მთავარი,სიახლეები

„ბოდიში, ვაკანსია აღარ გვაქვს“ – რატომ ვერ საქმებიან ასაკოვანი ქალები საქართველოში

21.09.2020 • 2362
„ბოდიში, ვაკანსია აღარ გვაქვს“ – რატომ ვერ საქმებიან ასაკოვანი ქალები საქართველოში

საქართველოში მცხოვრები ქალების დიდი ნაწილი ემიგრაციაში სწორედ დასაქმების მიზნითაა წასული. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც ქალები სამუშაოს მოძიებას ცდილობენ, მეზობელი თურქეთია. მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო თურქეთ-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა, საქართველოში მცხოვრები ქალების ნაწილი, ვინც თურქეთში მუშაობდა, ისევ უმუშევარად დარჩა. ქალების უმრავლესობა, რომლებიც დასაქმების მიზნით საზღვარს კვეთდნენ, 40 წლის და უფროსი ასაკის არიან. სწორედ ამ ასაკის ქალებს უჭირთ ყველაზე მეტად საქართველოში დასაქმება.

„თქვენი ასაკი ქალბატონო? – 53 წლის… ბოდიში, მაგრამ ვაკანსია აღარ გვაქვს“, –  53 წლის ქეთი კუტუბიძეს არაერთხელ ჰქონია მსგავსი დიალოგი დამსაქმებელთან. ის ამბობს, რომ პირისპირ საუბარშიც და განცხადებებშიც ხაზგასმულია, რომ დამსაქმებელი 40-45 წლამდე ქალებს ეძებს. უფრო დიდი ასაკის ქალების აყვანა ხშირად ისეთ პოზიციებზეც კი ჭირს, როგორიცაა მრეცხავი, მზარეულის დამხმარე და ა.შ.

„სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თურქეთში სამუშაოს მოძიება. იქ ასაკის გამო პრობლემა რა შემქმნია, ყოველ შემთხვევაში ხაზგასმით არ მიუნიშნებიათ, ჩემზე ახალგაზრდას  რომ ეძებენ. მთავარია არ იზარმაცო და იმუშაო“, – გვეუბნება ქეთი.

მისი თქმით, იმისა გარდა, რომ ქართველი დამსაქმებელი დაბალანაზღაურებად სამუშაოს სთავაზობს, მოთხოვნები ძალიან მაღალი აქვთ. „ინგლისური, რუსული, თურქული – ყველგან ხომ მინიმუმ სამ ენას ითხოვენ, თითქმის არ გინაზღაურებენ ზეგანაკვეთურ შრომას. ერთ-ერთ სასტუმროში ორ პოზიციაზე ვმუშაობდი და 300 ლარს მიხდიდნენ. დილის ათი საათიდან საღამოს 11:00-მდე უნდა მემუშავა ამ ხელფასად. ეს ხომ არაადამიანურია“, – ამბობს ქეთი.

ის საუბრობს სხვა ტიპის პრობლემაზეც: „ხშირია შემთხვევა, როცა გეკითხებიან გყავს თუ არა ქმარი, მოკლე კაბას ჩაიცვამ თუ არა. თუ ეტყვი, რომ არ გყავს, მაშინ უფრო ჩაგიღრმავდებიან. არც ის მოსწონთ, თუ პატარა ბავშვები გყავს, უნდათ, რომ მთელი დრო მათ დაუთმო, გვიან ღამემდე იმუშაო თუ საჭიროა, მაგრამ დაბალ ხელფასად“.

„თუ არ მოგწონს მიბრძანდი!“ – ეს არის ყველაზე ხშირი ფრაზა, რასაც დამსაქმებლისგან ისმენენ საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელს იაფი მუშახელის ადვილად პოვნის იმედი აქვს, სამუშაოს მაძიებელს კი, ნაკლები არჩევანი. „სწორედ ამით სარგებლობენ დამსაქმებლები და გაიძულებენ პურის ფულის ფასად იმუშაო. შენ წახვალ, სხვა მოვა, შენზე ან შენსავით გაჭირვებული“, – ამბობს ქეთი.

პანდემიამდე ქეთი თურქეთში, ქემალფაშაში მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად. ამბობს, რომ დამსაქმებელი დღეში 40-50 ლარს უხდიდა, მაშინ, როცა ქართველი დამსაქმებელი 10-12 ლარს იხდის ამავე დროში. საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ უმუშევარია. ქალების პერმანენტული აქციების ფონზე დასაქმების სააგენტო საათობრივ სამუშაოებს სთავაზობდა, ან საერთოდ არაფერს.

„ბუნებრივია, ვეძებდი სამუშაოს, მაგრამ პანდემიის გამო ისედაც ბევრი სამუშაო დაიკარგა. სადაც ვრეკავ, ასაკის გამო არც იქ ავყავარ, ან ანაზღაურებაა მიზერული. ერთხელ დამირეკეს და ბინების დალაგება შემომთავაზეს,  ანაზღაურებაზე რომ ვკითხე, მითხრეს – „შევხედავთ“.  უნდა წახვიდე მთელი დღეები იმუშაო და ის „შეხედავს“ თურმე. არ უნდა ვიცოდე წინასწარ, რას გადამიხდიან?“ – ამბობს ქეთი კუტუბიძე.

მაყვალა მალაყმაძე 44 წლისაა. პანდემიამდე ისიც თურქეთში მუშაობდა. სანამ მეზობელ  ქვეყანაში წავიდოდა, საბავშვო ბაღში მუშაობდა. „ხელფასი დაბალი იყო, ამიტომ გადაწყვიტა თურქეთში წასვლა. სხვა სფეროშიც იცით როგორი სიტუაციაა? თუ ეძებ დამლაგებლის სამუშაოს ან მრეცხავის შეიძლება ნახო, მაგრამ თუ გამოსაჩენ პოზიციაზე ხარ, მაგალითად, მიმტანი ხარ, ან სასტუმროში გინდა რამე პოზიციაზე, ასაკს ყურადღებას აქცევენ. ცდილობენ ახალგაზრდები აიყვანონ. ყველა ლამაზ გოგოს ან ბიჭს ეძებს. ასაკოვანი თუ ხარ, შეგიძლია რამე მიალაგ-მოალაგო შიგნით“, – ამბობს მაყვალა.

ციალა თებიძე 58 წლისაა. ამ მხრივ მასაც მტკივნეული გამოცდილება აქვს. მისი აზრით, ასაკობრივი დისკრიმინაციის წახალისება სააკაშვილის დროს დაიწყო, როცა ახალგაზრდების დასაქმებაზე კეთდებოდა უფრო მეტი აქცენტი.

„40 წლის ზემოთ აღარავის უნდოდა. ამიტომ, ჩვენი ასაკის ხალხი ვაჭრობაში გადავიდა. სადმე რესტორანი ან სასტუმრო თუ არის, ყველგან ახალგაზრდები უნდათ. როცა ვეუბნები, რომ 58 წლის ვარ, იშმუშნებიან და უარს გეუბნებიან“, – ამბობს ციალა.

სხვა ასაკოვანი ქალების მსგავსად ციალაც თურქეთში წავიდა სამუშაოს საშოვნელად. „ოქროს ბირჟაზე ვმუშაობდი ბათუმში, სესხი ავიღე ძალიან დიდი და ახლაც ჩემი სახლი ბანკს აქვს გადაფორმებული. იძულებული ვიყავი სხვაგან მომეძებნა სამუშაო. თეთრეულის მაღაზიაში დავსაქმდი და არავის უკითხია, რამდენი წლის ვიყავი“.

ციალა ამბობს, რომ თურქი დამსაქმებელი ახლაც სთხოვს სამუშაოს დაუბრუნდეს, თუმცა პანდემიის გამო, მაღაზიებში ვაჭრობა შემცირდა. „თუ საქართველო-თურქეთის საზღვარი არ გაიხსნა, არც იქ აქვს მუშაობას აზრი, რადგან ქემალფაშაში ძირითადად ქართველები ვაჭრობდნენ და საზღვრის ჩაკეტვა ვაჭრობაზე მტკივნეულად აისახა“.

თუ საქართველოში არსებულ ვაკანსიებს გადავხედავთ, განცხადებების უმრავლესობაში მითითებულია, რომ დამსაქმებელი ორი უცხო ენის ცოდნას და რამდენიმე წლიან გამოცდილებას ითხოვს. ხშირია დამსაქმებლის მხრიდან კონკრეტულ სქესზე, გარეგნობაზე ან ოჯახურ მდგომარეობაზე  მითითებაც, რაც დისკრიმინაციად მიიჩნევა.

მაგალითად, 2015 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა ისეთი ვებგვერდები, სადაც ყველაზე ხშირად წაიკითხავდით დისკრიმინაციულ განცხადებებს დასაქმებაზე. ანგარიშში საუბარი იყო იმაზე, რომ მსგავსი დეტალების მითითება ვაკანსიაში სამუშაოს მაძიებელ პირებს უზღუდავს შრომის ხელმისაწვდომობისა და შრომის განხორციელების უფლებას და არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს მათ ანალოგიურ მდგომარეობაში მყოფ სხვა პირებთან შედარებით.

________________________________

მთავარ ფოტოზე: მაყვალა მალაყმაძე, ქეთი კუტუბიძე და ციალა თებიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: