მთავარი,სიახლეები

ცესკო: 3 725 საარჩევნო უბნისთვის 7 102 600 ბიულეტენი იბეჭდება

24.10.2020
ცესკო: 3 725 საარჩევნო უბნისთვის 7 102 600 ბიულეტენი იბეჭდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის [ცესკო] ინფორმაციით, საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი დაიწყო. ბიულეტენები 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის იბეჭდება.

საერთო ჯამში, თბილისის 7 სტამბაში 3 725 საარჩევნო უბნისთვის დაიბეჭდება 7 102 600 ბიულეტენი. მათგან 3 160 900 განკუთვნილია საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის პროპორციული საარჩევნო სისტემით, 3 097 800 საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, 40 100 – საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის, 219 800 – მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის, ხოლო აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის ჯამში – 584 000 ბიულეტენი.

31 ოქტომბერს აჭარაში საუბნო კომისიაში მისული ამომრჩეველი ოთხ ბიულეტენს მიიღებს – ორს საქართველოს პარლამენტის, ხოლო ორს – აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის.

კენჭისყრის დღეს, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისთვის, ამომრჩეველს გადაეცემა ორი ბიულეტენი, როგორც მაჟორიტარული, ისე პროპორციული საარჩევნო სისტემით. იქ, სადაც ასევე ტარდება საკრებულოს შუალედური არჩევნები – კერძოდ, თბილისის, თელავის, თეთრიწყაროსა და ონის მუნიციპალიტეტების 39 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველი მიიღებს 3 ბიულეტენს.

კასპის, ონის, ხარაგაულის, თერჯოლისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში – ჯამში 255 საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტის არჩევნების ბიულეტენთან ერთად ასევე მიიღებს მუნიციპალიტეტის მერის ასარჩევ ბიულეტენს.

ცესკოს განმარტებით, კანონმდებლობის თანახმად, ზუსტი აღრიცხვის მიზნით, საარჩევნო ბიულეტენები თანმიმდევრობით დაინომრება და 50-50 ცალად აიკინძება ბლოკნოტების სახით. თითოეულ საარჩევნო უბანს ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, გადაეცემა 50-ის ჯერადი ოდენობის ბიულეტენი.

ბიულეტენები ასევე დაიბეჭდება ეთნიკური უმცირესობების ენებზე: ქართულ-აზერბაიჯანული ბიულეტენები მიეწოდება 213 საარჩევნო უბანს, ხოლო ქართულ-სომხური – 135 საარჩევნო უბანს.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ  საოლქო საარჩევნო კომისიებს ბიულეტენები კანონით განსაზღვრულ ვადებში, არჩევნების დღემდე ორი დღით ადრე უნდა გადასცეს, საოლქო საარჩევნო კომისიებმა კი კენჭისყრის დაწყებამდე არაუგვიანეს 12 საათისა უნდა უზრუნველყონ ბიულეტენების მიწოდება საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე ბეჭდავს როგორც ამომრჩეველთა სამაგიდო, ფოტოსურათიანი, ისე სიის საჯარო, კედლის ვერსია და ამომრჩევლის ბარათებს.

საბოლოო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში, საერთო ჯამში, რეგისტრირებულია 3 526 022 ამომრჩეველი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: