მთავარი,სიახლეები

რიჟვაძე შავაძის საქმის შეხსენებაზე – საარჩევნო დღის შეჯამება არ დავუთმოთ ცალკეულ ქეისებს

21.11.2020
რიჟვაძე შავაძის საქმის შეხსენებაზე – საარჩევნო დღის შეჯამება არ დავუთმოთ ცალკეულ ქეისებს

დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს 2008 წელს მოკლული „სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე“, რაზეც ევროსასამართლომ ორი დღის წინ დაადგინა, რომ დაირღვა მისი სიცოცხლის უფლება.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, [მიუხედავად იმისა, რომ როინ შავაძის საქმეზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა], არჩევნების დღეს ასეთი თემების წამოწევა მმართველი პარტიის დისკრედიტაციას ემსახურება. მისი თქმით, აქვს თუ არა რაიმე შემხებლობა ამ საქმესთან რესან კონცელიძეს – „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს საქართველოს პარლამენტში, ეს მომავალში გაირკვევა.

„რამდენადაც ვიცი, ბატონმა რესანმა ამ საკითხზე დააფიქსირა თავისი პოზიცია, ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით რა შემხებლობაში იყო, ან საერთოდ თუ იყო. დარწმუნებული ვარ, ის, როგორც ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში გიპასუხებთ, თუკი კიდევ არსებობს რაიმე კითხვები ამ ქეისის ირგვლივ.

ეს საქმე და სხვებიც, არის ზეიმი სამართლიანობის და პასუხისმგებლობის ნაწილში, ყველას, როგორც წარსულში ასევე მომავალში დაეკისრება პასუხისმგებლობა. მაგრამ, უმჯობესია წინასაარჩევნო დღის შეჯამება არ დავუთმოთ ცალკეულ ქეისებს, რადგან ესეც ერთ-ერთი გამოვლინებაა არჩევნების დღის დისკრედიტაციის, მათ შორის ამ კონკრეტული ქეისის მოყვანა“, – განაცხადა რიჟვაძე.

შეგახსენებთ, რომ 23-ე ბატალიონის სერჟანტი, როინ შავაძე 2008 წელს, ცხინვალის ბრძოლებიდან დაბრუნების მეორე დღეს, 16 აგვისტოს, ბათუმში ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა დააკავეს. ფოტომასალების მიხედვით, შავაძე წამებით მოკლეს. როინ შავაძის საქმის გამოძიება თავის დროზე აჭარის პოლიციამ დაიწყო, სადაც ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა ეკავა რესან კონცელიძეს.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ამ მკვლელობიდან 12 წლის შემდეგ, 2020 წლის 19 ნოემბერს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება საქმეზე – „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“.

ევროსასამართლოს საჩივრით გარდაცვლილის მეუღლემ ციცინო შავაძემ მიმართა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: