„ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რომ ამ კეთილმა ხალხმა ამისრულა ეს ოცნება. შემდეგ გადანაწილდა გრანტით მოგებული თანხა, მოვაწყვე ოთახი და ორი წლის წინ გავხსენი სალონი“ – გვიყვება თავის ამბავს ზეინაბ თურმანიძე, შშმ ქალი ქედიდან, რომლის იდეაც ევროკავშირმა დააფინანსა და ის ახლა სოფელ მერისში, საკუთარ სილამაზის სალონში, თანასოფლელებს სთავაზობს მომსახურებას.
საუბარი საკუთარ ცხოვრებაზე, საყვარელ საქმიანობაზე და ადამიანებზე, რომლებიც დაეხმარნენ, მისთვის ემოციურია. ცდილობს არავინ და არაფერი გამორჩეს ისეთი, რამაც მის ცხოვრებაზე უკვე მოახდინა გავლენა.
ზეინაბ თურმანიძე
ზეინაბი ამბობს, რომ ყოველთვის უყვარდა ეს საქმე, თუმცა მისი ცხოვრება საბოლოოდ რამდენიმე წლის წინ შეიცვალა, როცა არასამთავრობო ორგანიზაციების სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა დაიწყო.
„იმდენად მიხარია აქ მოსვლა, ამ გარემოში, რომ ჩემთვის მხოლოდ ფული არაფერი არაა“ – გვიხსნის ზეინაბი და ხაზს უსვამს, რომ რომ თვითონ თუ შეძლო და არასამთავრობო ორგანიზაციის და ევროკავშირის დაფინანსება მოიპოვა, შესაძლებელია, ეს სტიმული აღმოჩნდეს სხვა შშმ პირებისთვის:
„ჩემს ცხოვრებას არ ერქვა კარჩაკეტილი, აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ იმდენ ტრენინგს დავესწარი, ჩემს თავს ვეუბნებოდი, თურმე რამდენი რამ არ მცოდნია…
ძალიან ბევრი ტალანტი იკარგება და ძალიან ბევრი ნიჭი სოფლად.
იმიტომ, რომ შშმ პირია ოჯახში, არავინ დამაჯეროს რომ საკმარისი ფინანსები აქვთ. ვერა, იმიტომ რომ მის ჯანმრთელობას პრობლემა აქვს და მიხედვა სჭირდება“ – ამბობს ზეინაბი.

ზეინაბი მუშაობისას
ის მიმდინარე პოლიტიკურ ცხოვრებასაც ადევნებს თვალს. ზეინაბი მიიჩნევს, რომ რეალურია საფრთხე – დაფინანსება შეუწყდეთ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მისი აზრით, ეს პირველ რიგში შშმ პირთა და განსაკუთრებით შშმ ქალების ცხოვრებას ცხოვრებას დაარტყამს:
„მე არ ვიყავი გაჭირვებულთა სიაში, მაგრამ ის ფინანსები არ მქონდა და არ ჰქონდა ჩემს ოჯახს, რომ ჩემი ოცნება ახდენილიყო. ასეთი ორგანიზაციები თუ ვერ მიიღებენ დაფინანსებას და გაჩერდებიან, პირველი დარტყმა იქნება შშმ პირებზე. იმიტომ, რომ ჩემმა ორგანიზაციამ ძალიან ბევრ შშმ პირს გაუწია დახმარება, რითაც რადიკალურად შეიცვალა მათი ცხოვრება“.

ზეინაბი თავის სალონთან
- ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი ქართველი ახალგაზრდებისთვის
„უნარები დასაქმებისა და თანამშრომლობისთვის – პერსპექტივები საქართველოს რეგიონებისთვის“ ევროკავშირის დაფინანსებული პროექტი იყო, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები: „ინოვაციების და ცვლილებების ინსტიტუტი“, „დემოკრატიის ინსტიტუტი“, „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ და ასოციაცია „ათინათთი“ ერთად ახორციელებდნენ.
პროექტი სამი წლის განმავლობაში (2020-2023 წწ) მიმდინარეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში და მისი ძირითადი მიზანი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესება იყო.
პროექტის პრიორიტეტი იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ქალთა თანაბარი ჩართულობა, გენდერული თანასწორობის დაცვა და გენდერულად მგრძნობიარე აქტივობების დაგეგმვა.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის თქმით, ზეინაბ თურმანიძის იდეა, გარდა იმისა, რომ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, განსაკუთრებული იყო იმითაც, რომ მსგავსი სერვისები ზოგადად ხელმიუწვდომელია სოფლად მცხოვრები ქალებისთვის:
„ზეინაბს ქოუჩინგის სესიების შემდეგ აღმოაჩნდა ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა თავის თემში სილამაზის სალონის მოწყობას. აღნიშნულმა იდეამ წარმატებით გაიარა კონკურსი, დაიმსახურა საგრანტო კომისიის მოწონება და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში დავაფინანსეთ“ – ამბობს ალექსანდრე ლორთქიფანიძე.

ალექსანდრე ლორთქიფანიძე
პროცესში აჭარის დასაქმების სააგენტოც იყო ჩართული, რომელმაც უკვე პროფესიულად გადაამზადა ზეინაბი. ისევ „დემოკრატიის ინსტიტუტმა“ კი, ევროკავშირის დაფინანსებით, ზეინაბს შეუძინა საჭირო აღჭურვილობა, ადგილობრივმა საკრებულომ კუთვნილ შენობაში, გამოუყო სალონისთვის საკმარისი ფართობი, რამაც ზეინაბის ოცნება – ყოფილიყო დასაქმებული და ჰქონოდა საკუთარი საქმე, რეალობად აქცია.
ნახეთ ვიდეო:
ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.