Batumelebi | რაც „ამბასადორისთვის“ შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჩვენთვის? – კითხვა ბათუმის მერს რაც „ამბასადორისთვის“ შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჩვენთვის? – კითხვა ბათუმის მერს – Batumelebi

რაც „ამბასადორისთვის“ შეიძლება, რატომ არ შეიძლება ჩვენთვის? – კითხვა ბათუმის მერს

„ამბასადორ ბათუმს“, რომელიც რუსეთის მოქალაქეს ეკუთვნის და ქვეყანაში უკვე ფლობს ამ ბრენდის ორ სასტუმროს, სურს ბათუმის ბულვარში 15-სართულიანი შენობა ააშენოს. ბათუმის ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სწორედ ამიტომ გავლენიანი ბიზნესმენის ელგუჯა ქებურიას წარმომადგენლებმა ამ პროექტის განხორციელების უფლების მისაღებად აჭარის კმდს-ს [კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო] მიმართეს. კმდს საბჭომ კომპანიას უარი უთხრა პროექტის დამტკიცებაზე, მაგრამ პროცესი ამით არ შეჩერებულა – ბიზნეს ჯგუფი დედაქალაქში არსებულ ძეგლების საბჭოს სთხოვს, მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთ ბულვარში, ამოიღოს ძეგლის ტერიტორიიდან, ანუ ბულვარის საზღვრებიდან.

„ამბასადორი ბათუმს“ მხოლოდ ეს ერთი პროექტი არ აკაშირებს ბათუმის ბულვართან – ამ კომპანიამ დამატებითი მიწის ნაკვეთი მიიღო მართვაში, სადაც კაფე-ბარის მოწყობას გეგმავს. მსგავსი ხელშეკრულების გააგრძელება სურდათ სხვა კომპანიებსაც, თუმცა მათ ბათუმის მერიამ უარი უთხრა და ამ ქონებების უკან დაბრუნების მიზნით სასამართლო დავა წამოიწყო.

რატომ უდგება ამ საკითხს ბათუმის მერია ორმაგი სტანდარტით? – ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე ირწმუნება, რომ მილიონზე მეტი დაზოგა, როცა გადაწყვიტა და შპს „ამბასადორი ბათუმს“ ბულვარში მიწის ნაკვეთზე 2016 წელს გაფორმებული „აღნაგობის ხელშეკრულების“ ვადა გაუგრძელა. მერმა თქვა, რომ კომპანიას ამ ნაკვეთზე აქვს შენობა, რომელზეც „მილიონზე მეტია დახარჯული“. მან განმარტა, რომ თუ კომპანიას ვადას არ გაუგრძელებს, ქალაქი იძულებული იქნება ეს შენობა გამოისყიდოს. სწორედ ამას გულისხმობდა მერი „მილიონის დაზოგვაში“. ამავე მიზეზით ახსნა „ამბასადორისთვის“ მიწის გადაცემის საკითხის დამტკიცებამდე საკრებულოს თავმჯდომარისთვის გაგზავნილი SMS – „არ ამოიღო ბატონო სულიკო ამბასადორი“. ეს მესიჯი საიამ შეაფასა, როგორც „შესაძლო კორუფციული ინტერესი“.

ჯერ კიდევ 2018 წელს, ბათუმის ბულვარში კაფე-ბარების მფლობელები აცხადებდნენ, რომ „ამბასადორი ბათუმს“ მათ ტერიტორიაზე უჭირავს თვალი და მთავრობის მხარდაჭერაც აქვს – სტატია არქივიდან.

 ბათუმის მერის პოზიცია და მის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისთვის გაგზავნილ SMS-თან დაკავშირებული ინციდენტი, ასევე თავმჯდომარის პასუხის – OK“, იმ მოიჯარეებმაც გაიგეს, ვისაც ასევე ბულვარში აქვს მიწის ნაკვეთი ანალოგიური ხელშეკრულებით. მერიამ ხელშეკრულების გაგრძელებაზე მათ უარი უკვე უთხრა. ახლა ისინი ამბობენ, რომ მერია მათაც ისევე უნდა მოექცეს, როგორც „ამბასადორი ბათუმს“ – აღნაგობის ხელშეკრულება გაუგრძელოს.

კადრი TV 25-ის მასალიდან

წინააღმდეგ შემთხვევაში დადასტურდება მათი ეჭვები – „მერია ბულვარში ადგილს გავლენიანი ინვესტორისთვის ათავისუფლებს“.

ადვოკატ ზურაბ ცეცხლაძის თქმით, აღნაგობის ხელშეკრულების გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოში 10 ბიზნესმენი დაობსისინი დაჟინებით ითხოვენ, რომ 2016 წელს გაფორმებული აღნაგობის ხელშეკრულება მათაც გაუგრძელოს მერიამ, ისე, როგორც ეს „ამბასადორი ბათუმის“ შემთხვევაში გააკეთა. გარდა ამისა, ისინი კიდევ ერთ უსამართლობაზე მიუთითებენ – მერიამ „ამბასადორი ბათუმის“ შენობა საბაზრო ფასად, 1 მილიონ ლარად შეაფასა, მაშინ, როცა მათი შენობები თვითღირებულების ფასად შეაფასა უპირობოდ – მათ ახალ საინვესტიციო პირობებზე უარი უთხრა.

რესტორანი „ლათინო“ ერთი მხრიდან ბულვარს, მეორე მხრიდან კი სანაპიროს ესაზღვრება. აქვს ორსართულიანი შენობა და პატარა სივრცე, სადაც საცეკვაო სცენაა მოწყობილი. ეს შენობა მერიას აუდიტმა 155 000 ლარად შეუფასა. მერია ლათინოსს აღნაგობის ხელშეკრულებას აღარ უგრძელებს.

რესტორანი მწვანე ბარი ბათუმის ბულვარში აუდიტმა 95 000 ლარად შეაფასა. მერია მწვანე ბარს აღნაგობის ხელშეკრულებას აღარ უგრძელებს.

საქმე იმაშია, რომ 10 პირს, რომლებსაც ბათუმის ბულვარში უკვე 15 წელია სარესტორნო ბიზნესი აქვთ, „ამბასადორი ბათუმისგან“ განსხვავებით, ბათუმის მერიამ მათ ხელშეკრულებების ვადების გაგრძელების მოთხოვნაზე თავდაპირველად არ უპასუხა, შემდეგ კი სახელმწიფოს ქონების არამართლზომიერ მფლობელობაში სარგებლობის გამო სასამართლოში უჩივლა.

საბოლოდ მხარეებს შორის დავა დაწყო – მთლიანობაში საქმე ეხება ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 11 ნაკვეთს, რომელიც 2005 წელს ბათუმის მერიამ კონკურსის წესით, იჯარით გასცა. თერთმეტივე ნაკვეთი ბულვარის ტერიტორიაზე, ზღვასთან ახლოს მდებარეობს. მათ შორისაა „ამბასადორი ბათუმიც“ – ამ 11-დან ხელშეკრულება სწორედ მხოლოდ მას გაუგრძელეს.

2005 წლის ხელშეკრულებებით, ფიზიკურმა პირებმა ბულვარში გადაცემულ ნაკვეთებზე კაპიტალური შენობები ააშენეს და ტურისტულ ობიექტები, ძირითადად სარესტორნო ბიზნესი განავითარეს.

2010-2011 წლებში [ეტაპობრივად და ინდივიდუალურად] მერიამ ამ პირებთან ხელშეკრულებები შეცვალა და რადგან უკვე ამ ტერიტორიებზე შენობებიც იდგა, აღნაგობის ხელშეკრულებები გააფორმა. ცვლილებით ასევე დაწესდა აღნაგობის საზღაური.  ხელშეკრულებებს ვადა 2015 წელს გაუვიდა, რის შემდეგაც მოაღნაგეები მერიისგან ვადის გაგრძელებას ოფიციალურად ითხოვდნენ. მერიამ ეს მიზანშეწონილად არ მიიჩნია და 2016 წლის 6 იანვრის ბრძანებით, ხელშეკრულებების ვადის გასვლის მიზეზით, მოაღნაგეებთან დადებული ხელშეკრულებები შეწყვიტა. შემდეგ საქმეში ჩაერთო ბათუმის ბულვარი, რადგან 2017 წლიდან ქონება უზურფრუქტის წესით  ბულვარს გადასცეს იმ პირობით, რომ ბულვარს პირდაპირი წესით გაეფორმებინა ხელშეკრულება ყოფილ მოაღნაგეებთან, იგივე ფასებში სამი წლის ვადით.

2018 წლის ბოლოს, ბათუმის მერიამ მესაკუთრეებს წერილობით აცნობა, რომ მათი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და ისინი არამართლზომიერად აგრძელებდნენ ქონებით სარგებლობას. წერილებთან ერთად მოაღნაგეებს აშენებული შენობების საფასურიც გამოუთვალეს და არამართლზომიერი მფლობელობის დროს გადაუხდელი აღნაგობის თანხის შენობის საფასურში გაქვითვა შესთავაზეს. [აღნაგობის ხელშეკრულება, რომელშიც მათ მერიამ მიწის ნაკვეთების სარგებლობის პირობები გაუწერა, ამავე ქონებების უკან დაბრუნებისას შენობების გამოსყიდვას ითვალისწინებდა – მერია შენობების ღირებულების ორი-მესამედის გადახდის ვალდებულებას იღებდა.]

მესაკუთრეები ამ შეთავაზებას არ დასთანხმდნენ. რადგან უწყებამ გადასახდელი აღნაგობის საფასური [2015 წლიდან დღემდე] საბაზრო ფასით, ხოლო მათ მიერ აშენებული შენობები არასაბაზრო ფასით, როგორც თვითონ ამბობენ „ფაქტობრივად კაპიკებად“ შეუფასა.

2018 წლის დეკემბერში, მერმა ლაშა კომახიძემ მოაღნაგეებს აღნაგობის თანხის გადაუხდელობა ოფიციალურად, წერილობით შეახსენა. ამ წერილებში დაანგარიშებული აღნაგობის საფასური და პირგასამტეხლოც ფიქსირდებოდა. განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს განსახილველად გადაუგზავნა, ირკვეოდა, რომ მერია მოაღნაგეებთან ურთიერთობის გაგრძელებას აღარ აპირებდა, ამიტომაც მერია სასამართლოში შეეცადა იმის გარკვევას, ამ საქმიდან ვის რამდენი ერგებოდა. პროცესი გაჭიანურდა, მოსამართლემ მხარეებს მორიგების ვადა მისცა, რის შემდეგაც მოაღნაგეებს ხელშეკრულებები 2020 წლის ოქტომბრამდე გაუგრძელეს.

დავა ისევ გრძელდება.

ახლა მოაღნაგეები ამბობენ, რომ მერიას სთავაზობენ 15-წლიანი ხელშეკრულებას, 7 წლით გაგრძელების მოთხოვნის უფლებით, ანუ ზუსტად იმ პირობას, „რაც ამბასადორს გასულ კვირას მისცეს“. მათგან ზოგიერთი ამაზე უკვე ჩამოყალიბებულია, ზოგს კი დრო სჭირდება, თუმცა ამბობს, რომ პირობა მოსწონს.

„15 წლიანი იჯარა, კიდევ შვიდი წლით გაგრძელების მოთხოვნის პირობით მშვენიერია. 22 წელის შემდეგ რა იქნება არავინ იცის. მე მომწონს ეს პირობა, თანახმა ვიქნებოდი“, – გვითხრა დავით მამულაძემ, ბათუმის მერიის ერთ-ერთმა კონტრაქტორმა, რომელიც ბულვარში „მწვანე ბარს“ ფლობს. იგივე პირობების მოთხოვნა დავით მამულაძის გარდა, კიდევ რამდენიმე მოიჯარემ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შპს „ამბასადორი ბათუმს“ კაფესთვის მერიამ ზუსტად ეს პირობები განუსაზღვრა:

მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ნაკვეთი აღნაგობის უფლებით, 15 წლიანი იჯარით, შემდგომში კიდევ შვიდი წლით გაგრძელების მოთხოვნის უფლებით და ინვესტიციის განხორციელების პირობით. ამ ყველაფრის სანაცვლოდ კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ 22 წლის შემდეგ შენობას მერიას უსასყიდლოდ დაუთმობს.

რას უპასუხებს მერია მოაღნაგეებს? – ამ კითხვაზე დღეს მერიაში დაზუსტებული პასუხი ვერ გაგვცეს და გვითხრეს, რომ ამ დროისთვის მოაღნაგეებთან შეხვედრა ჩანიშნული არ არის, გვიპასუხებენ, როცა ბიზნესმენებთან შეხვედრა შედგება და რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ.

შპს „ამბასადორი ბათუმის“ მესაკუთრეები რუსეთის მოქალაქეები არიან – კომპანიის 50% წილის მფლობელი ვართან ვართანოვია, 50 % კი ეკუთვნის ელგუჯა ქებურიას, რომელიც ამავე დროს კომპანიის დირექტორიცაა.

_____

სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არარის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

ამავე თემაზე:

„ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში გაფართოვდება – მერია თანახმაა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი