მთავარი,სიახლეები

გარდაცვალების ძირითადი მიზეზი კორონავირუსი არ იყო – რესპუბლიკურის კლინიკური მენეჯერი

22.09.2020 • 1436
გარდაცვალების ძირითადი მიზეზი კორონავირუსი არ იყო – რესპუბლიკურის კლინიკური მენეჯერი

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, გია კიკაბიძე აცხადებს, რომ მისი აზრით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის გარდაცვალების მიზეზი მძიმე თანმხლები დაავადებები იყო. პაციენტს ჰქონდა ინსულტი, პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმიის ქრონიკული ფორმა. 2020 წლის აგვისტოში პაციენტს გადატანილი ჰქონდა ჰემორაგიული ინსულტი.

„გარდაცვალების მიზეზი არის ის ძირითადი დაავადება, რის გამოც მოხვდა ის კლინიკაში. კორონავირუსი გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის, შემიძლია დანამდვილებით გითხრათ. პაციენტი იმყოფებოდა კომატოზურ მდგომარეობაში ინსულტის და არა ვირუსის გამო. გადმოყვანიდან ერთ დღეში პაციენტი დაიღუპა და ერთ დღეში კორონავირუსით პაციენტები არ იღუპებიან, ჯერ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. პაციენტს ჰქონდა თანხმლები, ძალიან მძიმე დაავადება“ – განაცხადა გია კიკაბიძემ ჟურნალისტებთან.

67 წლის მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 20 სექტემბერს გადაიყვანეს ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან. მას კორონავირუსი რეფერალურ საავადმყოფოში დაუდგინდა.

დაინფიცირდა თუ არა პაციენტი კორონავირუსით საავადმყოფოში? გია კიკაბიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ კითხვაზე ვერ უპასუხებს:

„ვერ გეტყვით რეფერალურ საავადმყოფოში დაავადდა თუ არა, მანამდე ქობულეთის საავადმყოფოში იყო. კორონავირუსით ინფიცირებული შეიძლება მოხვდა უკვე საავადმყოფოში.  კორონავირუსს აქვს თავისი ინკუბაციის პერიოდი, შეიძლება არ გამოჩნდეს პირველ დღეებში და გამოჩნდეს მე-12 დღეს. რამდენი პაციენტი ყოფილა, რომელიც კარანტინში იყო და კარანტინიდან გასვლის წინ, მე-12-მე-13 დღეს დაუდგინდა კორონავირუსი. როცა არის ორი კვირა ინკუბაციური პერიოდი, ძნელი სათქმელია, ეს პაციენტი როდის დაინფიცირდა და სად“.

22 სექტემბრის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 160 პაციენტია მოთავსებული, ამავე საავადმყოფოს მიმღებში კიდევ 18 პაციენტი ელოდება ტესტირების პასუხს.

ამავე თემაზე: 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი მართვით სუნთქვაზეა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: