მთავარი,სიახლეები

მეკობრეობა – ვინ და როგორ მუშაობს დატყვევებული მეზღვაურების გათავისუფლებაზე

26.06.2020 • 3219
მეკობრეობა – ვინ და როგორ მუშაობს დატყვევებული მეზღვაურების გათავისუფლებაზე

ბოლო 7 თვის განმავლობაში სამი შემთხვევა იყო, როდესაც მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს. სამივე შემთხვევა დასავლეთ აფრიკაში მოხდა. გატაცების ფაქტის გახმაურების შემდეგ, მედიისთვის მშრალი ფაქტების გარდა, ღია წყაროებით არანაირი ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. გატარებულ დღეებზე არც ტყვეობიდან დაბრუნებული მეზღვაურები ლაპარაკობენ ღიად. პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ მიზეზი ორია – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და  დამსაქმებელი კომპანია, რომელიც  მათ დეტალების გაუთქმელობის  პირობას ართმევს.

„დილის ორი საათი იყო, როცა მეკობრეები გემზე ამოვიდნენ. ცხრა მეზღვაური გაგვიტაცეს. ოთხი ქართველი, ოთხი  ფილიპინელი და ერთიც უკრაინელი. სწრაფმავალი კატერები ჰყავთ. ცხრა მეკობრე იყო კატერზე. ეკიპაჟის 23 წევრიდან ოფიცრები შეგვარჩიეს და წაგვიყვანეს. არც ტვირთს შეხებიან, არც არაფერს. შეიარაღებულები იყვნენ, თორემ ჩვენი ნებით არ გავყვებოდით. წაგვიყვანეს ჯუნგლებში და ორი კვირა გავატარეთ იქ. შემდეგ მოხდა მოლაპარაკება კომპანიასა და მეკობრეებს შორის და გამოგვიშვეს.

ტყვეობის პერიოდში მეკობრეები ცუდად არ გვექცეოდნენ. ხის ქოხები იყო, სადაც ღამეს ვათევდით. დღე ჩვეულებრივ შეგვეძლო გარეთ გამოსვლა და სეირნობა მცირე მანძილზე. გაქცევის შანსი არ იყო. ეს ქოხები მდინარესთან ახლოს იდგა, ვერსად გაიქცეოდი,“ – იხსენებს „ბათუმელებთან“  ერთ-ერთი მეზღვაური, რომელიც ინტერვიუზე იმ პირობით დაგვთანხმდა, რომ მის ვინაობას არ გავასაჯაროებდით.

გემი, რომლიდანაც 9 მეზღვაური გაიტაცეს, ევროპიდან მიცურავდა დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის ნავსადგურში. გემს არ ჰყავდა სპეციალური დაცვა, რომელიც აუცილებელია საფრთხის შემცველ რეგიონებში ტვირთის გადაზიდვის დროს. ტყვეობიდან დაბრუნებული მეზღვაური ამბობს, რომ როდესაც მეკობრეების ტყვეობაში აღმოჩნდები, საკუთარი ძალებით თავის დაღწევის არანაირი შანსი არ არის. მისი თქმით, გამოსავალი არის კონფიდენციალობის დაცვა და ლოდინი – დამსაქმებელი კომპანია იწყებს მოლაპარაკებას მეკობრეებთან.

თუ 2011 წელს მეკობრეობის მხრივ საფრთხის შემცველ რეგიონად სომალი მიიჩნეოდა, 2020 წელს ცხელმა წერტილებმა დასავლეთ აფრიკაში, გვინეის ყურეშიც გადაინაცვლა.  ბოლო სამი ფაქტი, რომლებიც ქართველ მეზღვაურებს შეეხო, სწორედ ამ რეგიონში დაფიქსირდა.

https://www.facebook.com/batumelebi/videos/266510637976484/?v=266510637976484

როგორ რეაგირებს სახელმწიფო, როდესაც მეზღვაურებს იტაცებენ, რა დროში იღებენ შეტყობინებას ფაქტის შესახებ და რატომ იხურება ინფორმაცია მედიისთვის. აქვთ თუ არა მეზღვაურებს შრომისათვის სათანადო პირობები და რამდენად არის მათი უსაფრთხოება დაცული საფრთხის შემცველ რეგიონებში ნაოსნობისას? – ეს იყო ის კითხვები, რომლებიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, თამარ იოსელიანს დავუსვით.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში არსებობს კრიზისების მართვის ჯგუფი – როდესაც გატაცების შესახებ ინფორმაცია შემოდის, ერთვება საგარეო საქმეთა სამინისტრო  და ჩვენი დიპლომატიური მისიები საზღვარგარეთ. სრულ კოორდინაციაში ვართ გემთმფლობელთან, დროშის სახელმწიფოსთან და სანაპირო სახელმწიფოსთან – ერთად ვმართავთ მეკობრეობის ცალკეულ შემთხვევებს. ძალიან მნიშვნელოვანია გემთმფლობელის ჩართულობა. ჩვენს შემთხვევაში, სამივეჯერ გემთმფლობელი იყო პასუხისმგებლიანი, მაღალი რეპუტაციის მქონე და სრულ კოორდინაციაში ჩვენთან. გასულ  წლებში მეკობრეები იტაცებდნენ გემის ეკიპაჟს გემით და ტვირთით. შესაბამისად, მეკობრეები კონცენტრირებულები იყვნენ ტვირთზე და არა ადამიანებზე. სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათი ინტერესი გახდა უფრო მეზღვაურების გატაცება. აღარ იტაცებენ ეკიპაჟს გემით და ტვირთით, მხოლოდ მეზღვაურებს იტაცებენ ახლა,“ – ამბობს თამარ იოსელიანი.

კითხვაზე, მეზღვაურების გატაცებიდან რამდენ ხანში იგებს ქართული მხარე ფაქტის შესახებ, თამარ იოსელიანი პასუხობს, რომ მალე. თუმცა ინფორმაციას საზოგადოებისა თუ მედიისთვის არ ასაჯაროებენ.

„სენსიტიურია გატაცების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ამიტომ სანამ სრულად არ გადამოწმდება ყველა ინფორმაცია, ყველას პირადი მონაცემი, ვინ არის გემზე, ვინ გაიტაცეს, სანამ არ გავალთ გემთან კავშირზე, სანამ არ გვექნება სრული ინფორმაცია, განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვაკეთებთ, არ გვინდა შეცდომები დავუშვათ.

ძირითადად მეკობრეებს საქმე აქვთ დამსაქმებელთან, ანუ გემთმფლობელთან. შესაბამისად, პირველ რიგში, ინფორმაცია მისდის გემთმფლობელს. დამსაქმებლისგან იგებს სახელმწიფო – საგარეო  საქმეთა სამინისტრო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. მსგავსი ტიპის ქეისებს მართავს კრიზისების მართვის კომპანია, რომელსაც ქირაობს გემთმფლობელი. სამივე შემთხვევაში გემთმფლობელი იყო ჩართული კრიზისების მართვის ჯგუფთან ერთად და ჩვენც – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და ოჯახებიც, ვმოქმედებდით ამ კომპანიასთან კოორდინაციაში,“ – ამბობს თამარ იოსელიანი.

რატომ არ ასაჯაროებს მეზღვაურთა გატაცების შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო?

„შედეგები ხომ მოწმობენ, რატომ იხურება გატაცების შესახებ ინფორმაცია?“ – კითხვას კითხვით  პასუხობს თამარ იოსელიანი.

მისი თქმით, ინფორმაცია იხურება იმიტომ, რომ მოკლე ვადაში გამოიხსნან გატაცებული მეზღვაური.

„ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. როდესაც ვქირაობთ კრიზისების მართვის კომპანიას და, შესაბამისად, ამ კრიზისს ის მართავს, მთავარია, იქითა მხარე (მეკობრეები) იგებდეს ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყაროდან. სწორედ ამიტომ იხურება ინფორმაცია. ჩვენთვის მთავარია, რაიმე მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია არ გავრცელდეს. ჩვენ ვასაჯაროებთ მხოლოდ სტატისტიკურ ინფორმაციას, რამდენი მეზღვაურია გატაცებული და სად.

როდესაც მეკობრეები მეზღვაურებს იტაცებენ, შესაბამისად, იგებენ მათ მოქალაქეობას და შემდეგ აკვირდებიან იმ ქვეყნების მედიას, საიდანაც ეს მეზღვაურები არიან. მათ აქვთ თავისი სპეციფიკა მოლაპარაკების. ამ სპეციფიკას რომ არ შეეშალოს ხელი და, ზოგადად, პროცესს, მკაცრად გვთხოვს გემთმფლობელი კომპანიის მიერ დაქირავებული კრიზისების მართვის  ჯგუფი, რომ ინფორმაცია არ გავასაჯაროოთ.

ინფორმაციის გაჟონვა და გათავისუფლების თარიღის გადაწევა პირდაპირპროპორციულია. ჩვენ გვქონია შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი გატაცებულის ოჯახის წევრი ჩვენს მითითებას არ დაემორჩილა, მედიაზე არაა საუბარი. ოჯახს ჰქონდა მითითება, რომ ინფორმაცია არ უნდა გაემჟღავნებინა, მაგრამ ეს ინფორმაცია მაინც გაავრცელეს. შესაბამისად, ჩვენ „დავისაჯეთ“ – რამდენიმე დღე არ გამოვიდნენ მეკობრეები კავშირზე. ჩვენ არ ვიცოდით ისინი როგორ იყვნენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ იყო და ა.შ.

მეზღვაურთა გათავისუფლების პროცესი მართვადია, მაგრამ ძალიან სენსიტიური. აქედან გამომდინარე ჩვენ ინფორმაციას ძალიან ვუფრთხილდებით. თითოეული მეზღვაურის სიცოცხლე არის უმნიშვნელოვანესი.

გემთმფლობელსაც არ ვასახელებთ, თუ სადმე არ გაჟონა ამ ინფორმაციამ, რადგან გემთმფლობელსაც სჭირდება დაცვა. იცით, რომ გამოსასყიდზეა საუბარი.

ბოლო შემთხვევაში ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში იყო გადანაწილებული – საბერძნეთში, ლონდონში, დასავლეთ აფრიკაში. რამდენიმე რაიონში და ეს გუნდი მართავდა ამ პროცესს.

როდესაც მეზღვაურები გათავისუფლდებიან, ჩვენ ამაზე ვერც მერე ვსაუბრობთ. წინა წლებში მომხდარ საქმეებზეც რომ დამისვათ კითხვა, ვერც ამაზე ვისაუბრებ დღეს: ეს საკითხი არის კონფიდენციალური. შეთანხმება სწორედ ამაზე დგება. რომ დაირღვეს ეს შეთანხმება, შეიძლება ამ კომპანიას და სხვა მეზღვაურებს შეექმნათ შემდგომში პრობლემები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ეს საკითხი არის დახურული და, შესაბამისად, ვემორჩილებით იმ დაუწერელ წესებს“, –  ასე ხსნის საზღვაო  ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი მიზეზს, რის გამოც საზოგადოება ნაკლებად იგებს იმ მეზღვაურთა ვინაობას, ვინც მეკობრეების ტყვეობაში აღმოჩნდაა.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, არის თუ არა დაცული მეზღვაურთა უსაფრთხოება და რამდენად იციან მეზღვაურებმა, რომ საფრთხის შემცველ რეგიონებში მიდიან სამუშაოდ.

„როდესაც მეზღვაური საქმდება გემზე, რომელიც დაცურავს საფრთხის შემცველ რეგიონში, მან ეს თავიდანვე იცის. შესაბამისად, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს. უსაფრთხოების წვრთნებს როდესაც  გადიან, ეს კომპონენტიც მოიაზრება მათ წვრთნაში.

მიზეზის, რის გამოც მეკობრეები ტვირთის გატაცებიდან გადავიდნენ ადამიანების გატაცებაზე არის ის, რომ ნავთობტანკერებიც და კონტეინერმზიდებიც უკვე აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებით. ეს მეკობრეებს აღარ აძლევს საშუალებას, ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში მარტივად გადმოცალონ ტვირთი გემებიდან. ჩუმი განგაშის სისტემა, ყველაფერი მუშაობს და მეზღვაურებიც გათვითცნობიერებული არიან ამ საკითხში.

დაცვაზეც რომ ვისაუბროთ, ესეც არ არის სრული თავდაცვის მექანიზმი. იყო შემთხვევა, როდესაც გემს ოთხი პირი იცავდა, მაგრამ მაინც მოახერხეს გემზე ასვლა მეკობრეებმა და გემის გატაცება.

რისკის ზონად წინა წელს ითვლებოდა 70 მილი ნაპირიდან. თუმცა ბოლო შემთხვევაში ნაპირიდან 200 მილზე გაიტაცეს გემი. გათამამდნენ მეკობრეები და ღრმად შედიან ზღვაში. ამასთან, კლიმატური  პირობებიც უწყობს ხელს მეკობრეებს. განსაკუთრებით ბნელი ღამეებია და შესაძლოა ვახტაზე მყოფმა მეზღვაურმა ვერ შეამჩნიოს თავდამსხმელები. სწრაფმავალი კატარღები აქვთ, რითაც მისდევენ გემს და ესხმიან თავს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია დაზღვევის კომპონენტი. ამ ზონაში რომ მიდის გემი, დაზღვეულია როგორც გემი, ისე მეზღვაური,“  – ამბობს თამარ იოსელიანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: