ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რამდენად რეალურია თურქეთის ნაცვლად კახეთში დასაქმება, რაც მინისტრმა თქვა 

25.07.2020 • 3704
რამდენად რეალურია თურქეთის ნაცვლად კახეთში დასაქმება, რაც მინისტრმა თქვა 

საქართველოს მთავრობა თურქეთში სეზონურად დასაქმებულებს ალტერნატივად კახეთის რეგიონში მუშაობას სთავაზობს. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, მთავრობის შეთავაზებას არანაირი პროგრამის თუ პროექტის სახე არ აქვს და დასაქმების გარანტიას არ იძლევა. ხელისუფლებამ ადამიანებს უბრალოდ უთხრა, რომ კახეთში ამ ეტაპზე დამატებითი მუშახელი სჭირდებათ. მოქალაქეებმა კი, რომლებიც სამუშაოდ თურქეთში ვეღარ გადადიან, სამუშაო, ამ შემთხვევაში კახეთში, თავად უნდა ეძებონ – დაეკონტაქტონ დამსაქმებლებს, ინდივიდუალურად გაარკვიონ მათთან სამუშაოს პირობები, ანაზღაურება და ა.შ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 21 ივლისს განაცხადა, რომ თურქეთში სეზონური დასაქმება შესაძლოა ჩანაცვლდეს საქართველოში, სოფლის მეურნეობაში შექმნილი სამუშაო ადგილებით: „ჩვენ გვესმის, რომ ძალიან დიდი სურვილი იყო აჭარაში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმების ჩვენს მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში. ჩვენ ორგანიზებულად, აჭარის ადგილობრივ მთავრობასთან და კახეთში მუნიციპალიტეტებთან ერთად, მოვახერხეთ სამუშაო ძალის კახეთში მობილიზება.“

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით აჭარიდან კახეთში ჩაყვანილი 50 კაციდან, ადგილზე სამუშაოდ მხოლოდ 30 დარჩა. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან გადაამოწმა. მორიგი „მობილიზაცია“ სამინისტროებს აღარ „გამოუცხადებიათ“.

„ჩვენს თავზე ამჯერად ორგანიზება და ამ ხალხის კახეთში, კერძოდ, გურჯაანში ტრანსპორტირება ავიღეთ. იქ, ვისაც პირობები მოეწონებოდა დარჩებოდა, ვისაც არ მოეწონებოდა, დაბრუნდებოდა უკან. აჭარის მუნიციპალიტეტებიდან სურვილი მხოლოდ ხულოსა და ქედაში გამოთქვეს. 50 ადამიანი წავიყვანეთ და უმეტესობა დარჩა სამუშაოდ, მოეწონათ პირობები, მაგრამ ზოგმა სიცხეა ძაანო, ვერ გავუძლებო… როგორაა იცით, შეიძლება რამდენიმე დღე იმუშაოს ადამიანმა და ორი დღე გაჩერდეს. ამ ორი დღის შემდეგ კი სხვამ წაიყვანოს, ზოგს ასეთი პირობა არ მოეწონა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ტიტე აროშიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი.

მინისტრის თქმით, მაგალითად, გურჯაანში სამუშაოს პოვნის ასეთი სქემაა: „იქ არის დასაქმების ბირჟა ადგილზე, მიდიხარ, რეგისტრირდები და იქვე ელოდები სამუშაოს; შესაძლებელია ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მიმართო და მიიღო ინფორმაცია, სად სჭირდებათ მუშახელი; ან არის კიდევ მესამე ვარიანტი – ძირითადად სამეგრელოდან, გურიიდან და სხვა რეგიონებიდან ჩადიან, დგანან და ელოდებიან დამსაქმებელს, რომ სამუშაოდ აიყვანონ. ისეთი თემა არის, როგორც მაგალითად, ბათუმში ჩამოდიან და დგანან პუშკინის ქუჩაზე. ეს ადრეც ასე იყო კახეთში, მაგრამ ჩვენგან დიდად არ ინტერესდებოდნენ, რადგან თურქეთში დადიოდნენ სეზონურ სამუშაოზე“.

ტიტე აროშიძე ამბობს, რომ ახლა ატმის კრეფის სეზონი თითქმის დასრულდა, მაგრამ მოდის ვაშლატამას, ქლიავის კრეფისა და შემდეგ რთველის სეზონი. ამ დროს გურჯაანში მკრეფავები, საწყობებში დამატებითი მუშახელი, სამაცივრეებში მტვირთავები და ა.შ. ყოველთვის სჭირდებათ. დამსაქმებლები კი ძირითადად კომპანიები არიან.

„პირობები  როგორია გეტყვი: ღამისთევა – საერთო ოთახებია [ცალკე ინდივიდუალური ოთახები არ არის] და ერთ ღამეში იხდი დაახლოებით 3 ლარს. თუ მოშორებით არის სამუშაო, 1 ლარი უჯდება გადაადგილება. ახლა რომ იყვნენ ჩასულები 35 ლარი შესთავაზეს ხელზე დღეში, 8- საათიან სამუშაოში, დამატებით ერთი საათი მუშაობა კი 5 ლარი ღირს. 9-10 საათის მუშაობაში გამოუდის 40-45 ლარი, კვებაც მათია და 10-საათიან სამუშაოში დღეში სადღაც 25 ლარი რჩებათ დღეში. იყო ისეთებიც, ვინც 60 ლარიც გამოიმუშავა დღეში. ეს არის უკვე კერძო პირობები, რასაც უშუალოდ დამსაქმებლებთან არკვევენ. მოეწონება მოეწონება, არ მოეწონება, სხვა დამსაქმებელს ნახავენ. ეს წლების განმავლობაში არის ასე, მიღებული პრაქტიკაა იქ. უბრალოდ, აჭარა ახლა ჩაერთო. სამუშაო არის. მთავარია, ვის, როგორ მოელაპარაკებიან“, – ამბობს ტიტე აროშიძე.

რაში გამოიხატება ადამიანების დასაქმებაში სამინისტროს ჩართულობა? სახელმწიფო უწყებების კოორდინირება? ვის უნდა დაუკავშირდეს, მაგალითად აჭარაში მცხოვრები, თუ მას აქვს სურვილი იმუშაოს კახეთში? – ამ კითხვებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავუკავშირდით.

„ყველა მსურველს, ვისაც აქვს სურვილი ჩაერთოს ამ დასაქმებაში, უნდა მიმართოს თვითმმართველობის ორგანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, აჭარაში კი შეუძლიათ მიმართონ, როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიას, ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს. როცა თვითმმართველობა უკავშირდება კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს, იქ ეუბნებიან, თუ სად არის საჭირო მუშახელი. მაგალითად სამეგრელოდან კახეთში 1000-ზე მეტი ადამიანია ჩასული, აჭარიდანაც არიან“, – უთხრეს „ბათუმელებს“ სამინისტროს პრესსამსახურში.

„ეს იყო პირველი ეტაპი. გვინდოდა ორგანიზებულად ჩაგვეყვანა ადამიანები და იქ ინდივიდუალურად მოელაპარაკებოდნენ დამსაქმებლებს. ვისაც პირობები მოეწონებოდა,  დარჩებოდნენ. შუახევიდან და ხელვაჩაურიდან არ წამოვიდა არავინ. კახეთში კი სჭირდებათ მუშახელი, მაგრამ ახლა ეს ჩვენთვის ურთულესი თემაა, ვინაიდან იქ, დამსაქმებლებთან, ჩვენ ურთიერთობა არ გვაქვს. თან დამსაქმებელს შეიძლება დღეს სჭირდება მუშახელი, მაგრამ ხვალ არ დასჭირდეს. ის ხომ არ დაელოდება ვთქვათ, აჭარიდან როდის ჩავა მუშახელი. იქ ჩასულია, როგორც მითხრეს სამეგრელოდან დაახლოებით 2 ათას კაცამდე, გამოვა დამსაქმებელი, ნახავს ბირჟაზე და აიყვანს, ანუ იქ უნდა იყო რეალურად. ასე ორგანიზებულად ჩავიყვანოთ ხალხი, არ გამოვა. მაგალითად, მომავალში საერთოდ არ დასჭირდებათ ჩვენი დახმარება, ვინც ჩავიყვანეთ და არიან ახლა იქ. მოეწონებათ – მომავალში თავისით ჩავლენ… იციან უკვე, გაარკვევენ კონტაქტებს“, – გვითხრა ტიტე აროშიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი იმასაც ამბობს, რომ მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ აჭარაში მუნიციპალიტეტებს, სამინისტროსაც და კონტაქტებს მიაწვდიან, თუ ვის დაუკავშირდნენ კახეთში. ანუ მოქალაქეებმა მოლაპარაკებები დამსაქმებლებთან თავად უნდა აწარმოონ და თავისი ხარჯებით ჩავიდნენ კახეთში,

„თუ ჩვენ გვეტყვიან, რომ სჭირდებათ გარკვეული მუშახელი და იქნება ბევრზე მოთხოვნა, გავუკეთებთ ორგანიზებას ტრანსპორტირებას, მაგრამ, შემდგომ რა ხდება იცით? – ზოგს ერთი კვირა მუშაობა აწყობს და შემდეგ წამოსვლა, რაც არ აწყობს დამსაქმებელს, ეს ინდივიდუალური მოლაპარაკების თემებია, რაშიც ჩვენ ვეღარ ჩავერევით“, – ამბობს ტიტე აროშიძე.

მაშინ, როცა მთავრობა თურქეთში სეზონურად დასაქმებულებს ერთჯერადად [300 ლარის ოდენობით] კომპენსაციას სთავაზობს და ურჩევს სეზონურ სამუშაოებზე საქართველოში დასაქმდნენ, ბათუმსა და სარფში აქციები საზღვრის გახსნის მოთხოვნით იმართება. აქციის მონაწილეები საზღვრის გახსნამდე კომპენსაციასაც ითხოვენ.

მთავარი ფოტო: ქალების საპროტესტო აქცია თურქეთთან საზღვრის გახსნის მოთხოვნით

ამ თემაზე:

ჩვენ არ გავჩერდებით – თურქეთში დასაქმებული ქალების საპროტესტო გზავნილი

 

მთავარი ფოტო: თურქეთში დასაქმებულთა აქცია სარფში / 1.07.2020 / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: