მთავარი,მულტიმედია,სიახლეები

ხილის საწარმო საოკუპაციო ხაზთან, სადაც ჩირს, ბადაგსა და წვენებს აწარმოებენ

13.11.2024 •
ხილის საწარმო საოკუპაციო ხაზთან, სადაც ჩირს, ბადაგსა და წვენებს აწარმოებენ

„საოკუპაციო ხაზთან არსებულ სოფლებში მუდმივად დაძაბულ სიტუაციაში ვცხოვრობთ. აქ ინვესტიციის ჩადებამდე ბევრი მეუბნებოდა, რომ თავი შემეკავებინა, ეგებ არ ღირსო“, – ამბობს დავით გელუტაშვილი, რომელსაც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში ხილის გადამამუშავებელი საწარმო აქვს.

კომპანია „ფრუტერა“ 2021 წელს დაარსდა. „ფრუტერა“ ამჟამად ოცდაათამდე სახეობის ხილის ჩირს და ასევე, ბადაგსა და ხილის წვენებს აწარმოებს. 

ნედლეულის სახით გამოყენებულია საწარმოს ბაღებში მოყვანილი, მდინარე ფრონის წყლით მორწყული, ნიტრატებისგან თავისუფალი ხილი. პროდუქტები ნატურალურია და მასში არ არის გამოყენებული შაქარი, გლუტენი, გასასქელებელი, ფერები, არომატიზატორები, ემულგატორები და კონსერვანტები. 

„ფრუტერას“ ბაღი

როგორც დავით გელუტაშვილი გვიყვება, ხილის გადამუშავების იდეა ბავშვობიდანვე ჰქონდა, რადგან მისი ოჯახი მთელი წლის შრომით მოყვანილ პროდუქტებს სათანადო ფასად ვერ ყიდდა ხოლმე:

„უამრავი სახეობის ხილი გვქონდა, რომლის რეალიზებასაც სათანადო ფასად, სათანადო დროს ვერ ვახდენდით. ამიტომ, ძალიან ბევრი ხილი გვიფუჭდებოდა და იმისათვის, რომ პროდუქტი გადამემუშავებინა, გადავწყვიტე ჩირის საწარმო გამეკეთებინა“ – ამბობს ის.

დავით გელუტაშვილი

2018 წელს დავით გელუტაშვილმა ხილის შესანახი მაცივარი ააშენა. უკვე 2 წლის შემდეგ მოაწყო ჩირის საწარმო და 2020 წელს პირველი სატესტო პროდუქტი დაამზადა:

„ჩირის წარმოება დავიწყე USAID-ის პროექტის, ZRDA-ს ხელშეწყობით. მათ შემიძინეს 12-ათასლარიანი საშრობი დანადგარი, სხვა ყველა საჭირო ინვენტარი ჩემი სახსრებით ვიყიდე. ამ გადმოსახედიდან ის ინვესტიცია ძალიან მცირე იყო, ყველაფერი ხელით კეთდებოდა, დიდი დანახარჯი გვქონდა და ერთეული პროდუქტის ღირებულება მაღალი იყო. შესაბამისად, მოგების მარჟაც დაბალი იყო“. 

დღეისათვის „ფრუტერას“ ინვესტიციის მოცულობა 300 ათასზე მეტი ლარია. ინვესტიციის 40% სხვადასხვა ფონდისგან მიღებული დაფინანსებაა. კომპანიას უშუალოდ ხილის გადამუშავების პროცესში ათი ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული. 

„გვაქვს ჩვენი ხილის ბაღი, რომელიც 2,5 ჰექტარზეა გაშენებული და ამ ბაღის მოვლასა და ხილის მოყვანა-მოკრეფაშიც ადგილობრივები მყავს დასაქმებული.

ამის გარდა, ადგილობრივი მოსახლეობისგან ისეთ ნედლეულსაც ვყიდულობთ, როგორიცაა: შავი ქლიავი, ტყემალი, შინდი და ა.შ.

როგორც გითხარით, წარმოება იმის გამო დავიწყე, რომ ხილი გვიფუჭდებოდა და ახლა ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ადგილობრივებს, რომ მთელი წლის ნაშრომი ხილი არ გაუფუჭდეთ“, – აღნიშნავს დავით გელუტაშვილი.

საწარმო „ფრუტერა“

„ფრუტერას“ პროდუქცია

საწარმოო პროცესში „ფრუტერა“ განახლებად ენერგიას იყენებს. 2023 წელს კომპანია USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამაში მონაწილეობდა და მზის პანელების შესაძენად დაფინანსება მიიღო:

„ამჟამად „ფრუტერას“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 60% განახლებად ენერგიაზე მოდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დანაზოგია მცირე ბიზნესისთვის, რადგან ხარჯები მცირდება.

გამოთავისუფლებული თანხით კი რეინვესტირებას ვახდენთ საწარმოში“. 

„ფრუტერა“

მეწარმის აზრით, სტარტაპის ხელშეწყობის სხვადასხვა პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ადამიანებს საქმის დაწყებაში ეხმარება: 

„მსგავსი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის: საბიუჯეტო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, ევროკავშირს აქვს არაერთი მიმართულება, USAID-ს აქვს ძალიან ბევრი სხვადასხვა პროექტი. 

ხშირად ასეთი პროექტები ადამიანების იდეების ინიცირებას იწვევს. შეიძლება გრანტის თანხა ყველაფრისთვის საკმარისი არ იყოს, მაგრამ საქმის დაწყებისთვის საკმარისია და თუ ადამიანს მეწარმეობა სურს და გარკვეული უნარებიც აქვს, შემდეგ უკვე შეუძლია მუშაობა განაგრძოს და წარმატებებს მიაღწიოს. ეს პროექტები მოტივაციის მომცემია“. 

„ფრუტერა“ – ჩირის დამზადების პროცესი

დავით გელუტაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში წარმოებულ პროდუქტებს მომხმარებლები სათანადოდ არ იცნობენ და ლოიალურებიც არ არიან. მისი თქმით, დღეს საქართველოს ბაზარზე გაყიდული მშრალი ხილის 80% იმპორტირებულია სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორისაა: ჩილე, არგენტინა და ჩინეთი. 

„ჩვენ ძალიან დიდი შრომის ფასად გვიწევს პროდუქტის წარმოება და მოგების მინიმალური მარჟა გვაქვს. მაგალითად, „ფრუტერას“ წარმოებული 1 კგ ჩირი 18 ლარი ღირს, ხოლო იმპორტირებული იმავე შავი ქლიავის 1 კგ ჩირი – 54 ლარი. სუპერმარკეტებში სწორედ იმპორტირებული ჩირი გვხვდება. 

ყველას ვთხოვ, გაეცნონ ეტიკეტზე დატანილ ინფორმაციას, ხშირად იმპორტირებული ჩირი შეიცავს სხვადასხვა დანამატს, კონსერვანტებითაა გაჟღენთილი.

მინდა ყველას მოვუწოდო, რომ უფრო ლოიალურნი იყვნენ საქართველოში წარმოებული პროდუქტისადმი.

ქართული უფრო იაფია, ამით თვითონ მომხმარებელი იგებს, ასევე მეწარმე და რაც მთავარია, ეს ფული რჩება საქართველოს ეკონომიკაში, უცხოეთში არ გადის და ეს ნიშნავს, რომ გაცილებით მეტი ტიპის საწარმოები დაიწყებენ ფუნქციონირებას“, – ამბობს დავით გელუტაშვილი და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ადგილობრივი ბაზრის ათვისებაა მისი მიზანი, რის შემდეგაც ექსპორტზე გასვლას გეგმავს.

  • რა როლი აქვს USAID-ს ქართული ეკონომიკის გაძლიერებაში?

USAID-ი, იგივე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს. ამ დროიდან ამერიკელმა ხალხმა, USAID-ის საშუალებით, 1,9 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია საქართველოს.

ამჟამად USAID-ი ინვესტირებას ახორციელებს 39 პროგრამაში, რომელთა საერთო ღირებულება 373 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო წლიური ბიუჯეტი – 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტს შეადგენს.

„USAID საქართველოს“ კერძო სექტორის განვითარების მრჩეველი დავით წიკლაური გვიყვება, რომ როგორც აშშ-ს მთავრობის ნაწილი, USAID-ი საქართველოსთან თანამშრომლობს, რათა გააძლიეროს ქვეყნის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და სტაბილურობა. 

„ჩვენი პროექტების დახმარებით წელს 2500 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს ადგილები შეიქმნა იმ ბიზნესებში, რომლებსაც ჩვენ ვეხმარებით. ეს ბიზნესები საქმიანობენ სოფლის მეურნეობაში, ტურიზმში, მსუბუქ მრეწველობაში, IT მიმართულებაში, შემოქმედებით ინდუსტრიაში და ა.შ.“.

უშუალოდ პროექტი ZRDA, რომლის ფარგლებში „ფრუტერამ“ დაფინანსება მიიღო, 5 წელი მიმდინარეობდა და მისი მიზანი კონფლიქტის ზონასთან მცხოვრები მეწარმეების გაძლიერება იყო.

„ZRDA უკვე დასრულებულია. პროგრამის მიზანი იყო კონფლიქტის ზონასთან მცხოვრებ მოსახლეობას დახმარებოდა, რადგან ისინი რუსულ ბაზებთან ახლოს არიან და გრძნობენ დიდ მორალურ და ეკონომიკურ ზეწოლას. ასევე, ეს პროგრამა მუშაობდა იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ეს იმ მიზნით, რომ ეს თემები უფრო ჩაბმულიყვნენ ეკონომიკურ საქმიანობაში და მეტი პროდუქტი გაეყიდათ.

ამის შემდეგ დავიწყეთ იმავე ფორმატის მქონე „ძლიერი სოფლის“ პროგრამა, ასევე გვაქვს სასოფლო-სამეურნეო ბაზრების დივერსიფიკაციის პროგრამა.

ამ პროგრამების ფარგლებში, ბოლო წლებში ორი ათასზე მეტი ბიზნესი გავაძლიერეთ და ასი ათასზე მეტ ფერმერს დავეხმარეთ შემოსავლების ზრდაში“, – ამბობს დავით წიკლაური და აღნიშნავს, რომ ეს პროგრამები მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებს ეხმარებოდა.


ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: