მთავარი,სიახლეები

ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობა შეწყვიტა

12.06.2020 • 2283
ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობა შეწყვიტა

შიმშილობის მე-15 დღეს ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიასთან შიმშილობა შეწყვიტა. იგი ტელევიზიიდან კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების ჩამოშორებას აპროტესტებდა და აჭარის ტელევიზიის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის იმპიჩმენტს ითხოვდა.

„…ჩემთვის უმნიშვნელოვანესია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში დასრულდეს პოლიტიკური პროცესი და ხელისუფლების კონტროლი. ვწყვეტ შიმშილობას და მრჩეველთა საბჭომ მიიღოს ლეგიტიმური გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს კოხრეიძე დაკავებული თანამდებობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი,“ – აღნიშნა ალექსანდრე მილორავამ აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში.

ალექსანდრე მილორავამ სატელევიზიო ჩართვაში ისაუბრა მრჩეველთა საბჭოს წევრზე – თამარ წილოსანზეც, რომელმაც საჯაროდ დადებული პირობის მიუხედავად, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებაზე უარი თქვა.

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებისგან უკვე 10-ზე მეტი სარჩელია შესული ბათუმის საქალაქო სასამართლოში. ჟურნალისტებმა ასევე მოითხოვეს პროკურატურისგან გამოძიების დაწყება ჟურნალისტების დევნის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მუხლით. აჭარის ტელევიზიიდან ჟურნალისტების დევნაზე საუბრობს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია და ისეთი ავტორიტეტული, საერთაშორისო ორგანიზაციაც, როგორიცაა „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. ამ ორგანიზაციამ რამდენჯერმე აჭარის ტელევიზიაზე პოლიტიკური ზეწოლის შეწყვეტა მოითხოვა.

დირექტორის იმპიჩმენტს ხუთწევრიან მრჩეველთა საბჭოში სამი წევრის თანხმობა სჭირდება, საბჭოში „ქართული ოცნების“ კვოტით შესული სამი წევრი იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება მრჩეველთა საბჭოს ორ წევრს შეეძლო. იმპიჩმენტი მოითხოვა გია ქარცივაძემ. იმპიჩმენტის მოთხოვნა დააანონსა თამარ წილოსანმაც, თუმცა საბოლოოდ მან ეს გადაიფიქრა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: