„ბიზნესი 250 ლარით დავიწყე. ამ თანხაში მომივიდა კუთხსახეხი და სახრახნისი. მეორადი მასალებით ავაწყვე პირველი დანადგარი და მისი რეალიზაციით მიღებული თანხით ახალი მასალების შეძენა და საქმის გაგრძელება შევძელი“ – ამბობს ბადრი ციქუბაძე, რომელსაც კარალეთის დევნილთა დასახლებაში ხილ-ბოსტნეულის საშრობი დანადგარების საწარმო აქვს.

„ენლილის“ საწარმო კარალეთის დევნილთა დასახლებაში
„ენლილის“ დანადგარები ჩირის, ტყლაპის, ჩურჩხელისა და ჩაის დასამზადებლად გამოიყენება. კომპანიის ისტორია 2020 წელს დაიწყო. ამ დროს ბადრიმ ხილის გადამუშავება დაიწყო, თუმცა აღმოაჩინა, რომ საჭირო ინვენტარი საქართველოს ბაზარზე არ არსებობდა:
„ჩემი საინჟინრო ცოდნიდან გამომდინარე, ვიფიქრე ქართული წარმოების აპარატის დამზადება მეცადა და ექსპერიმენტმა გაამართლა. შემდეგ გადავწყვიტე, რომ ბაზრისთვისაც შეგვეთავაზებინა ეს პირველი მოდელი, რომელსაც „ენლილი – 1“ დავარქვი,“ – გვიამბობს მეწარმე.

ხილის საშრობი დანადგარი – „ენლილი 2“
კომპანიის სახელი შუმერული მითოლოგიიდან მოდის. ენლილი ჰაერის ღმერთად ითვლებოდა. სწორედ ცივი და ცხელი ჰაერის დაქროლის პრინციპით მუშაობს „ენლილის“ საშრობი აპარატებიც.
აპარატი მულტიფუნქციურია და გამოიყენება როგორც ხილის და ბოსტნეულის, ასევე ტყლაპის და ბოსტნეულის გასაშრობად.
„ჩურჩხელას საშუალოდ 8-10 საათში აშრობს. ჩირის შემთხვევაში, გააჩნია ხილს. ყველა სახის ხილს თავისი დრო აქვს. მაგალითად, ქლიავს 12-14 საათი ჭირდება“, – ამბობს ბადრი ციქუბაძე.
საქართველოში ძალიან პოპულარულია კარალიოკისა და ხურმის ჩირი, რომელსაც გამოსაშრობად აივნებზე თვეების განმავლობაში ფენენ. მეწარმის თქმით, ამ დროს ხილს მწერები ესევიან, მასზე ხვდება მტვერი და სოკოვანი სპორები, რომელიც ჭამის შემდეგ ჩვენს ორგანიზმში გადაინაცვლებს:
„ჩვენი აპარატების გამოყენებისას ეს ყველაფერი გამორიცხულია. ის ამცირებს ხილის ჩირად გარდაქმნის პროცესს, მიღებული პროდუქტი არის სუფთა და ობის სოკოსაც არ შეიცავს“.

ხილის საშრობი დანადგარი – „ენლილი2“
„ენლილი“ ამჟამად შვიდ ადამიანს ასაქმებს. საშრობი აპარატების დიზაინი კომპანიის მიერაა შემუშავებული. დანადგარის თაროები შეუწამლავი ხისგან და პოლიესტერის ბადეებისგანაა დამზადებული.
„ეს შემდეგ სარგებელს გვაძლევს: აპარატს გააჩნია ტენის გამტანი ძლიერი სისტემა და არ იკეთებს კონდენსატს, რაც ძირითადი პრობლემაა ხოლმე საშრობ აპარატებში“, – ამბობს მეწარმე.
„ენლილს“ ამჟამად საშრობი აპარატების სამი მოდელი გააჩნია, 30, 70 და 100კილოგრამიანი. ამჟამად კომპანია განახლებად ენერგიაზე მომუშავე მოდელზე მუშაობს:
„დანადგარებს ძირითადად საქართველოს ბაზარზე ვყიდით. ახლა ვამზადებთ 250 კილოგრამიან პროტოტიპს, რომელიც 100 პროცენტით მზის ენერგიაზე იმუშავებს. საკმაოდ ინოვაციურია მსოფლიო ბაზრისთვის და საინტერესო საექსპორტო მოდელი იქნება“, – აღნიშნავს ბადრი ციქუბაძე.
ბიზნესის საწყის ეტაპზე „ენლილი“ ავტოფარეხში იყო განთავსებული, რადგან კომპანიას საწარმოს ასაშენებლად ფინანსური რესურსი არ ჰქონდა. მოგვიანებით კომპანიამ დევნილთა სააგენტოდან 6 000-ლარიანი გრანტი მიიღო. რის შემდეგაც „მერსი ქორფსის“ თანადაფინანსების პროგრამაშიც ჩაერთო.

„მერსი ქორფსის“ პროექტის აღმნიშვნელი აბრა
„მერსი ქორფსი“, საერთაშორისო, არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც ადამიანებს ეხმარება, შექმნან უსაფრთხო და სამართლიანი გარემო, რათა შეამსუბუქონ ტანჯვა, სიღარიბე და ჩაგვრა. ეს ორგანიზაცია საქართველოში 2000 წლიდან მუშაობს.
„საკმაოდ ხელმომჭირნედ ვმუშაობდით საწყის ეტაპზე. შემდეგ დევნილთა სააგენტოს გრანტით რამდენიმე დანადგარი მივიღეთ. მოგვიანებით „მერსი ქორფსი“ შემოვიდა თანადაფინანსებით ჩვენს პროექტში და შევძელით, რომ ჩვენითვე გაგვეგრძელებინა საქმიანობა“, – ამბობს მეწარმე.

„ენლილის“ საწარმო და საშრობი
მისივე თქმით, მსგავსი საგრანტო პროექტები და საწარმოების არსებობს რეგიონებისთვის უმნიშვნელოვანესია:
„დამწყები მეწარმეებისთვის აუცილებელია მხარდამჭერი პროექტების არსებობა, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რადგან ადამიანებს არ გააჩნიათ ფინანსური შესაძლებლობები, რომ საკუთარი ინვესტიციით წამოიწყოს ბიზნესი“ – ამბობს ბადრი ციქუბაძე.

„ენლილის“ ბაღი
რა როლი აქვს მცირე და საშუალო ბიზნესს ქართულ ეკონომიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია მათ გაძლიერებაში საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა?
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მომზადებული აქვს 2021-2025 წლებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგია. ამ სტრატეგიის მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 2019-2020 წელს ეკონომიკაში შემდეგია:

მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ეკონომიკაში.
სტრატეგიის თანახმად, ამ წლებისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებებია:
- საკანონმდებლო დახვეწა, ინსტიტუციური გაძლიერება და ოპერაციული გარემოს გაუმჯობესება მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის;
- მცირე და საშუალო მეწარმეობის უნარების განვითარებისა და სამეწარმეო კულტურის ამაღლების ხელშეწყობა;
- ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
- მცირე და საშუალო საწარმოთა ექსპორტის ზრდის, ბაზარზე წვდომისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
- ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ინოვაციების, კვლევისა და განვითარების ხელშეწყობა მცირე და საშუალო მეწარმეობისთვის;
- ქალთა მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა;
- მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი მიხეილ ჭელიძე ამბობს, რომ ამ მიმართულებებით ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო. მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესს ეკონომიკაში წამყვანი როლი აქვს:
„გადახდილი გადასახადებისა და დასაქმების რაოდენობის მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესზე წილი 80 პროცენტია. მცირე და საშუალო ბიზნესი როცა იზრდება, იზრდება დასაქმების მაჩვენებელი. როცა დასაქმება იზრდება, იზრდება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა და ეს ეკონომიკის განვითარებისთვის დიდი ბიძგია.
მაგალითად, ბოლო 5 წელში 60 ათასი ადამიანია დასაქმებული მცირე და საშუალო ბიზნესში“- ამბობს მიხეილ ჭელიძე.
მიხეილ ჭელიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ბიზნესის განვითარებაში დიდ როლი აქვს მიზნობრივ საერთაშორისო და ადგილობრივ პროგრამებს:
„მცირე ბიზნესისთვის, ქალი მეწარმეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფონდების დახმარება. არსებობს ბევრი სახის მიზნობრივი პროგრამები, რომლებსაც საერთაშორისო ორგანიზაციები აფინანსებენ და მათ მნიშვნელოვანი წილი აქვთ საწარმოების განვითარებაში. ასევე, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოშიც“ ძალიან მნიშვნელოვანია“ – ამბობს მიხეილ ჭელიძე.
ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა მიიღო დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID). ბათუმელები/ნეტგაზეთი ინარჩუნებს სრულ სარედაქციო დამოუკიდებლობას. ბათუმელების/ნეტგაზეთის მიერ გამოქვეყნებული მასალა არ ასახავს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პოზიციას.






