მთავარი,სიახლეები

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე რიჟვაძის რეაქცია – „ადგილობრივი კანტორა“

14.08.2020 • 1667
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე რიჟვაძის რეაქცია – „ადგილობრივი კანტორა“

“ეს ის ორგანიზაციაა ხომ, ადგილობრივი კანტორა რომ აქვთ გახსნილი აქ და ოფის-მენეჯერები რომ იკვლევენ და იურიდიულ დასკვნებს აკეთებენ. ალბათ მაგათზე მეკითხებით ხომ?” – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც 2019 წელს აჭარის მთავრობის მიერ გაყიდულ ქონებას ეხებოდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ დღეს, 14 აგვისტოს, გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმადაც, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ არ გადახედა ხელშეკრულებას TCF Georgia-სთან, რომელიც ქობულეთში ციტრუსის დასახარისხებელი საწარმოს ამუშავებასთან და 3 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებასთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს წლების განმავლობაში არ ასრულებდა. შედეგად, კომპანიის მიერ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად მიღებული ქონება (23 344 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და 6 შენობა) 2019 წელს კომპანიის იპოთეკარის, სს „ბანკი ქართუს” საკუთრება გახდა.

თორნიკე რიჟვაძეს ჟურნალისტებმა შეახსენეს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ერთ-ერთი სანდო არასამთავრობო ორგანიზაციაა. ჟურნალისტების შენიშვნაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კითხვა დაუბრუნა – „ეს შეფასებაა თქვენი თუ თქვენი მეგობრული დამოკიდებულებაა?“. თორნიკე რიჟვაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არ ენდობა ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას.

„მე გეტყვით, რომ აჭარაში მაგ დასკვნებს აკეთებს ჩვეულებრივი ოფის-მენეჯერები. შედიან იურიდიულ, ეკონომიკურ  საკითხებში, რომლის აბსოლუტურ წარმოდგენებში არ არიან. რაც შეეხება მაგ TCF Georgia-ს, რაც შეეხება მეორე დასახელებულ კონკრეტულ პროექტს, შეგიძლიათ გამოითხოვოთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ის დოკუმენტაცია, რომელიც ამტკიცებს, რომ არც დისკრიმინაციული და არც პრივილეგირებული მიდგომა არც ერთ კომპანიასთან მიმართებაში არ ყოფილა. ჩვენ ყველა ერთიანად, საჯარო ინტერესის დაცვით, მათ შორის, ბიზნესს ვეხმარებით, მაგრამ როცა სანქცირებაა საჭირო, არც ამისგან ვიკავებთ თავს. ის განკარგულება, რომელიც მივიღეთ, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ, სწორედ საერთო წესების ჩამოყალიბებას ემსახურებოდა,“ –  თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ  კვლევაში დეტალურადაა შესწავლილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მათ შორის, სიმბოლურ ფასად (1 ლარად), პირობიანი და უპირობო აუქციონით გასხვისებული ქონების მესაკუთრეები, პრივატიზაციის საფასური და ინვესტიციების მოცულობა.

ამ კვლევის თანახმად, ბათუმისა და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატების, ფატი ხალვაშისა და კობა ნაკაიძის ა(ა)იპ „თანალმობამ” 2016 წელს აჭარის მთავრობისგან უზუფრუქტით მიიღო უძრავი ქონება ქობულეთში შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის დღის ცენტრის გასახსნელად. მაჟორიტარებმა 2019 წელსაც ვერ გახსნეს ცენტრი და აჭარის მთავრობას ვალდებულებების გადავადების შუამდგომლობით კიდევ ერთხელ მიმართეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ მსგავსი კვლევა 2017-2018-2019 წლებშიც გამოაქვეყნა. მსგავსი კვლევების მიზანი საჯარო მმართველობის ხარისხის გაუმჯობესებაა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: