Batumelebi | 50 ლარით დაჯარიმდებით, თუ დახურულ სივრცეში პირბადით არ იქნებით – კანონპროექტი 50 ლარით დაჯარიმდებით, თუ დახურულ სივრცეში პირბადით არ იქნებით – კანონპროექტი – Batumelebi

50 ლარით დაჯარიმდებით, თუ დახურულ სივრცეში პირბადით არ იქნებით – კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, დახურულ სივრცეში, აგრეთვე ავტობუსებსა და ტაქსებში, პირბადის გარეშე ყოფნისთვის ფიზიკური პირები 50 ლარით დაჯარიმდებიან.

კანონპროექტი ინიცირებულია ანრი ოხანაშვილისა და პარლამენტის სხვა წევრების მიერ.

„პირბადეების ტარება სავალდებულო არის დახურულ საჯარო სივრცეში, თავშეყრისას. თუკი ფიზიკური პირი არ დაიცავს წესს, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული წესით ჯარიმა 50 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი არ უზრუნველყოფს იმას, რომ ფიზიკური პირი მხოლოდ პირბადით შევიდეს და ამის კონტროლს ვერ უზრუნველყოფს, გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს — მასში მძღოლსაც და მგზავრსაც აქვს ვალდებულება, ატაროს პირბადე. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი/მგზავრი არ დაიცავს ამ წესს, მაშინ გათვალისწინებულია ასევე 50 ლარით ადმინისტრაციული წესით დაჯარიმება“, — განაცხადა მან.

„რაც შეეხება ტაქსს, ტაქსით მგზავრობის დროს, როგორც მძღოლს, ასევე მგზავრს, ევალება ატაროს პირბადე. ამ შემთხვევაშიც, თუ მძღოლს ან მგზავრს არ ექნება პირბადე, გათვალისწინებულია ჯარიმა 50 ლარი“, — აღნიშნა ოხანაშვილმა

ასევე, ოხანაშვილის ცნობით, კანონპროექტი უკავშირდება საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს, საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო მიმოსვლის წესებისა და თვითიზოლაციის/კარანტინის წესების დაცვას.

„გარდა ამ წესებისა, არის სხვა ძალიან მნიშვნელოვანი წესი, უკავშირდება როგორც საერთაშორისო სამგზავრო გადაზიდვებს, საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო მიმოსვლის წესების დაცვას, ასევე ძალიან მნიშვენლოვანია, პირი, რომელიც ჩამოვა საზღვარგარეთიდან, დაემორჩილოს წესებს, გადავიდეს თვითიზოლაციასა თუ კარანტინში. იმ შემთხვევაში, თუკი ეს წესები არ იქნება დაცული, თუკი ფიზიკური პირი, ვისაც გადაიყვანენ კარანტინში, არ დაემორჩილება ამ წესებს ან წინააღმდეგობას, ასეთ მძიმე შემთხვევებში გათვალისწინებულია მხოლოდ 2000- ლარიანი ჯარიმა ფიზიკური პირისთვის, 10 000 ლარი — იურიდიული პირისთვის. განმერობით ჩადენის შემთხვევაში იწყება სს პასუხისმგებლობა. ყველა სხვა შემთხვევაში, რომელიც უკავშირდება პირბადეებს, არის ადმინისტრაციული წესით და აქ სს პასუხისმგებლობა არ გავრცელდება“, — აცხადებს იგი.

რაც შეეხება ღია სივრცეებს, მაგალითად, პარკებს, ოხანაშვილის თქმით, „ღია სივრცეებში არაა პასუხისმგებლობა დადგენილი“.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.