Batumelebi | გარემოვაჭრეებმა აჭარის მთავრობასთან შორტები, წინდები და მაისურები მიიტანეს გარემოვაჭრეებმა აჭარის მთავრობასთან შორტები, წინდები და მაისურები მიიტანეს – Batumelebi

გარემოვაჭრეებმა აჭარის მთავრობასთან შორტები, წინდები და მაისურები მიიტანეს

დღეს, 11 ივნისს, ბათუმში, გარემოვაჭრეებმა გასაყიდი საქონელი – მაისურები, წინდები, შორტები და სხვა წვრილმანი ნივთები აჭარის მთავრობის შენობასთან მიიტანეს პროტესტის ნიშნად. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ მუნიციპალური ინსპექცია ვაჭრობის საშუალებას არ აძლევს. მოვაჭრეები ასევე ამბობენ, რომ გაუსაძლის  მდგომარეობაში არიან, რადგან მათ სავაჭრო ფართობის დაქირავება არ შეუძლიათ, თუმცა თუ არ ივაჭრებენ, ფიზიკურად ვერ იარსებებენ.

გარემოვაჭრე ეთერ თავართქილაძე ამბობს, რომ ვაჭრობა მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავალია
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

„სოფლიდან დავდივარ სავაჭროდ, ზოგჯერ გზის ფულიც კი არ მაქვს რომ გამოვიდე, ნაოპერაციები ვარ, ოჯახში სხვა შემოსავალი არ გვაქვს. არც პენსიონერი ვარ, 6-სულიანი ოჯახი მყავს შემოსავლის გარეშე, მეუღლე ავად არის. ადგილი, რომელიც გარემოვაჭრეებისთვის გამოყეს, პირუტყვის სადგომს ჰგავს, „ჯეშტებში“ ვზივართ ამოხარშული, ჰაერიც კი არ არის, 5 კაცი არ გაივლის დღეში, რა უნდა ვივაჭროთ“, – ამბობს ეთერ თავართქილაძე.

გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ დევნის. „მთავრობა გამოსავალს ხედავს აქტების შედგენაში, ჯარიმების შედგენაში და ჩვენს დევნაში. ლუკმა-პურისთვის ვდგავართ ქუჩაში, ინსპექციის თანამშრომლებთან გვიხდება დაპირისპირება ამის გამო. „წადით ზემდგომს მიმართეთო“, – გვეუბნებიან, ჩვენ ჩვენს მოვალეობას ვასრულებთო. ამ ორგანოზე მეტი ზემდგომი არ არის აჭარაში, ამიტომ მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებს შეგვიქმნას ისეთი გარემო, სადაც რეალურად გვექნება შესაძლებლობა, გავყიდოთ ჩვენი საქონელი“, – ამბობს ციცო მუშკუდიანი.

გარემოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად გასაყიდი საქონელი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან მიიტანეს.
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

გასულ წელს, საპროტესტო აქციების შემდეგ, გარემოვაჭრეებს სავაჭროდ ალტერნატიული ფართობი ავტოსადგურის ტერიტორიაზე გამოუყვეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ იქ მყიდველი არ შედის, რის გამოც შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

„ამის გამო იძულებული ვიყავით ისევ ქუჩაში გამოვსულიყავით. „ჯეშტებით“ შემოღობილი ოთახი მოგვცეს, ისეთი, პირუტყვის სადგომიც რომ არ იქნება. მე თუ ჩემი ჯანმრთელობის ფასად ვდგავარ ქარში, წვიმაში და საარსებოს ვშოულობ, რატომ მიშლიან ხელს.

მიჭირს და ამიტომ ვდგავარ, დალხინებული ადამიანი ქუჩაში არ გამოვა, მრცხვენია, მაგრამ რა ვქნა. ალტერნატიული ადგილი მოგვცენ, ისეთი, სადაც მყიდველი შემოვა და არა ის, რასაც გვთავაზობენ“, – ამბობს ნანა კინწურაშვილი.

გარემოვაჭრეებმა პროტესტის ნიშნად გასაყიდი საქონელი აჭარის უმაღლეს საბჭოსთანაც მიიტანეს, სადაც მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ანგარიშს აბარებდა. მოვაჭრეები მასთან შეხვედრასაც ითხოვდნენ, თუმცა რიჟვაძე მათ არ შეხვდა.

გარემოვაჭრეები აჭარის მთავრობასთან
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

გარემოვაჭრეები ძირითადად წერეთლის ქუჩაზე არიან განთავსებული, თუმცა იქ მუნიციპალური ინსპექცია გაჩერების და ვაჭრობის უფლებას არ აძლევს.

„კორონავირუსის პანდემია რაც დაიწყო, საერთოდ შემოსავლის გარეშე დავრჩით. ჩვენ თვითდასაქმებული ხალხი ვართ, თუმცა არც მთავრობის დახმარება მიგვიღია. გამოვედით რომ ჩვენი საქონლით დღიური სარჩო მოვიძიოთ და გვდევნიან,“-ამბობენ გარემოვაჭრეები.

მათი თქმით, შარშანდელი აქციების დროს, მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა საქონელიც წაართვეს, რომელიც დღემდე არ დაუბრუნებიათ. გარემოვაჭრე ნანა კინწურაშვილი ამბობს, რომ მისგან 500 ლარის საქონელი წაიღეს ინსპექციის თანამშრომლებმა და ახლაც ემუქრებიან საქონლის წართმევით. „ადგენენ ჯარიმის აქტებს და სახლში გვიგზავნიან, რითი უნდა გადავიხადოთ ეს ჯარიმა უმუშევარმა ადამიანებმა?“- კითხულობს ნანა კინწურაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com