მთავარი,სიახლეები

აჭარის ტელევიზია დააჯარიმეს თანამშრომლების ჩხუბის კადრების გასაჯაროებისთვის

07.10.2020
აჭარის ტელევიზია დააჯარიმეს თანამშრომლების ჩხუბის კადრების გასაჯაროებისთვის

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი დაადგინა და მაუწყებელი 500 ლარით დააჯარიმა.

საქმე ეხება მაუწყებლის მხრიდან თანამშრომლების პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ფაქტს. დასაქმებულების ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავდა. სწორედ EMC ავრცელებს ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილების შესახებ.

საუბარია პირველ ივლისს აჭარის ტელევიზიაში მომხდარი ინციდენტის, ფიზიკური დაპირისპირების, ამსახველ კადრებზე, რომლებიც აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა.

აღნიშნული ინციდენტი მასში მონაწილე თანამშრომლების აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლების ოფიციალური საფუძველი გახდა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა შეისწავლა მაუწყებლის თანამშრომლების შოთა (ბაჩო) გურაბანიძისა და გიორგი მურვანიძის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების საკითხი და დაადგინა, რომ 2020 წლის 30 ივლისს მაუწყებლის სატელევიზიო ეთერის ბადეში, გადაცემა „მთავარში“ კანონის დარღვევით გავრცელდა თანამშრომლებს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა, რომელშიც მარტივად იყო შესაძლებელი განმცხადებლების იდენტიფიცირება.

EMC: “სახელმწიფო ინსპექტორმა იმსჯელა მაუწყებლის მიერ განმცხადებლების მონაცემების დამუშავების კანონიერებაზე და მიიჩნია, რომ მაუწყებელმა განმცხადებლების პერსონალური მონაცემების დამუშავებით – მისი გავრცელებით, დაარღვია პერსონალური მონაცემების დამუშავებისას პრინციპების დაცვის ვალდებულება. ინსპექტორმა მაუწყებელი სამართალდამრღვევად ცნო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ 44-ე მუხლის დარღვევისათვის. როგორც საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებიდან ჩანს, სახელმწიფო ინსპექტორთან დაფიქსირებულ პოზიციაში აჭარის მაუწყებელმა უარყო „მთავარის“ ჟურნალისტებისათვის ვიდეომასალის გადაცემის ფაქტი და მიუთითა, რომ მათთვის უცნობი იყო, რა გზით მოიპოვეს ჟურნალისტებმა ვიდეომასალა”.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიიჩნია, რომ მიუხედავად მაუწყებლის რეპუტაციის დაცვის ინტერესისა, მაუწყებლის თანამშრომლებს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეოჩანაწერის გასაჯაროება ვერ იქნება მიჩნეული კანონიერი მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებად და მაუწყებელს შეეძლო რეპუტაციის დაცვა ვიდეომასალის გასაჯაროების გარეშეც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 3 თანამშრომლის გათავისუფლებას მაუწყებლის თანამშრომლების პროტესტი მოჰყვა, რის შემდეგად გათავისუფლებული პირები სამსახურში აღადგინეს.

__________________

მთავარ ფოტოზე:  აჭარის მაუწყებლის თანამშრომლების საპროტესტო აქცია, ინციდენტის შედეგად გათავისუფლებული კოლეგების სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით. 31 ივლისი, 2020.

ამავე თემაზე:

აჭარის ტელევიზიიდან 3 თანამშრომელი გაუშვეს – ჟურნალისტები საპროტესტო აქციას აანონსებენ [LIVE]

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: