2 მაისს ბათუმში სასწრაფო დახმარების ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა. ორივე გადარჩა.
ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგრატიონისა და გუდიაშვილის ქუჩების კუთხეში მოხდა.
დღეს, 3 მაისს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„ბათუმში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ავტომობილი ორ ქვეითს შეეჯახა.
მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები დაუყოვნებლივ გადაყვანილ იქნენ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მათ უტარდებათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება.
ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწყებული აქვს გამოძიება, რის შედეგადაც დადგინდება, იყო თუ არა აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაში მძღოლის ბრალეულობა.
დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში, შემთხვევაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ, კანონის შესაბამისად, გატარდება ყველა შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიება,“ – ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით კი, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.






