მთავარი,სიახლეები

„ჩაი – მაკარონი, ჩაი – მაკარონი, ბავშვებს მობეზრდათ“ – უსახლკარო ოჯახი 5 ბავშვით

08.05.2020 • 1765
„ჩაი – მაკარონი, ჩაი – მაკარონი, ბავშვებს მობეზრდათ“ – უსახლკარო ოჯახი 5 ბავშვით

აზა დიდმანიძე 5 შვილთან და მეუღლესთან ერთად ერთი თვეა ხელვაჩაურის სოფელ მარადიდში, ნათესავის სახლში ცხოვრობს. მანამდე ოჯახი ქალაქში ბინას ქირაობდა, რაშიც 300 ლარს იხდიდა. სახელმწიფო დახმარების შეწყვეტის შემდეგ ოჯახი სოფელში, ნათესავის სახლში შეიხიზნა.

„ეს სახლი ქმრის მამიდასია. სახლის ნაწილში მამამთილი ცხოვრობს, ორ ოთახში კი ჩვენ ვცხოვრობთ, შვიდი სული. ბავშვებს საკუთარი ოთახი არ აქვთ. გვაქვს საკვების პრობლემაც. ყოველდღე ჩაი და მაკარონი მობეზრდათ. პატარა, რომელიც 3 წლისაა, აღარც „გრეჩიხას“ ჭამს. გუშინ ფაფას მთხოვდა, მაგრამ სად მეშოვა ფაფა. მშიერი დავაძინე“, – გვითხრა აზამ.

აზას უფროსი შვილი 10 წლისაა, დანარჩენები – 8, 6, 5 და 3 წლის. მცირეწლოვანი ბავშვები ხშირად ოცნებობენ ხილზე. „ვაშლიც არაა, რომ კომპოტი მაინც გავუკეთო. სულ ჩაი – მაკარონი, სხვა რამე უნდათ, ტირიან, მაგრამ რა ვქნა“.

„ყოველდღე მაკარონი და ჩაი… ბავშვები აღარ ჭამენ“, – ამბობს დედა.

დიდმანიძეებს სოფელში მიწის ნაკვეთი ჰქონდათ, თუმცა სოფელში ჰესის მშენებლობის დროს მათგან მიწა გამოისყიდეს. „20 ათასი ლარი მოგვცეს, მაგრამ წამლებსა და ბინის ქირაში დაიხარჯა. ახლა აღარც მიწა გვაქვს და აღარც ფული“, – ამბობენ დიდმანიძეები.

აზა დიდმანიძე ამბობს, რომ აჭარის მთავრობასაც მიმართეს განცხადებით ბინის თაობაზე. „შეგვპირდნენ, მაგრამ არ ვიცით, დაგვეხმარებიან თუ არა. სოციალური საცხოვრისი შენდება და იქნებ იქ გადმოგვცენ ბინა. ბავშვებს თავიანთი სახლი უნდათ, დაიღალნენ სხვის სახლებში სიარულით. 3 ბავშვი სკოლის ასაკისაა, კომპიუტერი სჭირდებათ, ინტერნეტი, ტანსაცმელიც გვიჭირს“, – ამბობს დედა.

სახლი, სადაც ხუთშვილიანი ოჯახი ცხოვრობს, ნათესავისაა.

აზას მხოლოდ საშუალო განათლება აქვს, ისევე როგორც მის მეუღლეს. მისი თქმით,   სამუშაო არ აქვთ და მხოლოდ სახელმწიფო დახმარებით გააქვთ თავი. „მე მაინც ვერ ვიმუშავებ, რადგან ბავშვებს ვზრდი, არც ჩემს მეუღლეს შეუძლია მუშაობა – ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ჩემს მესამე შვილსაც სჭირდება მკურნალობა, მაგრამ საშუალება არ გვაქვს. გამაყუჩებელიც კი არ მქონდა სახლში და მთელი ღამე ტკივილით გავათენე. 200-ლარიანი ვაუჩერი მოგვცეს ერთხელ და ისიც გაიხარჯა“, – ამბობს აზა.

ბავშვების ბაბუას თქმით, სოციალური შემწეობის შეწყვეტის შემდეგ, ოჯახს კიდევ უფრო გაუჭირდა

ახლა ოჯახი სოციალური დახმარების აღდგენას ელის. „500 ლარამდე გამოდიოდა  დახმარება და ასე თუ ისე ვახერხებდით თავსი გატანას. ამ თანხას ახლა ვეღარ ვიღებთ. მხოლოდ 150 ლარი მოგვცეს მრავალშვილიანობის დახმარება და ეს არის სულ. შვიდი ადამიანი ამ თანხით თავს როგორ გავიტანთ“, – ამბობენ დიდმანიძეები.

ხეობაში კირნათი ჰესის აშენების შემდეგ, სოფელ მარადიდის ნაწილი უკვე დაიტბორა. დიდმანიძეები ამბობენ, რომ ამ სოფელში ცხოვრებას ისედაც ვერ შეძლებენ, ამიტომ თუ სახელმწიფო არ დაეხმარება, საცხოვრებლად ისევ ნაქირავებში მოუწევთ გადასვლა.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/933156627130776/?t=12

გადაბეჭდვის წესი


ასევე: