მთავარი,სიახლეები

ცესკო ამომრჩეველთა მარკირებისათვის 150 ათასი ლარის სითხეს იყიდის

19.06.2020
ცესკო ამომრჩეველთა მარკირებისათვის 150 ათასი ლარის სითხეს იყიდის

ამომრჩეველთა მარკირებისათვის ულტრაიისფერი უხილავი სითხის შესაძენად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 150 ათასი ლარია.

ტენდერის პირობის მიხედვით, „სითხე ხელზე დასხურების შემდეგ არ უნდა ტოვებდეს ხილულ კვალს, ხოლო ულტრაიისფერი ნათურის დანათებით 24 საათის განმავლობაში შესაძლებელი უნდა იყოს მისი კვალის დანახვა;

სითხე უნდა იყოს 200 მლ პლასტიკის ბოთლში სპრეი თავსახურით [15 000 ბოთლი]. ბოთლზე დატანილი უნდა იყოს სტიკერი, სადაც მითითებული იქნება გამოყენების წესები. ვარგისიანობის ვადა კი, მიწოდებიდან არანაკლებ 6 თვე“.

პარალელურად, ცესკო აცხადებს, რომ „საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებში ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია განხორციელდეს სხვადასხვა ქმედითი ზომები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად“.

აქედან გამომდინარე, ცესკო, ტენდერის გარეშე შეისყიდის:

ერთჯერად პირბადეებს (სამშრიანი) – 10 000 ცალი;
ერთჯერად ხელთათმანებს (ლატექსი, M ზომა) – 10 000 ცალი;
ერთჯერად ხელთათმანებს (ლატექსი, L ზომა) – 10 000 ცალი;
ხელის სადეზინფექციო ხსნარს (500მლ, საპნის თავსახურით) – 200 ცალი;
ხელის სადეზინფექციო ხსნარს (200მლ, სპრეის თავსახურით) – 500 ცალი;
ხელის სადეზინფექციო ხსნარს (5ლიტრი, ჩვეულებრივი თავსახურით) – 50 ცალი;
ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარს (5 ლიტრი, ჩვეულებრივი თავსახურით) – 10 ცალი;
დისტანციურ თერმომეტრს – 4 ცალი.

ცესკოს შესყიდვების სააგენტოდან გამარტივებულ შესყიდვაზე თანხმობა მიღებული აქვს, თუმცა, თანხა მითითებული არ არის.

სამუშაო ადგილებზე გასათვალისწინებელი წესები ცესკოს თავმჯდომარემ 2020 წლის მაისში დაამტკიცა.

საარჩევნო კომისია ტენდერის გარეშე 755 ათას ლარის დახარჯვას გეგმავს სხვადასხვა საარჩევნო ოლქში შენობების რემონტისთვისაც.

„2020 წლის ოქტომბერში გასამართი საპარლამენტო არჩევნების სათანადო დონეზე ორგანიზებისთვის საჭიროა ცესკოს ბალანსზე რიცხულ 37 ადმინისტრაციულ შენობაში აუცილებელი სარემონტო სამუშაოების ჩატარება და ინფრასტრუქტურის განახლება. სარემონტო სამუშაოები უნდა დასრულდეს არაუგვიანეს 2020 წლის 15 აგვისტომდე“, – აღნიშნულია ცესკოს განაცხადში შესყიდვების გვერდზე.

ამ ობიექტების მდებარეობა და სამუშაოებისთვის საჭირო საორიენტაციო ფასები:

შესყიდვების სააგენტომ დღეს, 19 ივნისს, ცესკოს ინფორმაციის დაზუსტება მოსთხოვა.

„გთხოვთ, ერთი სამუშაო დღის ვადაში დააზუსტოთ რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი, ასევე, რატომ გამოიწვევს ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებული შესყიდვის ობიექტების ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვა ამ ღონისძიების არსებითი შეფერხებით ჩატარებას, ჩაშლას ან/და მისი უწყვეტად ჩატარების ხელშეშლას. ამასთან, გთხოვთ, დააზუსტოთ, აღნიშნული სამუშაოების შესასყიდად თქვენს მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების ნომრები“, – მიწერეს ცესკოს შესყიდვების სააგენტოდან.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო მიმდინარე წლის დასაწყისში გაანაწილა ის თანხა, რაც სახელმწიფომ 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის გამოყო. ცესკოს მიხედვით, პარლამენტის არჩევნებისთვის სულ 42 760 652 ლარი დაიხარჯება:

პარლამენტის არჩევნებისთვის 42,7 მილიონი ლარი დაიხარჯება – 2020 წელი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: