მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ნორმალური ცხოვრება მომავალ ზამთარს დაბრუნდება, ამბობს კოვიდის ვაქცინის შემქმნელი

16.11.2020
ნორმალური ცხოვრება მომავალ ზამთარს დაბრუნდება, ამბობს კოვიდის ვაქცინის შემქმნელი

პროფესორმა უღურ შაჰინმა განაცხადა, რომ მათ მიერ შექმნილი კოვიდის საპრევენციო ახალი ვაქცინის ზეგავლენა საგრძნობლად გაიზრდება ზაფხულის განმავლობაში და ცხოვრება ჩვეულ რიტმს მომავალი ზამთრისთვის დაუბრუნდება.

პროფესორმა შაჰინმა, რომელიც კოვიდის ვაქცინის შემქმნელი კომპანიის BioNTech–ის თანადამფუძნებელია, ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვაქცინა გაანახევრებს ვირუსის გადაცემას, რაც გამოიწვევს „შემთხვევების დრამატულ კლებას“.

გასულ კვირას, BioNTech-ისა და ამერიკული კომპანია Pfize-ის განცხადების თანახმად, წინასწარმა ანალიზმა აჩვენა, რომ BioNTech-ის ვაქცინას შეუძლია დაიცვას ადამიანების 90%-ზე მეტი Covid19-სგან. კომპანიის განცხადებით, ვაქცინის ტესტირებაში 43 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანებს შორის ვირუსის გადადება მაღალეფექტური ვაქცინის დახმარებით შემცირდება, შესაძლოა არა 90, მაგრამ 50 პროცენტით, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამანაც კი შეიძლება მკვეთრად შეამციროს პანდემიის გავრცელება“ – განაცხადა პროფესორმა შაჰინმა.

პროფესორმა თქვა, რომ მათი მიზანი – მომავალი აპრილისთვის მიაწოდონ ვაქცინის 300 მილიონზე მეტი დოზა ადამიანებს მსოფლიოს მასშტაბით, იქნება პანდემიაზე ზეგავლენის მხოლოდ დასაწყისი და უფრო მნიშვნელოვანი შედეგი დადგება მოგვიანებით. მისი თქმით, ინფიცირების მაჩვენებლების შემცირებაზე დადებითად იმოქმედებს ზაფხული, ეს პერიოდი კი საჭირო იქნება მასშტაბური ვაქცინაციისთვის.

კომპანია, 2020 წლის ბოლომდე ვაქცინის 50 მილიონი დოზის გამოშვებას, აპრილისთვის – 300 მილიონ, მთლიანად 2021 წლის განმავლობაში კი მილიარდზე მეტი დოზის გამოშვებას გეგმავს. BBC წერს, რომ ვაქცინას პირველი განვითარებული ქვეყნები მიიღებენ. Financial Times-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა ხელშეკრულება გააფორმა ვაქცინის 200 მილიონი დოზის მიღებაზე, ბრიტანეთმა – 40 მილიონზე, აშშ-მ – 100 მილიონ დოზაზე, ავსტრალიამ კი 10 მილიონზე.

BioNTech/Pfizer-ის პრეპარატი Covid-19-ის საპრევენციო ერთადერთი პერსპექტიული ვაქცინა როდია. ამ ეტაპზე ტესტირების ფინალურ ეტაპზე, ჯანმოს მიერ აღიარებული 12 პრეპარატია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: