მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

გამგეობას გამცილებლის დანიშვნა ვთხოვე, მითხრეს ქალაქის მეორე ბოლოში – მერიაში წადიო

24.11.2020 • 1096
გამგეობას გამცილებლის დანიშვნა ვთხოვე, მითხრეს ქალაქის მეორე ბოლოში – მერიაში წადიო

ავტორი: ესმა გუმბერიძე, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, იურისტი

______

იურიდიულის პირველი კურსის მიწურულს მედიაციის ტრენინგზე უფროსკურსელ მონაწილეებს ვუმტკიცებდი – კი, მაგრამ სამართალი ხომ შექმნილია სამართლიანობის, ადამიანის უფლებებისა და ღირებულებების უზრუნველსაყოფად-მეთქი. მათ კი მფარველის ტონით მკითხეს, თუ რომელ კურსზე ვარ. პასუხი რომ მოისმინეს, გამიღიმეს და კეთილგანწყობით მითხრეს: „გვესმის… ცოტა ხანში გაგივლის“.

მე კიდევ უნივერსიტეტიც დავამთავრე, იმის მერე 3 წელი აქტივისტური პრაქტიკაც მივაყოლე, მაგრამ ისევ იმისი მჯერა, რომ სამართალი იმისთვისაა საჭირო, სამართლიანობის მინიმალური სტანდარტი მაინც უზრუნველყოს რესურსებისა და სიკეთეების განაწილებაში.

დარწმუნებული ვარ, რომ ღირებულებები, ფასეულობები ადამიანს დრომ და გამოცდილებამ არ და ვერ უნდა გამოაცალოს, ვერ უნდა წაართვას.

მუნიციპალური სერვისებისა და ადმინისტრაციული საჩივრების ეფექტურად განხილვის თაობაზე ვესწრებოდი შეხვედრას. იქ გამოცდილი იურისტებიც იყვნენ, ვისაც ყოველდღიური ურთიერთობ აქვს მერიასთან, საკრებულოსთან, სხვადასხვა სსიპებსა და ააიპებთან. მათ ზუსტად იგივე პრობლემები დაასახელეს, რაც ჩვენ, სერვისების რიგითმა მოქალაქეებმა:

აქვე ვიტყვი, რომ შარშან სხვა შშმ ქალთან ერთად დავწერეთ განცხადება, სადაც თბილისის მერთან შეხვედრას ვითხოვდით. არც შეგვახვედრეს და წერილობითი პასუხიც კი არ გაგვცეს.

იურისტებმა თქვეს, რომ თუ მუნიციპალიტეტის სსიპებიდან/ააიპებიდან ცდილობენ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას, ისინი ხშირად არც პასუხობენ ან ძალიან არღვევენ ვადებს.

ხშირად არბენინებენ მოქალაქეს ერთი სამსახურიდან მეორეში, ამისამართებენ, თვითონ კი არ უგზავნიან განცხადებას და დოკუმენტაციას. ერთი მეორესთან, მეორე ისევ პირველთან. მიდის სამსახურებს შორის ერთმანეთზე საქმის გადაბრალება-გადადება. მე ჩემი რაიონის გამგეობაში შევიტანე განცხადება გამცილებლის დანიშვნის თხოვნით.  მითხრეს მერიაში [ქალაქის მეორე ბოლოს] წადი და იქ შეიტანეო.

ბევრ ისეთ რამეზე უწევს ადამიანს მერიაში მისვლა, რისი გაკეთება დისტანციურადაც შეიძლება. მაგალითად, შშმ პირისთვის პარკირების ნებართვის ასაღებად რატომ არ შეიძლება, შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა და პირადობის მოწმობა ელფოსტით რომ გავაგზავნოთ, ორჯერ არ მოგვიწევდა მისვლა – ერთხელ განცხადების შესატანად და ერთხელ დოკუმენტის წამოსაღებად.

მოქალაქეს განცხადებაში მითითებულ მოთხოვნაზე უარს რომ ეუბნებიან, არ აკვალიანებენ საჩივარი როგორ დაწეროს. თვითონ თუ მიხვდა, როგორ დაწეროს ადმინისტრაციული საჩივარი ისე, რომ ახალ განცხადებად არ ჩაეთვალოს და სასამართლოში შეძლოს ჩივილი, თუ არა და მეორე და მესამე წრეზე მიდის, რაც მთავრდება ისევ განცხადებაზე უარის მიღებით. და ამ უარს სასამართლოში ვერ ასაჩივრებ, რადგან ფორმალურად ადმინისტრაციული გასაჩივრების მექანიზმით არ გისარგებლია.

ადმინისტრაციულ სამართალში, თავის დროზე ვისწავლე, რომ ადმინისტრაციული საჩივარი ზემდგომ ორგანოში ან ხელმძღვანელ პირთან ემსახურება საჯარო დაწესებულების თვითგაუმჯობესებას, ასევე სასამართლოს განტვირთვას. თუმცა პრაქტიკაში თურმე საჯარო სამსახურები ადმინისტრაციულ საჩივარსა და ზოგჯერ მისით მოთხოვნილ ზეპირ მოსმენას ფორმალობად აღიქვამენ. ცდილობენ თავიდან მოიშორონ, აქაოდა სასამართლომ გადამიწყვიტოსო.

სასამართლოს პირველი ინსტანციაც მოიხსენიეს დამსწრე იურისტებმა ფორმალობად. თქვეს, რომ შინაარსობრივად საქმეები ძირითადად წყდება სააპელაციო სასამართლოში. ამ ამბავმა თმა ყალყზე დამიყენა. სასამართლო განხილვა ისედაც ხანგრძლივი პროცესია და რესურსების უაზრო თქმა გამოდის როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის მხრიდან. თქვეს, რომ მერია ჯიბრზე ხშირად უზენაეს სასამართლომდეც მიდის, არ ეგუება პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას.

სასამართლო გადაწყვეტილებებიც კი ხშირად ვერ არის პირდაპირ აღსრულებადი. მაგალითად მოიყვანეს მშენებლობის ნებართვა, რომელსაც ბევრი კრიტერიუმის დაკმაყოფილება სჭირდება. ყველა მათგანის შინაარსობრივ განხილვაში სასამართლო ვერ შედის და თავისი გადაწყვეტილებით ნებართვის გაცემა არ შეუძლია. ის ეუბნება მუნიციპალიტეტს, რომ უკანონოა ნებართვის გაცემაზე მათი უარი [მითითებული საფუძვლები]. ეს ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტმა ხელახლა უნდა შეისწავლოს დოკუმენტაცია და მიიღოს გადაწყვეტილება, გასცეს თუ არა ნებართვა. ისინი კი, ხშირად რამდენიმეწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ, ისევ უარს ეუბნებიან სხვა საფუძვლით, რომელიც ისევ უნდა ასაჩივროს მოქალაქემ. ამასობაში მას შეიძლება მშენებლობის, შეკეთების მოტივაცია და ფულიც აღარ ჰქონდეს.

იურისტებთან ყოფნამ გამახსენა საუნივერსიტეტო წლები. მათ თქვეს, რომ მოხელეებად ხშირად მათი სტუდენტები მუშაობენ. უხარიათ, იციან, რომ კარგი იურისტები არიან, მაგრამ სამსახურებში დამკვიდრებულ პრაქტიკას ვერ ცვლიან საჯარო სამსახურის იერარქიულობისა და არადემოკრატიულობის გამო. ჩემთვის ამის მოსმენა მძიმე იყო. გამოდის, რიგით მოხელეს თავის პროფესიაში სიტყვა ვერ ეთქმის. ის უბრალო შემსრულებლად განიხილება უფროსობის მიერ და პრაქტიკის გაუმჯობესებაზე გავლენას ვერ ახდენს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: