მთავარი,სიახლეები

ულტიმატუმი თორნიკე რიჟვაძეს – ბათუმში მთავრობის სახლის წინ კარვებს შლიან

15.07.2020 • 1935
ულტიმატუმი თორნიკე რიჟვაძეს – ბათუმში მთავრობის სახლის წინ კარვებს შლიან

დღეს, 15 ივლისს, ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვებს შლიან.

დღეს ბათუმში ორი აქცია მიმდინარეობს ერთდროულად, ერთსა და იმავე ადგილას, მთავრობის სახლთან. ერთი აქციის მონაწილეები თურქეთში დასაქმებული ქალები არიან, რომლებიც საზღვრის გახსნას ან ყოველთვიურ კომპენსაციას ითხოვენ, მეორე აქციის ორგანიზატორი კი ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელები, ანანიძეების ოჯახის წევრებია, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ 2008 წელს იძულებით დაათმობინეს ქონება და დაბრუნებას ვერ ახერხებენ.

კარვებს მთავრობის სახლთან სწორედ ანანიძეების ოჯახის წარმომადგენლები შლიან. ისინი აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობენ, რომ კარვებს არ დაშლიან და 50-მდე ადამიანი აქ ღამისთევით დარჩება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ შესაძლოა მიმართონ რადიკალურ ფორმას – შიმშილობას.

აჭარის მთავრობიდან ორივე აქციის მონაწილეებს მთავრობის წარმომადგენელი, კახა შაშიკაძე შეხვდა, რომელმაც ანანიძეების ოჯახს უთხრა, რომ ჩაინიშნავს მათ ნომრებს და ამ საკითხზე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა შედგება, თუმცა მას აქციის მონაწილეებმა არ დაუჯერეს. „ადრეც ჩაიწერეს ნომრები და შეხვედრა არ შემდგარა,“ – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

რაც შეეხება თურქეთში დასაქმებულ ქალებს, ზაზა შაშიკაძემ მათ უთხრა, რომ ამ დროისათვის მთავრობა მუშაობს მრავალჯერადი კომპენსაციის შესაძლო გაცემის საკითხზე, თუმცა ეს გადაწყვეტილი არ არის.

აჭარის მთავრობის სახლის წინ უკვე ხუთი კარავია გაშლილი. აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: