მთავარი,სიახლეები

იეჰოვას მოწმეების შეუწყნარებლობის 20 შემთხვევა ერთ წელში

30.05.2020 • 2751
იეჰოვას მოწმეების შეუწყნარებლობის 20 შემთხვევა ერთ წელში

არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის ინფორმაციით, 2019 წელს იეჰოვას მოწმეების მიმართ, რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ჩადენილი 20 შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ამ თემის წარმომადგენელი „ბათუმელებთან“ ამბობს, აგრესია უმეტესად საჯარო სივრცეში ვლინდება და თემის წევრებს ქუჩაში მსახურების დროს უსწორდებიან.

მიხეილ ქოჩორაშვილი, იეჰოვას მოწმეების ადვოკატი ამბობს, რომ 2019 წლის განმავლობაში არაერთი საქმეა, რომელიც შეეხება იეჰოვას მოწმეების დევნას მათი რელიგიური მრწამსის გამო. როგორც ქოჩორაშვილი ამბობს, ამ საქმეებიდან ზოგიერთ ნაწილში დადგენილია კონკრეტული პირების ვინაობა, ზოგიერთი დასჯილია და არის შესაბამისი შედეგიც დამდგარი, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, როცა ვერ მოხერხდა დანაშაულის ჩამდენი კონკრეტული პირების დადგენა.

„არის ისეთი შემთხვევებიც, როცა დამნაშავე ცნობილია, თუმცა პროკურატურა დღემდე თავს იკავებს ამ საქმეების გამოძიებისგან“, – ამბობს მიხეილ ქოჩორაშვილი.

ერთ-ერთი ასეთი საქმე უკავშირდება ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობას, რომელიც თბილისში, ვაკის ტერიტორიაზე მოხდა. „ცნობილია, რომ იეჰოვას მოწმეები კარდაკარ ქადაგებენ, ერთ-ერთი ასეთი მსახურების დროს, კარზე დააკაკუნეს და შესთავაზეს მოსაწვევი ქალს, რომელიც იქ ცხოვრობდა.

ეს ქალი გაღიზიანდა, გადავიდა აგრესიაზე, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მრწამსის გამო და შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდა. მოსაწვევი დაკუჭა და უკან ესროლა, შემდეგ კი თმებში წვდა და ითრია ახალგაზრდა გოგო“, – ამბობს მიხეილ ქოჩორაშვილი.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ქუჩაში, საჯარო სივრცეში ხდებოდა და რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა ამ ინციდენტს. საქმეზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, როგორც ადვოკატი ამბობს, დღემდე არანაირი შედეგი არ არის დამდგარი. ქოჩორაშვილი ამბობს, რომ იეჰოვას მოწმეები დაზარალებულადაც არ სცნეს ამ საქმეში, რის გამოც მათთვის გამოძიების მასალები ხელმისაწვდომი არ არის.

„რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ჩვენთვის დღემდე უცნობია. გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ქალი, ვინც შეურაცხყოფა მიაყენა იეჰოვას მოწმეებს, ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატის ოჯახის წევრია და ამიტომ აჭიანურებს პროკურატურა გამოძიებას“, – ამბობს ქოჩორაშვილი.

კიდევ ერთი საქმე, სადაც დანაშაულის ჩამდენი ვერ დადგინდა, გასული წლის ივნისში მოხდა – მცხეთაში იეჰოვას მოწმეების დარბაზის გადაწვა სცადეს და ფანჯრებს ცეცხლი წაუკიდეს.

ქოჩორაშვილის თქმით, ვიდეოკამერებში დაფიქსირებულია ნიღბიანი კაცი, რომელმაც უცნობი ხსნარი მიასხა ფანჯრებს და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა. „ამ შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე, იგივე აღნაგობის, ჩაცმულობის პირი, ნიღბის გარეშე სხვებთან ერთად იმყოფებოდა ამ დარბაზთან  ღამით, რაღაცას ყვიროდა (ხმა არ არის ჩაწერილი) და შემდეგ შეურაცხყოფის მიზნით დარბაზის კარებთან მოშარდა. აქედან რამდენიმე საათში გაუკიდეს ცეცხლი“, – ამბობს ქოჩორაშვილი.

გამოკითხა თუ არა გამოძიებამ აღნიშნული პიროვნება ან რა ფაქტები დევს საქმეში, იეჰოვას მოწმეებს არც ამის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

20 შემთხვევიდან, რომელიც გასულ წელს იეჰოვას მოწმეების მიმართ ჩაიდინეს, უცნობმა თუ დადგენილმა პირებმა, უმეტესობა, ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობაა. არის იეჰოვას მოწმეების ქონების დაზიანების და რელიგიურ მსახურებაში ხელის შეშლის ფაქტები. 20-დან 13 შემთხვევაში არ დამდგარა სამართლებრივი შედეგი. „ეს, თავის მხრივ, დაზარალებულ პირს ართმევს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობისა და გამოძიების მონიტორინგის შესაძლებლობას“, – ამბობს EMC-ი თავის შეფასებაში.

ორგანიზაციის შეფასებით, თემის წევრების მიმართ გამოვლენილ შემთხვევებზე მიმდინარე სამართალწარმოების პროცესის ანალიზი აჩვენებს, რომ კონკრეტულ საქმეებზე სამართლებრივი შედეგის დადგომისა და ბრალდებულების მიმართ ლოალობის პრობლემა, წინა წლების შედეგების გათვალისწინებით კვლავ არსებობს.

„მხოლოდ 7 შემთხვევაში დადგა სამართლებრივი შედეგი და კონკრეტული პირების მიმართ განისაზღვრა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ზოგიერთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩატარებულია სრულყოფილი გამოძიება, მოპოვებულია მტკიცებულებები და დადგენილია დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირის ვინაობა, პროკურატურა დაუსაბუთებლად არ იწყებს სისხლისსამართლებრივ დევნას“, – ამბობს EMC-ი.

ორგანიზაცია ასევე საუბრობს იმაზე, რომ გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს არ აქვს პოზიტიური ურთიერთობის გამოცდილება იეჰოვას მოწმეებთან. „სამმართველოს ერთ-ერთ ფუნქციას პროკურატურის სისტემაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის მონიტორინგი წარმოადგენს. თუმცა, იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის შეფასებით, სამმართველო უმეტეს შემთხვევაში მათ მიმართვებსა და საჩივრებზე არ რეაგირებს და წარდგენილ საჩივრებს უმეტესად საქმის ზედამხედველ პროკურორს უბრუნებს. ეს, რა თქმა უნდა, სამართლებრივი რეაგირების გარეშე რჩება“, – ამბობს თავის შეფასებაში EMC-ი.

ორგანიზაციის შეფასებით, სწორედ პროკურატურის უმოქმედობის გამო არ ხერხდება საქმეზე სამართლებრივი შედეგის დადგომა.

 

მთავარი ფოტო: იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი/„ბათუმელების“ არქივი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: