მთავარი,სიახლეები

სუსტი ზედამხედველი – NGO-ები უმაღლესი საბჭოს დეპუტატების 4-წლიან საქმიანობაზე

05.10.2020 • 1124
სუსტი ზედამხედველი – NGO-ები უმაღლესი საბჭოს დეპუტატების 4-წლიან საქმიანობაზე

2016-2020 წლების მოწვევის აჭარის უმაღლესმა საბჭომ მუშაობა დაასრულა. ბათუმში მოქმედ ორ არასამთავრობო ორგანიზაციას, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს და  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შეფასება ვთხოვეთ. ეს ორგანიზაციები აქტიურად აკვირდებოდნენ აჭარის საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას.

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული კოორდინატორი აჭარაში მალხაზ ჭკადუა აჭარის უმაღლესი საბჭოს შეფასებისას ამბობს, რომ მის მუშაობაში იყო როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ტენდენციები.

დადებით ტენდენციებში მალხაზ ჭკადუა ასახელებს რეგლამენტის ცვლილებას, აჭარის კონსტიტუციის ახალ რედაქციას, საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების სტანდარტის გაუმჯობესებას, გაუმჯობესებულ ვებგვერდს. ასევე ხაზს უსვამს ღია მმართველობის პარტნიორობის პლატფორმაში უმაღლესი საბჭოს ჩართვას. ეს გულისხმობს საკანონდებლო ორგანოს მზადყოფნას, გახდეს ღია მმართველობის პლატფორმის ერთ-ერთი მონაწილე სუბიექტი.

აჭარის ტელევიზიის საკითხი და აჭარის მთავრობის სუსტი ზედამხედველობა – ეს ის საკითხებია, სადაც, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული კოორდინატორის აზრით, უმაღლესმა საბჭომ სისუსტე გამოიჩინა.

„ჩემი აზრით, აჭარის  უმაღლესი საბჭოს ყველაზე სუსტი წერტილი არის აჭარის მთავრობაზე სუსტი ზედამხედველობა. ბევრ საკითხთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს მთავრობის კონტროლი. მაგალითად, როგორ იხარჯება ყველაზე მსხვილი საჯარო უწყებების საბიუჯეტო სახსრები – ვგულისხმობ განათლების სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს…

დღეს არსებული რეგლამენტი ნამდვილად აჩენს იმის შესაძლებლობას, რომ მთავრობა მუდმივად გრძნობდეს კონტროლს და ზედამხედველობას უმაღლესი საბჭოს მხრიდან. სამწუხაროდ, საქმეში ეს ნაკლებად ჩანს. უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნების დეპუტატებს არ აქვთ პოლიტიკური ნება, დააკვირდნენ მთავრობას და კონტროლი განახორციელონ იმიტომ, რომ პარტიული დისციპლინა თუ პარტიული მიკუთვნება არის განმსაზღვრელი მათი საქმიანობის, ამიტომ ნაკლებად ისმოდა კრიტიკული კითხვები მათგან“.

მალხაზ ჭკადუა ცალკე გამოყოფს აჭარის ტელევიზიის საკითხს და ამბობს, რომ ამ საკითხში უმაღლესმა საბჭომ ცუდი როლი ითამაშა.

„აჭარის უმაღლესი საბჭო იყო ის ორგანო, რომელიც აკომპლექტებდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  მრჩეველთა საბჭოს შესარჩევ კომისიას. ამ კომისიამ შეარჩია კანდიდატები, წარუდგინა უმაღლეს საბჭოს და შემდეგ დეპუტატებმა აირჩიეს მრჩეველთა საბჭო, რომელმაც პრაქტიკულად უზრუნველყო, რომ ტელევიზიაში შეცვლილიყო მენეჯმენტი, სამწუხაროდ საზოგადოებრივი ინტერესების საწინააღმდეგოდ. ჩვენ დავინახეთ თუ როგორ იდევნებოდნენ და იდევნებიან კონკრეტული ჟურნალისტები ახალი მენეჯმენტის მიერ. ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი განცხადება უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მხრიდან, რომელიც იქნებოდა ჟურნალისტების კრიტიკული მოსაზრებების მხარდასაჭერი,“ – ამბობს ჭკადუა.

კითხვაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინა უმაღლეს საბჭოს აჭარის ტელევიზიასთან მიმართებაში? – საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული კოორდინატორი პასუხობს:

„უმაღლესი საბჭო მიუდგა საკითხს პოლიტიკური მიკერძოების კუთხიდან. მას არ უფიქრია საზოგადოებრივ ინტერესებზე. მას არ უფიქრია ის, რომ ამ ტელევიზიას აქვს ძალიან მწარე, ცუდი გამოცდილება პოლიტიკური მიკერძოების – ეს ტელევიზია წლების განმავლობაში იყო სახელმწიფო დეპარტამენტი. შემდგომ, როდესაც რეფორმა განხორციელდა და ის გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, მას ჰქონდა გარკვეული ნიშნები ავტონომიურობის, ამავდროულად იყო გარკვეული სიგნალები სახელისუფლებო ჩარევის. ნათია კაპანაძის მენეჯმენტის პირობებში ტელევიზიამ ძალიან კარგი შეფასება დაიმსახურა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან, საარჩევნო თუ სხვა საკითხების გაშუქებასთან დაკავშირებით. იქმნებოდა გარკვეული საფუძველი, რომ ტელევიზიას გაეგრძელებინა ზრდა საზოგადოებრივი ინტერესების სასარგებლოდ. სწორედ ეს უნდა დაენახა უმაღლეს საბჭოს, რომელმაც ეს პროცესი საბოლოოდ ჩაკლა, როდესაც მრჩეველთა საბჭოს კანდიდატებიდან სწორედ ის ადამიანები აირჩია წევრებად, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულები არიან „ქართულ ოცნებასთან“, პარტიული ნომენკლატურის თუ ნათესაური კავშირების საშუალებით. თავის მხრივ, ამ მრჩეველთა საბჭომ აირჩია დირექტორი, რომელიც ასევე დაახლოებულია ხელისუფლებასთან. მისმა პოლიტიკამ კი განაპირობა ის, რომ აჭარის ტელევიზია არ არის ისეთი კრიტიკული, როგორიც იყო წინა მენეჯმენტის დროს. უმაღლესი საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხია ეს და არა სხვა ვინმესი“.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა უმაღლესი საბჭოს მუშაობის შეფასებისას ხაზს უსვამს იმას, რომ საკანონმდებლო ორგანო ვერ ასრულებს თავის უმთავრეს ფუნქციას – ვერ და არ არის მაკონტროლებელი.

„ყველაზე მთავარი და დიდი ფუნქცია, რის გამოც არის შექმნილი უმაღლესი საბჭო, არის აკონტროლოს აჭარის მთავრობა, დაამტკიცოს მთავრობა და მოითხოვოს ანგარიშები, სხვადასხვა პროგრამის შესახებ ინფორმაცია. ამ როლის შესრულება კი ყოველთვის უჭირდა და უჭირს. არც ბოლო მოწვევის უმაღლესი საბჭო ყოფილა ამ კუთხით გამორჩეული. არც მისი მიდგომები შეცვლილა – ვგულისხმობ მთავრობის კონტროლს, ასევე, სამინისტროებთან  ურთიერთობას და კონტროლს. არ მახსენდება ერთი მაგალითიც კი, კონტროლის კუთხით მას გაეკეთებინოს, ან მოეთხოვოს, ან რეაგირება მოეხდინოს თავისი ინიციატივით თუ საზოგადოების მოთხოვნის შესაბამისად რაიმე საკითხზე,“ – ამბობს ნათია აფხაზავა.

ნათია აფხაზავა ხაზს უსვამს იმასაც, რომ უმაღლეს საბჭოს აჭარის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში არსად არ გაუთვალისწინებია საზოგადოების ინტერესი.

„აჭარის ტელევიზიის  მაგალითს თუ გავიხსენებთ, საზოგადოებას მოლოდინი ჰქონდა, რომ უმაღლესი საბჭო ჩაერთვებოდა აღნიშნულ საკითხში. ამ დროს როგორ  მოიქცნენ? ყველანაირად შეეცადნენ, რომ დისტანცირება მოეხდინათ,“ –  ამბობს ნათია აფხაზავა.

კითხვაზე, რა შეეძლო აჭარის  ტელევიზიასთან მიმართებაში უმაღლეს საბჭოს და რა არ გააკეთა? – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი პასუხობს:

„პირველი – აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ფორმირების კუთხით შეეძლო უფრო მეტის გაკეთება. მაგალითად, წინა ბორდის დათხოვნამდე მოეთხოვა ანგარიში და ეს ანგარიში კონტროლის კომპონენტი ყოფილიყო სწორედ შინაარსზე, ცვლილებაზე ორიენტირებული და არა პოლიტიკური გავლენების გაზრდის კუთხით ჩარეულიყო. დირექტორის ორჯერ ჩაშლილი კონკურსის შემდეგ მრჩეველთა საბჭოს უმოქმედობას და არაეფექტიანობას როცა ხედავდა, შეეძლო თავის უფლებამოსილების ფარგლებში მოეხდინა გავლენა. თუმცა არ გამოიყენა არაფერი და პირიქით, დაუსაბუთებლად დისტანცირება მოახდინა ამ პროცესთან, თითქოს ის არ ერეოდა აღნიშნულ პროცესში“.

ნათია აფხაზავას თქმით, აჭარის ტელევიზიის საკითხზე დისტანცირებით უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვერ გამოდის თავის პოლიტიკური მარწუხებიდან და თავის ფუნქციას, იყოს  მაკონტროლებელი, ვერ ასრულებს.

„ვერ უპირისპირდებიან პირდაპირ მთავრობას. რასაც ჰქვია კონტროლი, პასუხების მოთხოვნა, დებატები, მონიტორინგი ამ ჭრილში არასდროს არ განუხორციელებიათ. ამაზე სულ აქვთ პასუხი – აი, ჩვენ ვმუშაობთ ბიუჯეტზე… მაგრამ რაც არის საზოგადოებისთვის მწვავე საკითხი, ითხოვს საზოგადოება ამ საკითხებზე რეაგირებას, ამ დროს ყოველთვის დისტანცირდება და მაინც მთავრობის ხაზის გამტარია. ეს უმაღლესი საბჭოს ფუნქციას და მის არსს თავისთავად აკნინებს,“ – ამბობს ნათია აფხაზავა.

ნათია აფხაზავა აჭარის უმაღლესი საბჭოს მუშაობას დადებითად მხოლოდ  ერთ კომპონენტში აფასებს, ეს არის ღია მმართველობის მექანიზმების დანერგვა და ღია მმართველობის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: