„როცა გიჭირს, ერთი პურით დახმარებაც დიდი რამეა, მეც მივიტანე გულთან სხვისი ტკივილი, როგორც სხვებმა ჩემი მდგომარეობა. სხვას გავუკეთე ანალოგიური. როცა უცხო ადამიანები მოდიოდნენ პროდუქტით, ბავშვები მეკითხებოდნენ, ვინ არიან, რატომ მოდიან და მოაქვთ ჩვენთვის საჭმელიო. ვუხსნიდი, რომ ეს დროებითია, კრიზისი გვაქვს და ხალხის დახმარების იმედად ვართ, წამოვდგებით ფეხზე და სხვებს დავეხმარებით, ისინი იქნებიან ჩვენს იმედად-მეთქი. “ – გვიყვება ხათუნა გიგაშვილი.
ხათუნა გიგაშვილს სოციალური დახმარება პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე შეუწყვიტეს, ხუთ ბავშვთან ერთად [მას ორი შვილი ჰყავს და სამიც და-ძმა] ის ყოველგვარი ფინანსური სახსრების გარეშე დარჩა. მის მდგომარეობას დაემატა ისიც, რომ ხათუნა ბავშვებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს – უნდა გადაეხადა, როგორც ქირის საფასური, ასევე კომუნალური გადასახადები.
ხათუნას და მისი ოჯახის ფინანსური პრობლემების შესახებ „ბათუმელებში“ სტატია ზუსტად ორი თვის წინ, 2020 წლის აპრილში გამოაქვეყნა, როგორც თვითონ გვიყვება, ამის შემდეგ მის ტელეფონზე ზარები არ შეწყვეტილა:
„ჩემს სახლში მოსვლა და წასვლა აღარ შეწყვეტილა. მოდიოდნენ უცხო ადამიანები, მოჰქონდათ პროდუქტი, ტკბილეული, ანგარიშის ნომერიც გამიხსნეს და თანხას მირიცხავდნენ. ასე შევაგროვე აპრილის ქირის გადასახადი, ელექტროენერგიის გადასახადი კი სიკეთის ფონდმა გადამიხადა, ისინი სულ მეხმარებიან“.
ცოტა ხანში ისევ „სიკეთის ფონდიდან“ ხათუნას შეატყობინეს, რომ ერთი წლის განმავლობაში ქირის თანხას ქართველი ემიგრანტი გადაუხდიდა. მალე სოციალური დახმარებაც აღუდგინეს და განაცდური თვეების თანხაც დაურიცხეს. ამას მოყვა პროდუქტის ვაუჩერიც, რის შემდეგაც ხათუნამ გადაწყვიტა, რომ „უკვე ბევრი დაუგროვდა“ და ახლა უკვე მასაც შეეძლო სხვების დახმარება.
„საიტზე წავიკითხე, რომ ერთ ბებოს წამლებისთვის მცირე თანხა ესაჭიროებოდა. ეს თანხა მე გადავურიცხე. პროდუქტი კი გავუნაწილე ისეთ ოჯახს, რომელიც წერდა, რომ ბავშვებისთვის საჭმელი არ ჰქონდა, მე თვითონ გავუტანე. ერთხელ ფონდის წარმომადგენელთან ერთადაც ვიყავი, რომელიც ადრე მე დამეხმარა, როცა გამოვთქვი სურვილი ძალიან გაუკვირდათ“, – გვიყვება ხათუნა.
ხათუნას თქმით, ბავშვებს იმდენად მოეწონათ სხვების დახმარების პროცესი, რომ ახლა თვითონ ეძებენ ფეისბუქზე მსგავს განცხადებებს: „ხანდახან მომირბენინებენ, დედა შეხედე ამასაც უჭირსო“, – გვითხრა ხათუნამ.