მთავარი,სიახლეები

აკვნის ოსტატი მარადიდიდან

12.08.2020
აკვნის ოსტატი მარადიდიდან

„ამ დაზგაზე თითო  დეტალი, თითო  ფიგურა იჭრება და შემდეგ ხელით ვაწყობ,“ – ასე იწყებს მარადიდელი ქემალ ბედინაძე თავის საქმიანობაზე საუბარს და იმ დაზგას გვაჩვენებს, რომლითაც ათობით აკვანი გაუკეთებია.

ქემალი ხელვაჩაურში, სოფელ  მარადიდში ცხოვრობს. ამბობს, ლამის უკანასკნელი ოსტატი დავრჩი, ვინც დღემდე ჯიუტად არ ეშვება საყვარელ საქმეს და აკვანს ვამზადებო.

აკვნის დამზადება ბაბუამ და მამამ ასწავლეს. თავად ქემალმა წინაპრების ტრადიცია არ დაარღვია და შვილს  გადასცა ცოდნა. 40 წელია, რაც ამ საქმეზე მუშაობს, თუმცა ბოლო წლებში ძალიან შეუმცირდა შეკვეთები.

„წელს მხოლოდ ორი აკვანი გავაკეთე. ერთს ახლა ვასრულებ, ოზურგეთიდან, სოფელ ნასაკირალიდან დამიკავშირდნენ და იქ უნდა გავაგზავნო. ერთი აკვანი 150 ლარი ღირს. ვამზადებ პატარა, სათამაშო აკვნებსაც. მერე მიმაქვს და ბათუმში ბაზარში 20 ლარად ვაბარებ. სათამაშო აკვნები უფრო იყიდება,“ –  ამბობს ქემალ ბედინაძე.

მისი თქმით, აკვნის დამზადებას დიდი შრომა და ყურადღება სჭირდება. აკვანი ძირითადად ცაცხვის, თხმელის, წაბლისა და წიფლის ხისგან კეთდება. აკვნის ნაწილი დაზგაზე ითლება, რამდენიმე დეტალი კი, ე.წ. რკალები, უნდა მოიხარშოს.

„დიდ ქვაბში ცეცხლზე ვხარშავ ამ რკალებს. წიფელა ირკალება ყველაზე კარგად. ყველა დეტალს დიდ ყურადღებას ვაქცევ. ყველაფერი უზადო  უნდა იყოს, რომ კლიენტი კმაყოფილი დარჩეს,“- გვიხსნის ქემალი.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/1802104129930462/?v=1802104129930462

მარადიდი პატარა ისტორიული სოფელია მდინარე  ჭოროხისპირას. აქ თითქმის ყველა  სახლში მოიპოვება ხის დაზგა.

ჭოროხის ხეობას უძველესი დროიდან ჰქონდა სანაოსო ფუნქცია. ნავით  ართვინიდან ბათუმამდე ჩადიოდნენ და ამ გზით გადაჰქონდათ როგორც ტვირთი, ასევე გადაჰყავდათ მგზავრები. ნაოსნობამ გააჩინა ნავების დამზადების საჭიროება. ამბობენ, რომ ჭოროხის ხეობის სოფლებიდან ყველაზე მეტად ნავების მშენებლობა სოფელ ქვედა მარადიდში იყო განვითარებული. ადგილს, სადაც ნავი შენდებოდა, თერცხანე ერქვა. გადმოცემის თანახმად ქვედა მარადიდში ოცამდე თერცხანე ყოფილა. მე-20 საუკუნის დასაწყისში  სამანქანო გზის გაყვანამ ნაოსნობა შეამცირა, მოგვიანებით კი – სრულად შეწყდა.

ქემალ ბედინაძის დამზადებული აკვნები

სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება სოფელში ახალი ტრადიციის საფუძვლის ჩაყრა. ხელოსნებმა, რომლებიც ადრე ნავებს აკეთებდნენ, აკვნების კეთება დაიწყეს.

მარადიდში პირველი აკვნის დამზადება მარადიდელ ქამილ და ილიას დიასამიძეების სახელთანაა დაკავშირებული. მათი შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ სოფელში, თუმცა თავიანთი წინაპრების პროფესიას აღარ მიჰყვებიან.

ახმედ დიასამიძის ოჯახში ინახება ბაბუის, ილიას დიასამიძის ნაქონი დაზგა, რომლითაც აკვანს აკეთებდნენ. დაზგა მექანიკურია. მის ასამუშავებლად ბორბალი ხელოსანს ფეხით უნდა ემოძრავებინა.

მარადიდელები თავდაპირველად აკვნებს ადგილობრივ ბაზარზე ყიდდნენ. მალე  აკვნის გაკეთებით სოფლის სხვა მოსახლეებიც დაინტერესდნენ და მეოცე სუკუნის 60-70-იან წლებში უკვე ბევრ ოჯახში გაჩნდა დაზგები და ხელოსნები, რომლებიც ამ საქმიანობას მისდევდნენ. ამჟამად სოფელში სულ სამი ხის ოტატია შემორჩენილი, რომლებიც აკვნებს ამზადებენ.


მასალა მომზადებულია პროექტის “ფოტოისტორიები რეგიონიდან” ფარგლებში.

პროექტს “თავისუფალი ასოციაცია” ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: