მთავარი,სიახლეები

„ვერ წარმომიდგენია ზუგდიდში ვინმე აბორტს იკეთებდეს” – გენდერული საბჭოს წევრი

04.06.2020 • 2424
„ვერ წარმომიდგენია ზუგდიდში ვინმე აბორტს იკეთებდეს” – გენდერული საბჭოს წევრი

სამეგრელოში გავრცელებულია მცდარი აზრი იმის შესახებ, რომ აბორტი აკრძალულია – წერია სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის“ (2018-2020) შესრულების შუალედურ ანგარიშში“. ანგარიშში ეს ფაქტი შეფასებულია, როგორც „საგანგაშო“.

„საგანგაშოა სამეგრელოს რეგიონში აბორტის შესახებ გავრცელებული მცდარი აზრი, როგორც მოსახლეობაში, ისე უწყების წარმომადგენლებში. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აბორტი საქართველოში, კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერ ვადაზე აკრძალულია (აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს), რაც თავისთავად ზღუდავს 26 რეგიონში აბორტის სერვისზე წვდომას“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

სახალხო დამცველის ეს დასკვნა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დევნილ და ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლად მცხოვრებ ქალებთან და გენდერის საბჭოს წარმომადგენლებთან ზუგდიდში, რიყეში, რუხში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხაბუმეში, მარტვილში, სენაკსა და ხობში შეხვედრებს ეყრდნობა.

სწორედ ამ მუნიციპალიტეტებში დაუკავშირდა „ბათუმელები“ გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებს, რომლებიც ქალთა უფლებების განხორციელებას უნდა უწევდნენ ზედამხედველობას მუნიციპალიტეტებში. არასასურველი ორსულობის შეწყვეტას, რაც კანონმდებლობით 12 კვირამდე დაშვებულია, ისინი „ცოდვასა“ და „დანაშაულს“ უწოდებენ, ზოგ მათგანს აბორტი ერთადერთ შემთხვევაში მიაჩნია დასაშვებად: „თუ ქალი კვდება და სხვა გზა არ არის”.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის, სოფო რუსეცკის ინფორმაციით, აბორტის თემა ყველა მუნიციპალიტეტში იყო განხილული, მაგრამ სამეგრელო კვლევაში ცალკე გამოყვეს, რადგან მხოლოდ სამეგრელოს მუნიციპალიტეტებში მიაწოდეს მკვლევარებს მცდარი ინფორმაცია, თითქოს აბორტი აკრძალულია ნებისმიერ ვადაზე საქართველოში კანონმდებლობით. სოფო რუსეცკის თქმით სხვა რეგიონებში ასეთი მცდარი ინფორმაცია არ ჰქონდათ.

„სიმართლე რომ გითხრათ, კანონმდებლობა ზეპირად არ მახსოვს. მგონი გარკვეული ტიპის აბორტებს სახელმწიფო არ კრძალავს” 

მაგალითად, მარტვილის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, დარეჯან სხულუხია აბორტის აკრძალვის მომხრეა და ამბობს, რომ აბორტი კანონმდებლობით აკრძალული და დასჯადი რომ იყოს, ამით პრობლემა აღმოიფხვრებოდა. იგი ამბობს, რომ „აბორტის აკრძალვის მომხრეა, მაგრამ დასჯისთვის ქალს ვერ გაიმეტებდა, რადგან მაინც ქალია“.

„სიმართლე რომ გითხრათ, კანონმდებლობა ზეპირად არ მახსოვს და მგონი რაღაც გარკვეული ტიპის აბორტებს სახელმწიფო არ კრძალავს. რისთვის აჩენ, მერე თუ კლავ“, – ამბობს ის.

დარეჯან სხულუხია მიიჩნევს, რომ თუ კონტრაცეპტივებს სწორად გამოიყენებენ ქალები, აბორტის საჭიროება აღარ დადგება. იგი ფიქრობს, რომ აბორტი მხოლოდ მაშინაა დასაშვები „თუ ქალი კვდება, ნაყოფი არ იზრდება და ქალი დაამტკიცებს, რომ აბორტი გარდაუვალია“.

ქალთა გაძლიერების მხარდამჭერი ღონისძიებების უზრუნველყოფა გენდერული თანასწორობის საბჭოების უფლებამოსილებაა. მარტვილის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრს ქალთა გაძლიერება სხვაგვარად ესმის. მან გვიამბო, როგორ დაარწმუნა ქალები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით გეგმავდნენ ორსულობის შეწყვეტას, არ გაეკეთებინათ აბორტი:

„პირადად მიმიღია ამაში მონაწილეობა, მოხდა ისე, რომ ქალი მოვიდა, იკეთებდა… ვეუბნები… ვუსაბუთებ, რომ გაჩნდება… და მართლაც ჩემს სახელზე გაჩენილი რამდენიმე ბავშვია ახლა. ერთი მოვნათლე კიდეც, მოშორება უნდოდა და არ მოვაშორებინე. აბორტის წინააღმდეგი ვარ. ამხელა ტვირთის ტარება ქალისთვის ძალიან ძნელია“.

      „ზუგდიდში აბორტი? – ვერ წარმომიდგენია ზუგდიდში ვინმე აბორტს იკეთებდეს“

ჩხოროწყუს გენდერული საბჭოს წევრი ანა ახალაია მიიჩნევს, რომ აბორტი „დანაშაულია“, მაგრამ ის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ქალისთვის.

ასე ფიქრობს ზუგდიდის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, ეკატერინე ტიფაიაც და  დასძენს, რომ მას ვერც კი წარმოუდგენია, თუ ზუგდიდში ვინმემ შეიძლება გაიკეთოს აბორტი.

„ზუგდიდში აბორტი…? ვერ წარმომიდგენია ზუგდიდში ვინმე აბორტს იკეთებდეს, ამით „ჩვილის“ უფლებები ირღვევა და ადამიანს იმდენი შეგნება უნდა ჰქონდეს, არ მოუსწრაფოს სიცოცხლე მუცლადმყოფ არსებას. თუ ქალის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე მხოლოდ ამ შემთხვევაშია დასაშვები აბორტი“, – ამბობს გენდერული საბჭოს წევრი.

„ჩვენთან გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე ქალთა უფლებების საკითხები არასდროს დამდგარა”

ეკატერინე ტიფაიას თქმით, ზუგდიდში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე ქალთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხები არასდროს დამდგარა, რადგან ქალთა უფლებების დარღვევის შესახებ საბჭოსთვის არავის მიუმართავს.

ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, როგორც ეკატერინე ტიფაია იხსენებს, ზუგდიდის გენდერულმა საბჭომ ერთადერთი საკითხი განიხილა, მხოლოდ მას შემდეგ, როცა საბჭოს განცხადებით მიმართეს არასამთავრობოებმა და ქალთა უფლებების დამცველებმა – ისინი აპროტესტებდნენ 8 მარტისთვის ზუგდიდის მერიის გადაწყვეტილებას, რომ ქალებისთვის „სადღესასწაულოდ“ ხორცსაკეპი მანქანები დაერიგებინათ.

„გენდერული თანასწორობის საბჭოები მხოლოდ სათაურებია”

გენდერული თანასწორობის საბჭო ყველა მუნიციპალიტეტშია. ასეთი საბჭოს შექმნას თვითმმართველობებს კანონი ავალდებულებს, რომლის მიხედვითაც, საბჭოს წევრები გენდერულად მგრძნობიარეები უნდა იყვნენ და მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქის საჭიროება თანაბრად გაითვალისწინონ.

სამოქალაქო უფლებების დამცველი, იურისტი ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველ ერთეულებში  გენდერული საბჭოების წევრთა ღირებულებები და წარმოდგენები სრულიად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. ეს განპირობებულია იმით, რომ თვითმმართველ ერთეულებში ამ საბჭოების დაკომპლექტებას ზედაპირულად უდგებიან.

„აბორტი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადასა და პირობებში ხელმისაწვდომი სერვისია და ქალის უფლებაა. ამ უფლების დამალვა ადამიანის უფლების დარღვევაა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც კარგად იციან ამ შესაძლებლობის, როგორც უფლების შესახებ, უბრალოდ უწყების წარმომადგენლები საკუთარ, კანონსაწინააღმდეგო მოსაზრებებს ავრცელებენ და ავიწყდებათ, რომ სახელმწიფო უწყებაში დასაქმებული კონსტიტუციით და ადამიანის უფლებებით ხელმძღვანელობს, თუ მათ კანონით და უფლებები არ მოსწონთ, უნდა დატოვონ სახელმწიფო უწყება”, – ამბობს ანა აბაშიძე.

ის მიიჩნევს, რომ არალოგიკურია გენდერულ საბჭოში იყვნენ წევრები, რომლებიც ქალის საერთაშორისოდ აღიარებულ უფლებებს ეწინააღმდეგებიან.

„ზოგადად უფლებები, რომელიც ექსკლუზიურად მხოლოდ ქალს მიემართება, ჩვენს ქვეყანაში მეათეხარისხოვანია, რასაც თავად ქალები განაპირობებენ ინერტულობით, უმოქმედობით და დომინაციაზე შეგუებით.

ეს საბჭოები სინამდვილეში მხოლოდ სათაურებია, მაშინ, როცა სწორედ გენდერული თანასწორობის საბჭოებით იწონებს ხშირად სახელმწიფო თავს ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციაში. თუ უწყება ზედაპირულად არსებობს და რეალურად ქალთა უფლებების საწინააღმდეგო ღირებულებების გამავრცელებელია, სჯობს საერთოდ არ გვქონდეს”, – ამბობს ანა აბაშიძე.

__________________

ამავე თემაზე: 

2 ქალი და 8 კაცი – როგორ მუშაობს გენდერული თანასწორობის საბჭო აჭარის უმაღლეს საბჭოში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: