აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი]. 

დამქირავებელი პირი ვალდებულია 2021 წლის 1-ელ მარტამდე „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ელექტრონულად ასახოს 2021 წლის 1-ლი თებერვლის მდგომარეობით აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე დაქირავებული პირების შესახებ ინფორმაცია.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 21 იანვრის ბრძანებით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ასახული მონაცემების სისწორის შესწავლა, რაც გულისხმობს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების [სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, მოქალაქეობა და სხვა] შესახებ  ინფორმაციის ანალიზს. შესწავლას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახორციელებს დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარების გზით ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ზე გასვლით.

დამქირავებელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს მას ახსნა-განმარტებები და ყველა ის დოკუმენტაცია, რაც განსაზღვრავს დაქირავებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობის ან/და მათი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების სისწორის დადგენას.

„რეესტრში ასახული მონაცემების სისწორის შესწავლისას თუ გამოვლინდა დაქირავებულ ფიზიკურ პირთა შესახებ არასწორი ინფორმაცია, აღნიშნული გამოიწვევს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ ვერ განხორციელდა დამქირავებელ პირთან კომუნიკაციის დამყარება ან/და დამქირავებელი პირის ობიექტ(ებ)ის მოძიება, და თუ დამქირავებელი უარს აცხადებს წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შესაბამისი დოკუმენტაცია, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება საგადასახადო კონტროლის დანიშვნის თაობაზე“ – აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში, რომელიც ძალაში 2021 წლის პირველი მარტიდან შევა.

„მონაცემთა ახალი ბაზის ფორმირება ითვალისწინებს დაქირავებულ პირთა შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის თავმოყრას. რეესტრის შექმნა შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმებასთან და იგი საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.

 

დაქირავებულ პირთა რეესტრის და დაქირავებით შრომის განმარტება ნახეთ აქ:
  • „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით:

მუხლი 11​2დაქირავებულ პირთა რეესტრი

1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული დამქირავებელი, ვალდებულია დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური.

2. დაქირავებულ პირთა შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს წარედგინება ელექტრონულად, შრომითი ურთიერთობის დაწყებამდე/შეწყვეტამდე/შეჩერებამდე, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (www.rs.ge) მეშვეობით.

3. „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ აისახება დაქირავებულ პირთა შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) დაქირავებული პირის პირადი ნომერი, სახელი და გვარი, სქესი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი, მობილური ტელეფონის ნომერი;

ბ) სამუშაო განაკვეთი;

გ) სტატუსი – აქტიური, შეჩერებული, შეწყვეტილი;

დ) სტატუსის შეწყვეტის/შეჩერების თარიღი;

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისათვის:

ა) აქტიური სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას;

ბ) შეჩერებული სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელიც დროებით ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას, რაც არ იწვევს შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას;

გ) შეწყვეტილი სტატუსი ენიჭება დაქირავებულ პირს, რომელთანაც შეწყდა შრომითი ხელშეკრულება.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების ცვლილებისას დამქირავებელი ვალდებულია შესაბამისი ცვლილებები 2 კალენდარული დღის ვადაში ასახოს „დაქირავებულ პირთა რეესტრში“.“.

2. 112-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 38-ე პუნქტი:

„38. 2021 წლის 1-ელ მარტამდე დამქირავებელი ვალდებულია 11​2 მუხლის შესაბამისად „დაქირავებულ პირთა რეესტრში“ ელექტრონულად ასახოს 2021 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით 11​2 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად აქტიური და შეჩერებული სტატუსის მქონე დაქირავებული პირების შესახებ ინფორმაცია.“.

  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით:

მუხლი 12. დაქირავებით მუშაობა

1. დაქირავებით მუშაობად ითვლება:

ა) ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით;

ბ) ფიზიკური პირის მიერ იმ ვალდებულების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, სამართალდამცავ და მასთან გათანაბრებულ ორგანოებში მის სამსახურთან;

გ) ფიზიკური პირის მიერ საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელად (დირექტორად) ყოფნა ან ხელმძღვანელის (დირექტორის) მოვალეობის შესრულება.

2. დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი ამ კოდექსის მიზნებისათვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად“.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com